"დასავლეთის თვითნგრევა... ხომ არ გახდება ისევ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი" - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

"დასავლეთის თვითნგრევა... ხომ არ გახდება ისევ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი" - რას წერს უცხოური მედია?

გერმანული გაზეთი "დი ველტი" (Die Welt) სტატიაში - "დასავლეთის თვითნგრევა" წერს: "დასავლელმა მემარცხენეებმა და პაციფისტებმა მიიღეს ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ - დასავლეთი ავღანეთიდან წავიდა, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? კატასტროფული მდგომარეობა ავღანელებისათვის, რაც ჩვენებურმა პაციფისტებმა, ვიწრო აზროვნების გამო, ვერ გაითვალისწინეს, - წერს გაზეთის მთ.რედაქტორი ულფ პოშარდტი.

"თალიბებს თან მოაქვთ შარიათი, ჰომოსექსუალისტების ხოცვა, მოღალატე ცოლების, დისიდენტებისა და ქრისტიანების ქვებით ჩაქოლვა. სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს... და ამ დროს დასავლელი ლიბერალები მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ (...) დასავლეთის თვითნგრევას, მის მშიშარა მოქმედებას და უგუნურ თვითდეკონსტრუქციას თავის ნაყოფი გამოაქვს. დასავლეთის იდეალებისადმი ნდობა მცირდება და, მასთან ერთად, ქრება უსაფრთხოების, განვითარებისა და განათლების იმედიც", - აღნიშნავს გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის მთავარი რედაქტორი. (წყარო)

----------

ფრანგული გაზეთი "ლე მონდი" (Le Monde) სარედაქციო სტატიაში სათაურით - "რთული კითხვები ორმაგი შეცდომის შემდეგ: როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია", იცავს ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ბოლომდე დაასრულოს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესი.

ფრანგი ჟურნალისტების აზრით, ავღანეთში აშშ-სა და ნატოს მიერ განხორციელებული ინტერვენცია თავიდანვე შეცდომას წარმოადგენდა - ამიტომ ჯიჰადისტები, უსამა ბენ ლადენის მეთაურობით, რომლის განადგურების მიზნითაც ეს ყველაფერი დაიწყო, ავღანეთიდან ნატოსა და აშშ-ის დარტყმებამდე, ჯერ კიდევ 2001 წლის ბოლოდან გაიქცნენ.

ჯო ბაიდენი, რომელმაც განკარგულება გასცა, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაეწყო, 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ორმაგი შეცდომა გამოასწორა. პირველი - დასავლეთს არ ჰქონდა ავღანეთში შესვლის ობიექტური მიზეზი 2002 წელს, როცა ანტითალიბანურმა კოალიციამ გაიმარჯვა: რა საჭიროა იმ ქვეყნის ოკუპირება, სადაც მოწინააღმდეგე უკვე აღარ არის? მეორე - თვითონ დასავლური ჯარების ყოფნა ქვეყანაში თალიბებისთვის ერთგვარი სტიმული გახდა იმისთვის, რომ ბრძოლა განეახლებინათ. ავღანეთში ისევ გაღვივდა სამოქალაქო ომის ხანძარი, რომელიც 2001 წლის ბოლოსათვის მინავლებული იყო", - ასე აქვს წარმოდგენილი სიტუაცია "ლე მონდის" რედაქციას.

ახლა პასუხგაუცემელი რჩება ორი მტკივნეული საკითხი: რა ბედი ეწევა იმ უამრავ ავღანელს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობდნენ და ხომ არ გახდება ისევ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი"? - წერს "ლე მონდი". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ