"ირაკლი, გამოგვიძახე ტაქსი" - აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან
მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "ირაკლი, გამოგვიძახე ტაქსი" გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კოვიდრეგულაციების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას და ტაქსზე გაზრდილ ტარიფებს გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, ტრანსპორტის შეზღუდვა კოვიდინფიცირების რიცხვის კლებას ვერ გამოიწვევს.
აქციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერადი ფურცლებით სახელები გააკრეს, იმის მანიშნებლად, რომ ადგილზე მოსვლა მათ მეგობრებსაც სურდათ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო ვერ შეძლეს. პარტიის წევრებს ხელში შემდეგი შინაარსის ბანერები ეჭირათ: ,,ტრანსპორტი ხალხისთვის!" ირაკლი, ტაქსი გამოგვიძახე!" და ა.შ.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა არის უდიდესი მავნებლობა, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო რამდენიმე დღის წინ. ჩვენი მეგობრები დღეს აქ ვერ იმყოფებიან იმიტომ, რომ არ მუშაობს არც ავტობუსი და არც მეტრო. უნდა მიაქციონ ყურადღება იმ რეგულაციებს, რომელიც ევროპაში არსებობს - ტრანსპორტი არის გაორმაგებული და მგზავრთა ნაკადი არის გაკონტროლებული. ეს დაგვეხმარება, რომ ყოველდღიურობა არ დავკარგოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდით.
დავწერეთ ჩვენი მეგობრების სახელები ფერად ფურცლებზე და გავაკარით, რათა საზოგადოებას ენახა, რომ მათ აქ მოსვლის სურვილი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს, აქ მოსვლას ვერ ახერხებენ. ვაპირებთ, რომ ჩვენი აქციები კიდევ გავაგრძელოთ, სანამ ჩვენი ხმა მათ ყურამდე არ მივა", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიხეილ ირემაძემ.
"ინტერპრესნიუსი"