"კორონავირუსით გარდაცვალების 58 შემთხვევა საგანგაშოა და მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა"
"ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით - კლინიკაში იმყოფება 7 ათას 300-ზე მეტი პაციენტი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდსტატისტიკა საგანგაშოა და პრევენციული ღონისძიების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
"58 გარდაცვალების შემთხვევაა, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ 26 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა და ბოლო 10 დღის საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 22-23 ათას შორის. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 ათას 700 საწოლამდე. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით. კლინიკაში იმყოფება 7 ათას 300-ზე მეტი პაციენტი. აქედან 350 პაციენტამდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში",- განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მკვეთრი ზრდა აღარ შეინიშნება.
"შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება საბედნიეროდ აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა",-განაცხადა გაბუნიამ.