"საქართველო ავღანეთს არ ესაზღვრება და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან" - კვირის პალიტრა

"საქართველო ავღანეთს არ ესაზღვრება და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან"

მას შემდეგ რაც 15 აგვისტოს "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, ქვეყნის დატოვების მიზნით ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს ათასობით ადამიანი მიაწყდა. მედიის ინფორმაციით, "თალიბანი" ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის. ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 - გერმანიამ, 209 - საფრანგეთმა, 500 - ესპანეთმა, 522- თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

როგორც სააგენტო Sky News-ი "თალიბანისა" და "ნატო"-ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, "თალიბანი" მოქალაქეებს აფრთხილებს და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ", - განაცხადა "თალიბანის" წარმომადგენელმა.

"აღმოჩნდა, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.

"დიდი ალბათობით, ავღანეთის მთელი ეს ქაოსი დასრულდება სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, "ავღანეთის ისლამური იმარატი" ერქმევა. ეს ნაღმი აუცილებლად იმუშავებს დასავლეთის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, უკვე ძალიან მალე აფეთქდება ცენტრალური აზია. "თალიბანის" მოძრაობის ვექტორი ასევე იქნება ანტირუსული და, ალბათ, ანტიჩინურიც და ეს რეალობა მსოფლიოს წინაშე მალე შეიქმნება.

ეს არის ტაქტიკური სურათი. სტრატეგიულ სურათში კიდევ ერთი პუნქტი შედის, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის გამოყენებას.

პოლიტიკური ისლამის მთავარი გზავნილი არის მთელ მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, თან იმ ტიპის წესრიგისა, რომელსაც თვითონ მისდევენ, ანუ რადიკალური ისლამის. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა მეზობელი მტერია, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან.

დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. აქ აუცილებლად გააქტიურდებიან პოლიტიკური ისლამის ის რგოლები, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე. მეორე გამოწვევად შეიძლება გვექცეს დევნილთა ნაკადი. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მესამე საფრთხე - ეს არის ნარკოტრაფიკი. ეს იქნება "თალიბანის" ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.", - აცხადებს მამუკა არეშიძე.