ავღანეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე "თალიბების" მიერ გახსნილი ცეცხლისა და ჭყლეტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე "თალიბებმა" მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, "თალიბმა" მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და "თალიბების" დროშებს ხევდნენ.
Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლნენ, თუ სროლის შედეგად შექმნილ ჭყლეტას.
ავღანეთი დღეს, 19 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რაც დაკავშირებულია 1919 წელს ქვეყანაში ბრიტანეთის მმართველობის დასრულებასთან.