5 პირი, რომელიც "თალიბანს" მართავს - რა არის ცნობილი მათ შესახებ - კვირის პალიტრა

5 პირი, რომელიც "თალიბანს" მართავს - რა არის ცნობილი მათ შესახებ

მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი იყო, როცა 15 აგვისტოს ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთი თითქმის სრულიად დაიმორჩილეს და ქვეყნის დედაქალაქი ქაბულიც დაიკავეს. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება ახალდამორჩილებული ავღანეთის ხელმძღვანელი, თუმცა შესაძლოა, ქვეყნის მეთაური "თალიბების" მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიდან დაასახელონ. გთავაზობთ ხუთეულს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება "თალიბანში" ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებს:

1. ჰაიბათულა აჰუნძადა

მოლა ომარისა და აჰტარ მანსურის შემდეგ, რომლებიც 2013 და 2016 წელს გარდაიცვალნენ, ჰაიბათულა "თალიბების" ყველაზე გავლენიან უფროსად მიიჩნევა. თანამდებობა 2016 წელს დაიკავა და დაჯგუფების წევრები მას უფრო ღვთისმეტყველად მიიჩნევენ, ვიდრე მეომარ ადამიანად.

აჰუნძადა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1961 წელს ყანდაღარის სამხრეთ პროვინციაში დაიბადა. როგორც ამბობენ, მამამისი სოფლის იმამი იყო. ცნობილია, რომ "თალიბების" მომავალი ლიდერი 1980-იან წლებში, საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას, დაჯგუფებას შეუერთდა, თუმცა უშუალოდ შეტაკებებში არ მონაწილეობდა. შემდეგ იგი ოჯახთან ერთად პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა მედრესეში დაიწყო.

1994 წელს ის დაჯგუფება "თალიბანს" შეუერთდა, რომელიც თავდაპირველად მოლა ომარმა და მისმა თანამოაზრეებმა პაკისტანში რამდენიმე თვით ადრე დააარსეს. დაჯგუფებაში იმ პერიოდში, რელიგიური სკოლების რადიკალურად განწყობილი სტუდენტები იყვნენ გაერთიანებული.

1996-2001 წლებში, "თალიბების" მმართველობისას, იგი შარიათის სასამართლოს ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში "თალიბებმა" აკრძალეს ტელევიზია, კინო, მუსიკა, კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, სპორტი, 10 წელზე დიდ გოგონებს კი სკოლაში სიარულიც აეკრძალათ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ხალხის ქვებით ჩაქოლვა, ხელის მოკვეთა და სახალხოდ გაშოლტვაც.

პირადად აჰუნძადას რა განაჩენი გამოჰქონდა, ეს აქამდე უცნობია. ის თალიბებს შორის მკაცრ კონსერვატორად მიიჩნევა, არასდროს ჩნდება პუბლიკის წინაშე და არ აკეთებს განცხადებებს.

2. აბდულ განი ბარადარი

ის პოლიტიკურ საკითხებში აჰუნძადას მოადგილეა. მთავარ დიპლომატად და საზოგადოების წინაშე "თალიბების" წარმომადგენლად მიიჩნევა. ბარადარი "თალიბანის" ერთ-ერთი დამაარსებელია.

სწორედ მან გააკეთა ოფიციალური განცხადება "თალიბების" გამარჯვებასთან დაკავშირებით, როცა ისინი ქაბულში შეიჭრნენ.

როგორც ცნობილია, ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, სწორედ მაშინ გაიცნო მოლა ომარი და მის დაზე იქორწინა. საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ყანდაღარში მედრესე დააარსა. "თალიბების" პირველი მმართველობისას, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როგორც ცნობილია, ბარადარი აქამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბრძოლო მოქმედებებისა და ტერაქტების დაგეგმვისას და დაფინანსებისას. 2010 წელს ის ამერიკისა და პაკისტანის საერთო სპეცოპერაციისას დააკავეს და სასჯელს 8 წლის განმავლობაში პაკისტანის ციხეში იხდიდა, თუმცა შემდეგ დაწყებული სამშვიდობო პროცესებისას გაათავისუფლეს.

2019 წლის იანვრის შემდეგ ბარადარი კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა და "თალიბების" დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 2020 წლის 29 თებერვალს სწორედ მან მოაწერა ხელი შეთანხმებას მაიკ პომპეოსთან ერთად. სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და შეხვდა ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათ შორის - სერგეი ლავროვს. ბარადარს ახასიათებენ, როგორც ამბიციურ და, ამავე დროს, მშვიდ დიპლომატს.

3. მუჰამედ იაკუბი

აჰუნძადას მოადგილე სამხედრო საკითხებში მუჰამედ იაკუბი გახლავთ. ის გარდაცვლილი მოლა ომარის ვაჟია და, დაახლოებით, 30 წლისაა.

2016 წელს, როცა ამერიკელების იერიშისას აჰტარ მანსური მოკლეს, სწორედ ის განიხილებოდა "თალიბანის" ახალ ლიდერად, თუმცა დაჯგუფების წევრებმა იაკუბი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ კადრად მიიჩნიეს.

4. სირაჯუდინ ჰაკანი

მამის, ჯალალედინ ჰაკანის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1980-იან წლებში მოჯაჰედების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი იყო, სირაჯუდან ჰაკანი დაჯგუფება "ჰაკანის ქსელის" ლიდერი გახდა და ასე შეუერთდა "თალიბანს".

როგორც ცნობილია, "თალიბების" შემადგენლობაში "ჰაკანის ქსელი" ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ორგანიზებული დანაყოფია. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი გახმაურებულ თავდასხმებზე ავღანური არმიისა და საერთაშორისო კოალიციის ძალების წინააღმდეგ. მათ მოაწყვეს ტერაქტი ავღანეთის სასტუმროსა და ინდოეთის საელჩოში, ასევე, თავს დაესხნენ ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარს.

სირაჯუდან ჰაკანი 45 წლისაა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

5. აბდულ ჰაკიმი

აბდულ ჰაკიმი დაჯგუფების წევრებში ღვთისმეტყველ ადამიანად და აჰუნძადას ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. როგორც აჰუნძადა, არც ის ყოფილა საბრძოლო შეტაკებების ხელმძღვანელი. უცხოელი ექსპერტების აზრით, შესაძლოა, ახალ ავღანეთში სწორედ მან უხელმძღვანელოს შარიათის სასამართლოს.

აბდულ ჰაკიმი 2020 წლის სექტემბრიდან დოჰაში "თალიბების" დელეგაციას ხელმძღვანელობდა. აქამდე ის კვეტაში ცხოვრობდა, რომელიც ამ დრომდე ითვლება "თალიბების" დედაქალაქად. კვეტა პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. აბდულ ჰაკიმი კვეტაში მედრესესა და რელიგიურ მოღვაწეებს ხელმძღვანელობდა. (წყარო)