დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს - კვირის პალიტრა

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს

თბილისში, ბელიაშვილის გამზირზე "თბილსერვისის" ოფისთან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კვლავ შეიკრიბნენ და მათი მთავარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ხელფასის გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ფორმებს, ასევე გამართულ ტექნიკას ითხოვენ.

ისინი ადმინისტრაციას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადას 21 აგვისტომდე აძლევენ.

"ჯერ ის ვადა არ დასრულებულა, რა ვადაშიც პასუხი უნდა გაგვცეს ადმინისტრაციამ და მერიამ, თუ რა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ველოდებით, ყოველდღე გვაქვს კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან. რიგ საკითხებზე ვჯერდებით, რიგ საკითხებზე კი მიმდინარეობს მსჯელობა", - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ ქართველიშვილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და დამოუკიდებლად მოქმედებენ.

კითხვაზე თუ რატომ ემიჯნებიან, ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს გამოცდილება.

"ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან ლიდერი დაგვჭირდება, ხალხია ჩემს უკან, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. თუ მსგავსი ფაქტი იქნება, შეგატყობინებთ",- აღნიშნავს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.