მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა: "ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე - მინდა ზვიადაურების ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები იქაც რა ხდება"
წინანდალში მომხდარი ფაქტისას მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამის განცხადებით, მის შვილს ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ოჯახთან არანაირი ბიზნეს წილი არ აკავშირებდა.
როგორც მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა, მისმა შვილმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა.
მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაურს მისი დაჭრილი შვილი კლინიკაში არ გადაუყვანია და ის ძმებმა გაგა და გოგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს.
"მე როგორც ვიცი, ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი, რატომ მოზილეთ ამაზე, ჩვენიაო და ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. იქ ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის წარმომადგენელი ვატო. ვატო იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. შემდეგ ჩაერთო ნიკა ამ პროცესში. ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე. ეს არ უნდა მომხდარიყო! სანამ დაიწყებოდა სროლა, ზვიადაური იქ იყო თავიდანვე.
ჩემი შვილი იყო თავიდანვე მშრომელი, პატიოსანი, ვაჟკაცი ადამიანი. ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში. შრომობდა ფიზიკურად. ხმებია, რომ რაღაც ბიზნეს წილი, რის ბიზნეს წილი. მე ზვიადაურით ამდენი ხანი ვამაყობდი. მე არ ვიცი, ისიც მოიქცა ალბათ ისე როგორც ჩათვალა საჭიროდ. მაგრამ მას შეეძლო უფრო მეტი გაკეთებინა თავიდანვე. მინდა იმ ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები იქაც რა ხდება. ის, რომ ზვიადაურმა მიიყვანა საავადმყოფოში, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ გოგა და გაგა კენჭოშვილებმა, რომლებიც ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან, იმათ მიიყვანეს", - განაცხადა მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.