კავკასიის რეგიონში პირველი ციფრული მულტიპროფილური ლაბორატორია "მეგალაბის" უნიკალური სერვისები და შეთავაზებები - კვირის პალიტრა

კავკასიის რეგიონში პირველი ციფრული მულტიპროფილური ლაბორატორია "მეგალაბის" უნიკალური სერვისები და შეთავაზებები

ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, კლინიკური, მოლეკულური, ციტოგენეტიკური, მიკრობიოლოგიური და პათომორფოლოგიური (ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ჰისტოქიმიური, მოლეკულური, ციფრული) ანალიზები ერთ სივრცეში - ეს "მეგალაბია", კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია.

ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს აშშ-ში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს.

"მეგალაბი" თბილისის ცენტრალური ფილიალის პარალელურად წარმოდგენილია ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანის სეზონური ფილიალებით.

ლაბორატორია თანამშრომლობს 100-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან საქართველოს მასშტაბით. "მეგალაბში" 24 საათის განმავლობაში კეთდება 10 000-მდე ანალიზი.

თითოეული კვლევის ჩატარების პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც ზუსტი და სწრაფი პასუხის გარანტიაა.

ლაბორატორიის საქმიანობაზე უფრო დეტალურად მისი სამედიცინო დირექტორი ნინო ღულათავა გვესაუბრება:

- "მეგალაბი" რეგიონში ერთადერთი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში.

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. მუდმივად მიმდინარეობს რეფრეშ- და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ტრენინგები.

"მეგალაბი" ერთადერთი ლაბორატორიაა რეგიონში, რომელიც ჟჩI სტანდარტს აკმაყოფილებს. სრულდება ყოველდღიური კალიბრაცია თითოეული ტესტის, პერმანენტული (დღეში ორჯერ) სამეინთენანსო პროცედურები. მკაცრი შიდა ხარისხის კონტროლის (ხარისხის კონტროლის 10 ვესტგარდის წესი) სისტემა სამი დონის საკონტროლო მასალებით, რომელიც სრულდება 12 საათში ერთხელ, და უზრუნველყოფს შედეგების მაღალ სიზუსტეს. ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის ექვს სხვადასხვა სისტემაში.

მხოლოდ "მეგალაბშია" წარმოდგენილი ავტომატური ლაბორატორიული ხაზი. ეს გულისხმობს, რომ ლაბორატორიაში შემოსული ყველა მასალა ავტომატური ხაზის მეშვეობით მიეწოდება ავტომატურ ანალიზატორებს. ანალიზატორმა იცის, რა კვლევა უნდა ჩატარდეს და შედეგებიც ავტომატურად გადადის ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში.

- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლაბორატორიაში თითოეული პროცესი ავტომატიზებული იყოს? - ავტომატიზებულ პროცესში ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და სიზუსტეა. სრულად ავტომატიზებულ პროცესში სტანდარტები მაქსიმალურადაა დაცული.

- "მეგალაბი" ძლიერია მიკრობიოლოგიურ მიმართულებაში, რადგან ფლობს ავტომატურ მასსპექტომეტრ "მალდიტოფს". რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს აპარატი? - ავტომატური მასსპექტომეტრი "მალდიტოფი" გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ მიკროორგანიზმების იდენტიფიკაცია (ამოცნობა/დადგენა) 24 საათის განმავლობაში, როცა კლასიკური მიკრობიოლოგიური კვლევის შესრულების დრო 72 საათია. მიკროორგანიზმების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ჩაშლილია არა მარტო ოჯახისა და სახეობების, არამედ ქვესახეობის მიხედვითაც.

მომდევნო 20 საათის განმავლობაში სრულდება ანტიბიოტიკოგრამა (მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ) გამოვლენილი მიკროორგანიზმის მიმართ.

"მალდიტოფი" გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ დროულად ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა ანტიბიოტიკოგრამის დამთავრებამდე.

მიღებული დროული ინფორმაცია ექიმს ეხმარება ოპერატიულად დანიშნოს ეფექტური ანტიბიოტიკი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის დონით.

"მალდიტოფის" ბიბლიოთეკა მოიცავს 10 000-ზე მეტ მიკროორგანიზმს, რაც აერთიანებს გრამ (უარყოფით) ბაქტერიებს, გრამ (დადებით) ბაქტერიებსა და სოკოებს. ეს ბაზა ყოველ წელს ახლდება და შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა მიკროორგანიზმების უფრო მეტი სახეობა დავადგინოთ.

აღნიშნული აპარატით სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა პოზიტიური შედეგის დროს 24 საათში კეთდება, რასაც მანუალური მეთოდით 10 დღე სჭირდება.

"მალდიტოფი" 15 წუთში ახდენს მიკროორგანიზმის იდენტიფიცირებას და ერთდროულად 96 ნიმუშზე მუშაობის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს მიკრობიოლოგიური კვლევების ღირებულებას, რაც ამ დროისათვის საკმაოდ ძვირად ღირებულ კვლევებად ითვლება.

- მიკრობიოლოგიური კვლევის 72-დან 24 საათამდე შემცირება რა ტიპის პაციენტებისთვის და რატომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი? - აღნიშნული კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის დროს. ხშირად არიან კრიტიკული პაციენტები, ვისთვისაც ანტიბიოტიკით მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი შეიძლება ექიმის დანიშნული კლასიკური ანტიბიოტიკოთერაპია მისთვის სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს. კვლევის შედეგების სწრაფი ხელმისაწვდომობა არა მარტო პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, არამედ ეხმარება სამედიცინო სექტორსაც.

"მეგალაბდრაივი"

"მეგალაბი" მუდმივად ზრუნავს სერვისების გაუმჯობესებაზე. ასეთი ერთ-ერთი პოპულარული პროექტია "მეგალაბდრაივი", რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს ავტომობილიდან გადმოუსვლელად ჩაიტარონ ნებისმიერი კვლევა, რომელიც სისხლის ან ნაცხის აღებით კეთდება.

- მაღალი ხარისხის კვლევების პარალელურად, "მეგალაბი" რეზიდენტურის პროგრამითაა ცნობილი. მოგვიყევით ამ პროგრამის შესახებ... - ჩვენი რეზიდენტურის 2-წლიანი პროგრამა უფასოა. სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალება თეორიულ კურსთან ერთად განივითარონ ავტომატურ ანალიზატორებთან მუშაობის, ახალი ტექნოლოგიების შესწავლის და ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ჩვენ ვზრდით ლაბორატორიის სრულფასოვან ექიმს, რომელიც სხვა ექიმებთან ერთად მსჯელობს პაციენტის მდგომარეობაზე, მონაწილეობს დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის კურსის განსაზღვრაში.

- "მეგალაბი" სხვადასხვა სახის სამეცნიერო კვლევაშია ჩართული და იმავდროულად, საკუთარი საგრანტო პროგრამაც აქვს. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით საქმიანობა? - პანდემიის პერიოდში, როგორც არასდროს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს ჰქონდა და აქვს უმნიშვნელოვანესი როლი პაციენტის დიაგნოზის დასმის, დროულად და ეფექტურად მკურნალობის დანიშვნაში. იმავდროულად, "კოვიდ-19"-ის პანდემიამ გამოავლინა, რომ სამეცნიერო კვლევების როლი უდიდესია.

"მეგალაბი" აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით. ლაბორატორიაში შექმნილია სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა კვლევით პროექტშია ჩართული. გარდა ამისა, საინტერესო კვლევების ჩასატარებლად გრანტებსაც გავცემთ. PHD სტუდენტებს ვეხმარებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაში. ვცდილობთ საქართველოში ლაბორატორიული კვლევების მიმართულებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და ადგილობრივად განვავითაროთ ის შესაძლებლობები, რომლებიც წლების წინ არ იყო ხელმისაწვდომი და სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნა ხდებოდა საჭირო. დღეს ამ შესაძლებლობებს ჩვენ ვქმნით და ახალგაზრდებს მათზე ხელმისაწვდომობას ვაძლევთ.

მალე დაიწყებს მუშაობას ჩვენი ტრენინგცენტრი, რომელიც ლაბორატორიული მედიცინით დაინტერესებულ პირებს განათლების მიღების ან გადამზადების შესაძლებლობას მისცემს.