"შთაბეჭდილება მრჩება, რომ პარტიების ნაწილი 3 ოქტომბერს ელოდება იმისთვის, რომ პირდაპირ პროტესტის გამოხატვა დაიწყოს" - კვირის პალიტრა

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ პარტიების ნაწილი 3 ოქტომბერს ელოდება იმისთვის, რომ პირდაპირ პროტესტის გამოხატვა დაიწყოს"

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ ცალკეული ოპოზიციური პარტიები შესაძლოა იმიტომ არ აქტიურობენ და არ ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს, რომ სათანადო კანდიდატები არ ჰყავთ, ან ეს გადაწყვეტილება მათი ტაქტიკის ნაწილია.

როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც, რომ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ორგანიზებულად იმოქმედონ თუ დამოუკიდებლად.

"ეს ბევრ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს, მათ შორის იმაზე, რომ სათანადო კანდიდატები არ ჰყავთ. შეიძლება ტაქტიკური პაუზაა იმისთვის, რომ დაინახონ ჯერ კონკურენტები ვინ არიან. შეიძლება იმის გამოა, რომ ადამიანების რესურსი იწურება. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს ძალიან ბევრი კანდიდატის წარდგენა სჭირდება, ამდენი ადამიანის პოვნა ელემენტარულად ჭირს. გამოდის, რომ ნახევარი საქართველო პოლიტიკოსი ყოფილა. ამიტომ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ზოგ შემთხვევაში ტაქტიკური, ზოგ შემთხვევაში კი, რესურსების ნაკლებობა. ოპოზიციურ ძალებს ძალიან გაეწელათ კანდიდატების წარდგენა და აქტივობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს ვერ პოულობენ ან ტაქტიკური სვლებია, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზებულად ვერ ჩამოყალიბებულან, ერთად იყვნენ თუ ცალ-ცალკე, რა ტიპის გაერთიანება ჰქონდეთ, ამან ძალიან ბევრი დრო წაიღო",-განაცხადა არეშიძემ.

მისი შეფასებით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ჯერჯერობით მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს, თუმცა მოუწევს, თბილისშიც იაქტიუროს.

"გიორგი გახარია აქცენტს რეგიონებზე აკეთებს და არ ცდილობს აქტიური იყოს თბილისის სივრცეში, თუმცა მოუწევს, იმიტომ, რომ დედაქალაქი გადამწყვეტი მაჩვენებელია იმის, თუ რა შეგიძლია პოლიტიკური თვალსაზრისით გააკეთო",-განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისის მოქმედ მერს და მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს სხვებთან შედარებით ბევრად უფრო მეტი რეიტინგი აქვს.

"კახა კალაძეს რეიტინგის გარდა, უფრო მეტი საშუალება გააჩნია, ვიდრე სხვა დანარჩენ კანდიდატს ყველას ერთად. ვგულისხმობ გამოცდილებას, განვლილ გზას და გარდა ამისა, გაკეთებულ საქმეებს",-განაცხადა არეშიძემ.

მისი განმარტებით, პარტიების ნაწილი არა არჩევნების შედეგებს, არამედ საპროტესტო ტალღის დაწყებას ელოდება. "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პარტიების ნაწილი 2 ოქტომბერს კი არა, 3 ოქტომბერს ელოდება იმისთვის, რომ პირდაპირ პროტესტის გამოხატვა დაიწყოს სხვადასხვა მოტივით, რომ ან არჩევნები გაუყალბეს ან არასწორად ჩატარდა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პრაქტიკულად ასეთი არაორგანიზებული მუშაობა ნაკლებად მახსოვს. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ მმართველ ძალას დიდი უპირატესობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მისი ზოგიერთი კანდიდატი ძალიან მოსაწონი არ არის. "ქართული ოცნების" უპირატესობა დიდია, განსაკუთრებით თბილისში",-განაცხადა არეშიძემ.

მისი ვარაუდით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა საპროტესტო აქციებს აუცილებად დაიწყებს.

"საპროტესტო აქციები აუცილებლად დაიწყება. არა მხოლოდ ასეთი შთაბედილება მრჩება, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ვიცი, რომ ისინი მთავარ აქცენტს აკეთებენ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ყველას არ ვგულისხმობ რასაკვირვებელია, მხოლოდ რადიკალურ ფრთას",-აცხადებს არეშიძე.