"მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას" - კვირის პალიტრა

"მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უკვე შესყიდულია მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატები და დამატებით მათ შეძენას კლინიკებიც გეგმავენ.

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა. იგულისხმება ჟანგბადის დამხმარე თერაპია - მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას",- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება კორონავირუსით გარდაცვალების გაზრდილი სტატისტიკა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ვირუსის მაღალ გავრცელებასთანაა კავშირში.

"გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას. კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავლი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება. ამას აკეთებს როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე კლინიკური ჯგუფი.

ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ ყოფილა. თუმცა მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა. იგულისხმება ჟანგბადის დამხმარე თერაპია - მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას",- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 4743 შემთხვევა გამოვლინდა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შეზღუდვების აღსრულებაა მთავარი, რაც ჯერჯერობით არის დაწესებული.

"ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია", - აცხადებს გაბუნია.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სოფელ ხურვალეთის თავშესაფრის მცხოვრებლების აცრა ხვალისთვის არის დაგეგმილი. რაც შეეხება დანარჩენ თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებს, როგორც გაბუნიამ განმარტა, აქაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი სრულად ამოწურული იქნება.

"თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დაახლოებით, 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარების და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც თანხმობა განაცხადა აცრაზე. თავშესაფრებში მობილური ბრიგადა რეანომობილის თანხლებით გადის, იმისათვის, რომ აცრა უსაფრთხოდ ჩატარდეს. მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფის დაახლოებით, 50% უკვე აცრილია, ასამდე პირი არის აცრილი. მაგალითად, ხურვალეთში ხვალისთვის არის დაგეგმილი აცრები. სხვა დანარჩენ ყველა თავშესაფარში და ხანდაზმულთა სახლებში, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში, დაახლოებით 10 ამგვარი ადგილია იდენტიფიცირებული, თითო დღე სჭირდება თითო დაწესებულების მოცვას და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს პროცესი სრულად ამოწურული იქნება", - აცხადებს თამარ გაბუნია.