"ორპოლუსიანობა დაირღვა გახარიას გამო და გახარია არის ამ არჩევნების ძირითადი ინსტურმენტი"
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პასიურობა როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებზეა დამოკიდებული, მათ შორის, მცირე პარტიებში ფინანსური და ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მცირე პარტიებს აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით, ხვდებიან და ამის გამო დემორალიზირებულებიც არიან.
"პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიებში პასიურობის მიზეზები ალბათ ბევრია, მათ შორის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ხასიათის. ობიექტურ მიზეზებად შეიძლება დასახელდეს პანდემიის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება, მეორე - ეს არის რესურსების ნაკლებობა, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური. სუბიექტური არის - გახარიას ეს არ ეხება, სხვა პარტიებზე ვიტყვი, მათ აქვთ პრეტენზიები ამომრჩევლის ისეთ სეგმენტზე, რომელთანაც გასასვლელს ვერ პოულობენ, ზაფხულია, ზაფხულში დასვენებას არიან მიჩვეულები. ამასთან, გარკვეულწილად, მათ, მცირე პარტიებს აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით, ხვდებიან და ამის გამო დემორალიზირებულებიც არიან", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები გარკვეულწილად, მაინც განსხვავებული იქნება წინა არჩევნებისგან, როცა ლაგდებოდა ორპოლუსიანობა და ამომრჩეველი ნეგატიური არჩევანის წინაშე დგებოდა, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის.
"ეს ორპოლუსიანობა დაირღვა გახარიას გამო და გახარია არის ამ არჩევნების ძირითადი ინსტურმენტი, იმის, რომ ეს დაწესებული ბარიერის გადალახვა ხელისუფლების მხრიდან ეჭქვეშ დადგეს. მაინც სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი უნდა განვიხილოთ, რომლებიც გაათამაშებენ ამ არჩევნებს, ორი ტრადიციული და ერთი ახალი.
რაც შეეხება მცირე პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პრობლემები აქვთ, ისინი მაინც წაციცქნიან თავისას, ასე რომ 43%-იანი ბარიერის თემა დღესაც ბუნდოვანია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება სექტემბერში. ამომრჩევლის უმრავლესობა დღესაც არაა ჩამოყალიბებული. უმრავლესობაში გვყავს ამომრჩეველი, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც წარსული უნდა "ნაციონალური მოძრაობის" სახით. თუ ჩამოყალიბდა ისეთი შევათაზება, რომელიც მომავლის არჩევანს მისცემს, შეიძლება სერიოზული სიურპრიზები ვიხილოთ. ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის დაბალი, 30%-ს ქვემოთაა ჩამოსული და მათი შანსი არის ისევ და ისევ ნეგატიური არჩევანი ანუ ამომრჩევლის ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ფორმირება, აქეთ მიდიან, ისევ მიხეილ სააკაშვილის სახელის ირგვლივ ტრიალებენ.
პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, სახელმწიფოებრივ პრობლემებს ვერ წყვეტენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ.
გახარიას პარტია ყველაზე ბოლოს შექმნილი პარტია, ისინი კარგად მუშაობენ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ ექნებათ ლოკალური წარმატებები. ვერ ვიტყვი, რომ ნაციონალური მასშტაბით ყველგან წარმატებულები იქნებიან, მაგრამ მათ ექნებათ ისეთი ლოკალური რეგიონები, სადაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. რაც შეეხება ჯამურ, პროპორციულ შედეგს, კარგი უნდა ჰქონდეს. ეს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი გატეხვა. თუ გახარიამ ამ შემოტევებს გაუძლო, ჩვენ მისგან მნიშვნელოვან შედეგს უნდა ველოდოთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.