"გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი!"
გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი!
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავარი სლოგანი უნდა იყოს - "წადი და აიცერი".
ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული და არსებობს მოლოდინი, რომ აგვისტოში 600 ათასი აცრა ჩატარდება.
"აგვისტოში საშუალოდ აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი გვაქვს 21 655, ბოლო ერთი კვირაა 23 761-ია. სამჯერ მატებაა ივლისთან შედარებით, მაგრამ საკმარისი არაა. სასურველია, ავიდეთ დაახლოებით მუდმივად 25-30 ათასის ფარგლებში. თუ მეტს გავაკეთებთ, კიდევ უკეთესი იქნება. ორ მთავარ ღეძზე გადის პანდემიის შეჩერება - რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია.
დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული. აქედან სულ მცირე ერთი აცრით 640 703 ადამიანია აცრილი. ორჯერადი აცრა ჩატარებული აქვს 266 962 პირს. აგვისტოში ველოდებით, რომ აცრების რაოდენობა გვექნება 600 ათასის ფარგლებში, რაც ცუდი არ არის, მაგრამ არ არის ძალიან კარგი. გვინდა, რომ იყოს 800-900 ათასი და სექტემბერში ამ მაჩვენებელზე უნდა ავიდეთ, კიდევ უკეთესი იქნება, თუ მილიონ აცრაზე ავალთ და მაშინ ვიტყვით, რომ სერიოზულად გავტეხეთ ეპიდემია ხერხემალში.
18 წლის ზემოთ ერთჯერადი აცრით მოცვა 22.4%-ია, ორჯერადი აცრით გვაქვს 9.3%. ამიტომ ამ მხრივაც არის წინ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი! აცრა გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. 1000 ჩატარებული აცრა სულ მცირე 1 გადარჩენილი სიცოცხლეა. აცრის გარეშე პანდემია ვერ გაჩერდება. ამას ბუნებრივი განვითარება აქვს და შეიძლება შემცირდეს მაჩვენებლები, მაგრამ იმ მაჩვენებლამდე არ ჩამოვა, რომელიც ჩვენ გვინდა",- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% თუ იქნება აცრილი, შესაძლებელია, დასწრებული სწავლება დაიწყოს.
თუმცა, როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემა გაუჭირდება.
"ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე",- განაცხადა გამყრელიძემ.
"ვინც ამ საკითხს აყენებს, კარგად ნახოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შესაბამისი მუხლი, რომ პანდემიების დროს დაშვებულია, მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება, რათა ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები დაიცვან - ეს არც დისკრიმინაციაა და არც ადამიანების უფლებების დარღვევა",- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან ადამიანებს აცრის გარეშე შესაძლოა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პანდემიას მხოლოდ რეგულაციების დაცვა დაამარცხებს, რაც "კიდევ წელიწადი ან წელიწადნახევარი და მეტი ხნის განვალობაში იქნება საჭირო".
"გვაბრალებენ, რომ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ, როდესაც ასეთ მოწოდებებს ვაკეთებთ. ამბობენ, რომ ეს დისკრიმინაციაა. ეს არც დისკრიმინაციაა და არც ადამიანების უფლებების დარღვევა. მსოფლიოში პანდემიაა, ჩვენთან - ეპიდემია. ეს არაა ის ეპიდემია, რომელიც ხშირად გვინახავს, ესაა ეპიდემია, რომელიც 100 წელიწადში ერთხელაა და რომელმაც უკვე შეიწირა მსოფლიოში 4.5 მლნ, ხოლო საქართველოში 6 649 ადამიანის სიცოცხლე. პატარა საქართველოსთვის, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 45 ათასი ადამიანი კვდება, ერთი დაავადებით ერთ წელში 6 649 ადამიანის სიკვდილი არის ძალიან დიდი ტრაგედია, ამიტომ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ავიცრათ, ვინც ამ საკითხს აყენებს, კარგად ნახოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შესაბამისი მუხლი, რომ პანდემიების დროს დაშვებულია, რომ ზოგიერთი ჩარევა იყოს სწორედ იმ ტიპის, რასაც ვამბობთ ანუ მოხდეს პიდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება იმაზე, რომ ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები დაიცვან, აცრა წარმოადგენს ყველაზე უფრო ქმედით პრევენციულ ღონისძიებას. აცრა რომ არ ჩაეტარებინათ, ყვავილი ისევ იქნებოდა, წითელა ისევ მოკლავდა წელიწადში 2 მლნ ბავშვს, ცოფიანი ცხოველით დაკბენილი ყველა ადამიანი მოკვდებოდა. ადამიანს ძაღლი რომ დაკბენს, ხომ მიდის და იცრება, იცის, რომ ცოფს მედიცინა ვერ შველის, ასევეა აქაც - უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ სამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთული სათქმელია. ამას ამარცხებს მხოლოდ რეგულაციების დაცვა, რომელიც კიდევ დაგვჭირდება წელიწადი ან წელიწადნახევარი და მეტი",- განაცხადა გამყრელიძემ