ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - კვირის პალიტრა

ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულების, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც საჩივრით ითხოვენ, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ გაიზრდება თავდებ პირთა წრე.

"ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შესახებ განჩინებას ვასაჩივრებთ. ჩვენი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ვითხოვთ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ. თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ თავდებ პირთა წრე კიდევ გაიზრდება და სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოს, რადგან ისეთი პირები ჩაერთვებიან თავდებობაში, მათ უფლება არ ექნებათ უარი თქვან. აღსანიშნავია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ განჩინებაში ისეთი რამ მიუთითა, რომელიც ფაქტობრივად, დაუსაბუთებელია - თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ უნდა შეძლონ მათ თავდებობის განხორციელებაო, ამას წერს მოსამართლე, როდესაც თავდები პირები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ჩემთან სახლში იცხოვრებს და მის ქცევას გავაკონტროლებო. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ამბობს, რომ ვერ დამისაბუთეს, როგორ უნდა მოხდეს პირადი თავდებობაო", -აცხადებს ტარიელ მურმანიშვილი.

როგორც ადვოკატმა განმარტა, როგორც კი მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევა, სასამართლო მას 72 სათში განიხილავს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ ზეპირი მოსმენა ჩაინიშნება და დაცვის სრულად განხორციელების საშუალება ექნებათ.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა .ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.