"რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც განახორციელოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, კონტრაქტების მოცულობა და პირობები კი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საჭიროებებზე"
რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც განახორციელოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, კონტრაქტების მოცულობა და პირობები კი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საჭიროებებზე , - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთისა და გერმანიის ლიდერების კრემლში პირისპირ შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას პუტინმა კონსტრუქციული უწოდა.
"რა თქმა უნდა, ჩვენი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა, მაგრამ ჩვენს შორის დიალოგი იყო ღია, თავშეკავებული, მიმართული კომპრომისებისკენ და ყველაზე რთული საკითხების გადაჭრისკენ", - განაცხადა პუტინმა.
მხარეებმა განიხილეს აქტუალური თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ავღანეთის საკითხი, ალექსეი ნავალნის საქმე, გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", უკრაინის თემა და სხვა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რუსეთი ყველა მის ვალდებულებას შეასრულებს უკრაინასთან გაზის ტრანზიტის კონტრაქტის თანახმად.
რაც შეეხება დონბასის კონფლიქტს, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დონბასში მშვიდობის მიღწევის სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს, გარდა ნორმანდიული ოთხეულის ფორმატისა. მერკელის აზრით კი, ნორმანდიული ფორმატის მუშაობაში დონბასში სიტუაციის გადაწყვეტის მხრივ გარკვეული სტაგნაციაა და აუცილებელია მას მეტი სიცოცხლე მიეცეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მერკელს სთხოვა 22 აგვისტოს კიევში ვიზიტისას გავლენა მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლებაზე, რათა მათ დონბასის საკითხში ყველა ვალდებულება შეასრულონ.
"არ შეიძლება არ გვაწუხებდეს ის ფაქტი, რომ უკრაინამ მიიღო არაერთი კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პრინციპში, გადაწყვიტა უარი ეთქვა სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებაზე", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.
რუსეთის ლიდერის თქმით, გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ 15 კილომეტრია დასამთავრებელი ზღვის მონაკვეთში.
პუტინის განცხადებით, რუსეთი "დაინტერესებულია ავღანეთში სიტუაციის სტაბილურობით, მაგრამ ეს ასე არ არის".
თავის მხრივ, მერკელმა ავღანეთის მმართველობაში "თალიბანის" მოსვლას "იმედის გაცრუების მომენტი" უწოდა.
"მე ვთქვი, რომ გერმანიის თვალსაზრისით, ახლა პრიორიტეტი არის იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობენ ავღანეთში ნატოს ოპერაციის 20 წლის განმავლობაში, რათა მათ მიიღონ უსაფრთხო თავშესაფარი გერმანიაში. რუსულ მხარეს ვთხოვე თალიბანთან მოლაპარაკებებში ავღანეთში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკითხები დასვას, რათა მოხდეს ასეთი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საჭიროა აღნიშნოს, რომ თალიბანმა მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ვისურვებდით. ახლა გვჭირდება მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, ვეცადოთ გადავარჩინოთ ისინი, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია და მათ შეძლონ ქვეყნის დატოვება", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ის "მიუღებლად მიიჩნევს" ალექსეი ნავალნის განაჩენს და თვლის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. კანცლერმა თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმისთვის თვალის დევნებას.
"მე მოითხოვე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და ხაზი გავუსვი, რომ მომავალში ამ საქმეს დავაკვირდებით", - აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
თავის მხრივ პუტინმა გაიმეორა, რომ ნავალნი რუსეთში გასამართლებულია უცხოელ პარტნიორებთან მისი კრიმინალური კანონდარღვევების და არა - პოლიტიკური საქმიანობის გამო.