"ის პირდაპირ დანავარდობდა... მოპარული ნივთების ღირებულება 100 ათას ევროს აღწევს" - რას წერს ფრანგული მედია ქართველი მძარცველის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"ის პირდაპირ დანავარდობდა... მოპარული ნივთების ღირებულება 100 ათას ევროს აღწევს" - რას წერს ფრანგული მედია ქართველი მძარცველის დაკავებაზე

როგორც ფრანგული მასმედია იუწყება, პარიზის პოლიციის ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფის თანამშრომლებმა ვალ-დე-მარნში დააკავეს ბინების მძარცველი, 30 წლის პიროვნება, რომელიც ეროვნებით ქართველი აღმოჩნდა - სახელად ლევანი. გაზეთ "ლე პარიზიენ"-ში (Le Parisien) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ქართველი მძარცველის დაკავება ვალ-დე-მარნში" (ავტორი - ჟულიენ კონსტანტი), რომელშიც საუბარია ლევანის კრიმინალურ საქმეებზე - ვის, როდის, სად და რამდენი მოპარა, როგორ ძარცვავდა ბინებს და სად ინახავდა ნაქურდალს.

"ქართველი მძარცველი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ დანავარდობდა. პოლიციას ლევანი ადრეც შემჩნეული ჰყავდა, მან 4-ჯერ გაძარცვა ბინა, მაგრამ, როგორც პროფესიონალი მძარცველი, სამართალდამცველებს ხელიდან უსხლტებოდა. 12 ივლისს ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ქურდი მაჟენტის ბულვარზე გამოჩნდა და დასეირნობდა, თან იქ მდებარე საიუველირო მაღაზიებში შედიოდა. "იგი მაღაზიის მენეჯერებს ტელეფონით ფოტოსურათებს აჩვენებდა. მისმა მოქმედებამ გაგვიძლიერა რწმენა, რომ პიროვნებას აქვს რაღაც ნივთები, რომლის გაყიდვა სურს", - ამბობს საქმის კურსში მყოფი წყარო გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში.

დაკავების ოპერაცია კარგად მომზადდა: ლევანს მუდმივად უთვალთვალებდნენ. პირველ აგვისტოს იგი წმინდა გაბრიელის ქუჩაზე გავიდა, მანქანა ქვით ნაგებ საცხოვრებელ შენობასთან ახლოს დააყენა, თვითონ ფეხით მივიდა და ირგვლივ არსებული მდგომარეობას შეისწავლა. ასე განმეორდა მეორე დღესაც... და აი, სამ აგვისტოს, წვიმიან ღამეს, პირველ საათზე ლევანი დაზვერვიდან პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდა: იგი სახლის ფასადზე მოხერხებულად აძვრა, გააღო ფანჯარა და ოთახში შევიდა. 40 წუთის შემდეგ იგი სახლიდან გამოდის, მხარზე გადაკიდებული ჩანთით და ავტომანქანაში ჯდება. იგი ძალიან ფრთხილად მოძრაობს, პოლიციელები უკან მიჰყვებიან. ვენსენის ტყესთან, ბუჩქნარში ლევანი ნაქურდალს მალავს... და მას ადგილზევე აპატიმრებენ.

სამართალდამცველებმა ლევანს ბრალი ხუთ ძარცვაში წაუყენეს, მოპარული ნივთების ღირებულება 100 ათასი ევროს აღწევს. მკითხველმა რომ წარმოიდგინოს, თუ რა დონის ქურდი იყო, ნაქურდალ ნივთებში გამომძიებლებმა პარიზელი მოსამართლის ნოუთბუქიც კი იპოვეს. იგი უკვე დაკითხეს, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. სასამართლო მიმდინარე წლის 15 სექტემბერს უნდა გაიმართოს", - ნათქვამია "ლე პარიზიენ"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ