"ოჯახი 31 წლის წინ შევქმენით... მეუღლე უფრო მეტს მითმობს და ხელსაც მიწყობს, რადგან რთული ხასიათი მაქვს და გარეთ დიდ ენერგიას ვხარჯავ"
"ქალმა სიტუაცია ჯერ ოჯახში უნდა მოაგვაროს და მერე იზრუნოს საზოგადოების პრობლემებზე"
"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარე, მადონა კოიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მომხმარებელთა უფლებებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. უფრო მეტიც, ეს პრობლემა სატელევიზიო გადაცემის თემად აქცია: გადაცემა "სახალხო კონტროლი" მას ჟურნალისტ ლიზა ვადაჭკორიასთან ერთად მიჰყავს.
- როგორ გაჩნდა "სახალხო კონტროლის" შექმნის იდეა და ამ გადაცემაში როდის მიგიწვიეს?
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩემთვის ძალიან საინტერესო სფეროა, უფრო მეტიც - ეს ჩემი პროფესიაა. ამ თემაზე სიუჟეტებს ხშირად ვაკეთებდი. ერთხელაც დამიკავშირდა ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია და მითხრა: ჩემი ნატვრაა ასეთი გადაცემა გავაკეთო და შენ რას ფიქრობო?.. მისი იდეა იყო ერთ-ერთი რუსული გადაცემის მსგავსი გაგვეკეთებინა, მაგრამ მე შევთავაზე, - სხვისი ასლი რატომ უნდა გავიმეოროთ, ჩვენებური, ქართული გადაცემა გავაკეთოთ-მეთქი. მართლაც, გადაცემა ქართულ სინამდვილეს მოვარგეთ და ასე შეიქმნა "სახალხო კონტროლი" - გადაცემა იმაზე, თუ რა დარღვევებია კვების ობიექტებში, როგორ არ იცავენ იქ ჰიგიენის წესებსა და ნორმებს. ვფიქრობ, "სახალხო კონტროლმა" გაამართლა: სამმილიონიან ქვეყანაში 1,6 მილიონი რომ გიყურებს, ესე იგი, გადაცემა საინტერესოა. ვამაყობ.
- როგორ პოულობთ ობიექტებს, სადაც წესებს არ იცავენ?
- ყველა ამ ობიექტის მისამართი და ადგილმდებარეობა კეთილსინდისიერი, დაკვირვებული მომხმარებლის მიერ არის მოწოდებული.
- თქვენი "რეიდების" დროს კურიოზებს ხშირად აწყდებით? - როგორ არა! მახსენდება ერთი ეპიზოდი, როცა სკოლაში შევედით, სადაც ნიჟარები ჰქონდათ, ონკანები კი არსად ჩანდა. მიუხედავად ამისა, სკოლის მესვეურები მიმტკიცებდნენ, ჩვენთან წყალი მოდისო... ვბრაზდები, როცა მატყუებენ: გურულის და სვანის ნაჯვარი ვარ და როგორც უნდა ვცადო მოთმენა, გენეტიკა მაინც თავის საქმეს აკეთებს. უამრავი კურიოზი გვქონია, ბევრი მათგანი - უსიამოვნო. ერთი საკონდიტრო გადავიღეთ, სადაც ისე "უჭირდათ", რომ მაგიდის ტილოებად ძველ ტრუსებს იყენებდნენ(!). ცხადია, ასეთ ფაქტებს რომ გამოვავლენთ, ბიზნესი აგრესიით გვპასუხობს, მაგრამ ამ დროს მხარში გვიდგანან სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ამის გამო მათ მადლობა უნდა გადავუხადო. და საერთოდ, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა საზოგადოებას იმ თანადგომისთვის, რომელსაც თავიდანვე ვგრძნობდით და ახლაც ვგრძნობთ.
- როდის გადაწყვიტეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა თქვენი მოწოდება იყო?
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არ მიფიქრია, არც პროფესია მქონია არჩეული, უბრალოდ, ბევრს ვკითხულობდი და ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი დეტექტივები. ჩვენს ოჯახში ძირითადად ექიმები და იურისტები ხვდებოდნენ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სფერო იყო სურსათის უვლებლობაც. დედა ახლაც მუშაობს კვების მრეწველობის ინსტიტუტში - ლექციებს კითხულობს, მამაჩემი კი ადვოკატი იყო. ის ახლა პენსიაზეა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მუშაობს. მშობლებს არასდროს უცდიათ, ჩვენი აზრი შეეცვალათ, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის და დაცვის საშუალება ყოველთვის გვქონდა. ისინი ხელს გვიწყობდნენ, რომ კარგად გვესწავლა. ოჯახში საოცარი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც მამასთან ერთად ხშირად ვისხედით, ვსაუბრობდით... მე მათ პროფესიებს შორის რაღაც საშუალო ავირჩიე: დედის სურვილი შევასრულე და კვების მრეწევლობის ინსტიტუტში, ტექნოლოგიურ ფაკულტეტეზე ჩავაბარე, ამავე დროს, გადავწყვიტე ადამიანთა უფლებებიც დამეცვა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, როცა ერთი ადამიანი მეორეს ჩაგრავდა: როცა უსამართლობას ვხედავ, ჩემში პროტესტის გრძნობა იღვიძებს და სულ ვცდილობ, დაჩაგრულს დავეხმარო. მიყვარს ადამიანები და ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ადრენალინია, როცა იმას ვეხმარები, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვით რამდენიმე პროფესიას ვაერთიანებ: ადამიანთა უფლებებსაც ვიცავ, მაგრამ ამისათვის სურსათის უვნებლობის ცოდნაც საჭიროა. ჩემი, როგორც სპეციალისტის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს აკადემიკოსმა აბესალომ მამულაშვილმა და თამაზ გიორხელიძემ - სწორედ ამ ადამიანებმა მასწავლეს, როგორ დამეცვა დაჩაგრული ადამიანები. პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ეს იყო "მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც აბესალომ მამულაშვილმა დააფუძნა. სულ ვამბობ, რომ ამ სფეროში ის ჩემი მშობელი იყო. სამწუხაროდ, გარდაცვლილია, მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია: მან გამომზარდა და ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ ამ სფეროში ჩემი ადგილი მეპოვა.
- მეუღლე თუ გიწყობდათ ხელს კარიერულ წინსვლაში? - ჩემი მეუღლე ქუთაისელია - მამუკა დეისაძე. ის ნაკითხი, თბილი, კომუნიკაბელური ადამიანი, ამავე დროს, სიანტერესო მოსაუბრეა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და მცირე ბიზნესითაა დაკავებული, ოღონდ, არა სურსათის სფეროში. როგორც ყველა ქუთაისელ, ტრადიციულ მამაკაცს, მასაც უნდოდა დიასახლისი მეუღლე ჰყოლოდა, რომელიც სამზარეულოში იტრიალებდა და ბავშვებს მიხედავდა - ეს მისი ნატვრა იყო. ალბათ ამიტომაც, სანამ ბავშვები წამოიზრდებოდნენ, სადღაც მეხუთე-მეექვსე კლასამდე არ მიმუშავია, დიასახლისი ვიყავი და ოჯახს ვუვლიდი. ჩემი ბიჭი ახლა 30 წლისაა, ხოლო გოგონა - 28-ის და ვიდრე მათ დამოუკიდებლად არ შეძლეს სწავლა, სკოლაში სიარული, მე მხოლოდ დიასახლისი და მათი დედა ვიყავი, მერე უკვე ჩემს პროფესიასაც მივხედე. მივხვდი, ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავით. არ მინდოდა ჩემი შვილები ზედმეტი ზრუნვის ქვეშ მყოლოდა და მათ გარკვეული თავისუფლება მივანიჭე.
- როგორ ფიქრობთ, რა ინარჩუნებს ოჯახს და სიყვარულს ყველაზე მეტად? - ოჯახი 31 წლის წინ შევქმენით. ჩემი დაკვირვებით, ურთიერთობას პატივისცემა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება ამყარებს. ურთიერთპატივისცემიდან მოდის სიყვარული, შეჩვევა და საერთოდ - ყველაფერი. პარტნიორის მოსმენა უნდა შეგეძლოს და დომინირების მცდელობა არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს: რაღაც საკითხში ქმრის აზრი უფრო მნიშვნელოვანია და რაღაც საკითხში - დიასახლისის... რა ფერის ფარდა შევარჩიო და სახლი როგორ მოვაწყო, ამას მე ვწყვეტ, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ჩემი მეუღლე აგვარებს და მე მის გადაწყვეტილებას ვემორჩილები.
- ალბათ ძნელია სამსახურისა და ოჯახური პრობლემების ერთად მოგვარება...
- რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ჩემს ოჯახს დღემდე გადაყოლილი ვარ და ის ჩემთვის პირველ ადგილზეა. მგონია, თუ ადამიანს სიტუაცია თავის ოჯახში არა აქვს მოწესრიგებული, ის გარეთაც ვერაფერს გააკეთებს, რადგან შეუმდგარია. პირველ რიგში, საკუთარ სახლში უნდა მოაგვარო ყველაფერი და მხოლოდ ამის მერე იზრუნო საზოგადოებაზე. ჩემი აზრით, ქალის უპირველესი მოვალეობა დიასახლისობა და შვილების აღზრდაა. ქალი პირველ რიგში ჩამოყალიბებული დედა და კარგი დიასახლისი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, კარიერის შექმნაში ოჯახიც დაეხმარება. გამოგიტყდებით: ჩემი მეუღლე უფრო მეტს მითმობს და ხელსაც მიწყობს, რადგან საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს და გარეთ დიდ ენერგიას ვხარჯავ. ჩემს ოჯახში აცნობიერებენ, რომ მარტო მათ არ ვეკუთვნი და აქედან გამომდინარე, რაღაც-რაღაცებს მითმობენ. მეუღლემ იცის, რომ ბავშვობიდან ძალიან აქტიური, ენერგიული ვარ და როგორც იტყვიან, სიტუაციას გაგებით ეკიდება.
- შვილებზეც მოგვიყევით...
- ჩემი შვილები ოთარ და ლიკა დეისაძეები არიან. უფროსს შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ვფიქრობ, კარგი ღვინის ტექნოლოგია. ამავდროულად, გატაცებულია თეატრით და საუკეთესო სცენარისტია. "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" გამარჯვებულია და შეიძლება მალე პოპულარობით გამასწროს. ჩემი ქალიშვილი ორი შვილის დედაა, კარგი ოჯახი აქვს. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი შვილიშვილები - ლუკა და ჯარჯი. ისინი ჩემი სიცოცხლეები არიან. რაც უნდა დაღლილი ვიყო, რომ ჩამეხუტებიან, ყველანაირი სტრესი და დაღლილობა მეხსნება. ლუკა 3 წლისაა, ხოლო ჯარჯი - 4-ის. სხვათა შორის, "ბებიას" არც ერთი არ მეძახის - მოფერებით, "მადოს" მეძახიან.
- როგორ ისვენებთ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ? - როცა ძალიან გადაღლილი ვარ, ვიძინებ, თუმცა, ყველაზე კარგი დასვენებაა, როცა გონებრივ სამუშაოს ფიზიკური საქმიანობით ჩაანაცვლებ. ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა სახლის დალაგება ან სხვა საოჯახო საქმის კეთება. ძალიან მიყვარს წყალი და რამდენიმე წელია ურეკში დავდივარ შვილიშვილებთან ერთად, იქ ერთი ლამაზი და კომფორტული სასტუმრო მეგულება. როგორც ყველას, მეც მინდა ამ ზაფხულს ნორმალურად დავისვენო. ზღვა მიყვარს, თუმცა არც მთაში დასვენებაზე ვამბობ უარს, თუ ახლოს მდინარე მეგულება.
- დაბოლოს, ისევ თქვენს საქმიანობას დავუბრუნდეთ: რა განსხვავებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ ჩვენთან და დასავლეთის ქვეყნებში? - სამწუხაროდ, დიდი განსხვავებაა: საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონიც კი არ გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი კანონი, რომელსაც თავად სახელმწიფო იცავს. საქართველოში კი, პრიორიტეტი ბიზნესის ლობირებაა. არ ფიქრობენ, რომ ამ დროს შეიძლება მომხმარებლის უფლებები ილახებოდეს და ეს დიდი უსამართლობაა. სახელმწიფო, ხელისუფლება ვალდებულია ხალხზე იზრუნოს და ერთნაირად დაიცვას არა მარტო ბიზნესი, არამედ თითოეული ადამიანი ამ ქვეყანაში.
ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"