"ეს 74 ადამიანი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"ეს 74 ადამიანი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო გარდაიცვალა"

2 ოქტომბერს ყველა ერთად მივდივართ არჩევნებზე, რეფერენდუმზე და უარს ვეუბნებით "ქართულ ოცნებას" და იმ რეჟიმს, რომელმაც ყველაფერი აკადრა, მათ შორის, ქუთაისსა და ქუთაისელებს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მოსახლეობას.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას არა "ქართულ ოცნებას".

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მქონდეს ისტორიული მისია, რომელიც ამ გადამწყვეტ არჩევნებში "ქართული ოცნების" ოლიგარქების, პრორუსული ძალების დამარცხებას გულისხმობს. ვაპირებთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შემოვხაზოთ ყველა, "ქართული ოცნების" გარდა, შემოვხაზოთ პროგრესი, მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი - უარი ვუთხრათ სიღატაკეს და გაჭირვებას და რა თქმა უნდა, იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც დღეს არის საქართველოში ეპიდსიტუაციის გამო. დიახ, დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ეს 74 ადამიანი გარდაიცვალა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო, როდესაც დააგვიანეს ვაქცინის შემოტანა, ვაქცინაცია და ვაქცინაციის პროპაგანდა. მათ არაფრად უღირთ ადამიანების სიცოცხლე. ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მსახურების ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ ზუსტად ამ ისტორიულ მისიაში ვიქნებით ჩართულები.

ძვირფასო ქუთაისელებო, თანამოქალაქეებო, ქუთაისი იმსახურებს მერს, ადამიანებს, რომლებიც არცერთი პარტიის დავალების შესრულებაში არ იქნებიან ჩართულნი. ქუთაისი იმსახურებს პროგრესს და ზუსტად ქუთაისიდან დაიწყო გაერთიანება, აღმავლობა, პროგრესი და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაამცირა "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისი, როდესაც მთავარი ადმინისტრაციული ქალაქის ფუნქცია წაართვა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოში უარი უნდა ეთქვას ხელისუფლების გამო დამკვიდრებულ ძალადობას, იმას, რომ საქართველოში პირველად, ევროკავშირის დროშა იხევა.

"მე, ჩემ თანამებრძოლებთან, თქვენთან, ქუთაისელებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მზად არის ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად ჩაერთოს ამ რეფერენდუმში, მზად ვართ ისტორიულ მისიაში გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. არავის ეშინია იმის, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს იკადროს ყველაფერი ძალაუფლების შენარჩუნების გამო", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ინტერპრესნიუსი"