"ბევრი მეკითხება რატომ ფოთი და რატომ 5 ნომერი, ერთი მარტივი პასუხია..."
ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ვიყარო კენჭი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში გავხდე ფოთის რჩეული. შესაძლოა ბევრმა ადამიანმა თქვას აქ რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავიო, თუმცა ერთია როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და მეორეა, როდესაც მხარს უჭერ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ფოთში წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული მოქალაქე საბოლოო განაჩენს გამოუტანს და გაისტუმრებს "ქართულ ოცნებას".
"ვხედავ ბევრ გაკვირვებულ თვალებს და ბევრი მეკითხება ბოლო დღეებია - რატომ ფოთი, რატომ მე და რატომ 5 ნომერი. ერთი მარტივი პასუხი მაქვს, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ, საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ და გავისტუმრებთ "ქართულ ოცნებას", თუმცა მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ვიყარო კენჭი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში გავხდე ფოთის რჩეული. შესაძლოა ბევრმა ადამიანმა თქვას რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავიო, თუმცა ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და მეორეა, როდესაც მხარს უჭერ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა უკან აბრუნებს კაპიკებს. მეტი მონდომებაა საჭირო, რომ ქალაქმა მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთელებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. "ქართულ ოცნებას" ეს არ ესმის, ამ ქალაქში დასაქმების პრობლემა საერთოდ არ უნდა იყოს, ამ ქვეყნიდან უამრავი ადამიანი გარბის და ივანიშვილი უსირცხვილოდ ეუბნება წადით, სხვაგან იმუშავეთო. თითოეული ჩვენი მოქალაქის წასვლა უცხოეთში სამუშაოდ შესაძლოა შვება იყოს მისი ნათესავისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის, თითოეული წასული ადამიანი არის ჩვენი ეკონომიკისთვის კატასტროფა, რადგან დოვლათს აქ უნდა ქმნიდნენ. მატყუარაა ყველა ვინც იტყვის, რომ ახლა ახალ მერს ავირჩევთ და მერე ყველაფერი გამოსწორდებაო, უარი უნდა ვთქვათ ისეთ თვითმმართველობაზე და მერებზე, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ და აპირებენ, რომ მხოლოდ ემსახურონ ოლიგარქს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.