"ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო" - რას ამბობს ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი? - კვირის პალიტრა

"ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო" - რას ამბობს ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი?

ქართულმა მხარემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ბოსნიელი და სერბი მეგობრები გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო , - ამის შესახებ ავღანეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქე ლევან ჯანიაშვილმა აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილს და აღნიშნა, რომ ღვთისიაშვილი 5 დღის განმავლობაში მათთან სატელეფონო კავშირზე იყო, ამხნევებდა და გვერდში ედგა ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

“კიდევ ერთხელ მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ბატონი ალექსანდრე ღვთისიაშვილი, რომელიც მთელი ამ 5 დღის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენს გვერდით იყო სატელეფონო კავშირზე და ყველაფერი ეცადა ამ ადამიანმა, რაც ძალებს აღემატებოდა კი არა, მართლა აღემატებოდა, ისეთი კონტაქტები და ისეთი რაღაცები.. დღეს თვითონ აეროპორტში გვითხრეს, გვყავდა ჩვენი მეგობრები, ბოსნიელები, სერბები და ესეთი რაღაც გვკითხეს, ვინ ხართ ეს ქართველებიო, რა ხდება მეთქი და ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, იქიდან სამინისტრო.. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს”, - განაცხადა ლევან ჯანიაშვილმა.

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

"ინტერპრესნიუსი"