"მელიამ იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს"
"უგულავა გაჭრილი პოლიტიკური კარტია. მისი კანდიდატურის წამოყენება ფოთში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კარტს მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს, გაუგებარია..."
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, თუმცა საარჩევნო კამპანიის აქტიურობა დიდად არ შეიმჩნევა. მმართველი ძალის გარდა, 1-2 ოპოზიციური პარტია თუ ცდილობს შეახსენოს ელექტორატს თავი. რა არის მიზეზი? - ექსპერტთა ნაწილის თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა შეთანხმება მთავარზე - მომავალი არჩევნები უნდა განეხილათ როგორც რეფერენდუმი, რომელზეც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზა გადის, თუ რიგითი არჩევნები, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის უნდა ებრძოლათ. ოპოზიციურ პარტიებში გაურკვევლობა აისახება ამომრჩეველზეც, საბოლოოდ კი ამით, სავარაუდოდ, მხოლოდ მმართველი პარტია იხეირებს. სწორედ ოპოზიციის პასიურობის მიზეზებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე მცდარი პოზიცია დაიკავეს, როდესაც ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს. საბოლოოდ კი, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ოპოზიციის ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, შანსი იმისა, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაემეორებინათ, არ ჰქონდათ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2024 წელს, დაწეული ბარიერით.
ძალიან ძლიერი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რათა სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს. საამისო ფინანსური და ადამიანური რესურსი პატარა პარტიებს არ გააჩნიათ. მეტიც, თუ დააკვირდებით, ადამიანური რესურსის პრობლემა ორ მთავარ პოლიტიკურ ძალასაც აქვს.
"ნაციონალურ მოძრაობას" რაღაც გამართლება აქვს იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური ელიტა ჩართო ადგილობრივ არჩევნებში. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ეს ელიტა ვეღარ "გასწვდა, საკმაოდ სუსტი კანდიდატები წარადგინეს. ისე ჩანს, რომ ამ ოლქებში საარჩევნო პროცესში უფრო ვალდებულების გამო მონაწილეობენ, ვიდრე იმიტომ, რომ მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ.
ამას დაერთო ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნება" გავიდა და განაცხადა, რამდენი პროცენტიც უნდა ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნებს არ ჩავატარებთო, რამაც არჩევნებზე ნიჰილისტური განწყობა უფრო გააღრმავა.
დიახ, პოლიტიკური პარტიები აქტიურები უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მოსახლეობაში ჩანს დიდი ენთუზიაზმი. ახლა ერთ-ერთ რეგიონში ვარ და ვხედავ, რომ აქ არავის აინტერესებს, მეტიც, არც ახსოვთ, ერთ თვეში ჩასატარებელი არჩევნები.
იმედია, სექტემბერში გააქტიურდება წინასაარჩევნო პროცესი. თუმცა ერთ თვეში რამე შეიცვალოს მნიშვნელოვნად, საეჭვოა.
ოპოზიციაში სცადეს დიდი გაერთიანება, თუმცა თავშივე გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიდოდა.
საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობს, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც მის გარშემოა ახლა შეკრებილი, არავინაა ახალი და საინტერესო.
რაც მთავარია, "ნაციონალური მოძრაობისგან" იმის თქმა, თუ "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ მიიღებს, ვაიძულებთ დანიშნოს ვადამდელი არჩევნებიო, მოსახლეობაში კვლავ ამძაფრებს არეულობის შიშს.
როდესაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ვალდებულება ნაკისრი და ამბობდა, რომ შეასრულებდა მიშელის შეთანხმების ამ დათქმას, იყო მოლოდინი, რომ ეს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოხდებოდა, დღევანდელ ვითარებაში კი ელექტორატის დიდი ნაწილი კარგად ხვდება, რომ "ოცნება" ამ ვალდებულებას აღარ შეასრულებს. შესაბამისად, შიშობს, რომ თუ "ქართული ოცნება"43%-ს ვერ აიღებს, ისევ არეულობა დაიწყება და არასტაბილური ვითარება შეიქმნება.
დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პანდემიასთან ერთად ყველაზე მეტად სწორედ არასტაბილურობის ეშინია, რაც ოპოზიციაში ძალიან ბევრს არ ესმის. საბოლოოდ, ყოველივე ეს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
"ნაციონალური მოძრაობა" თითქოს აქტიურობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი ენთუზიაზმი არც მას აქვს. უფრო სატელევიზიო დაძაბულობის სურათი იქმნება, ვიდრე რეალურად რამე ხდება. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომელიც მას არ უჭერს მხარს, რაც შეიძლება გაძლიერდეს უიმედობა და არ მივიდნენ არჩევნებზე, თავიანთი მხარდამჭერები კი მაქსიმალურად გამოიყვანონ.
როგორც "ქართული ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ცდილობენ პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანი დარჩეს... ჩემი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ"შეცდომა დაუშვა, როდესაც ნიკა მელია მიაბა თბილისს, სადაც კახა კალაძე ფავორიტია. პარტიის ლიდერი, თუ ის მართლაც ლიდერია, არ უნდა დაუპირისპირო ასეთ კანდიდატს და წაგებულ თამაშში არ უნდა ჩართო. ნიკა მელია სწორედ წაგებულ თამაშში ჩართეს. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო თუ სააკაშვილმა, არ ვიცი. ალბათ, უფრო სააკაშვილმა...
- ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოდის ხმები, რომ პარტიაში მთლად დალაგებული ვითარება არ არის. ამბობენ იმასაც, რომ მელია უკვე არ მალავს უკმაყოფილებას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების გამო. ამასთანავე, სააკაშვილისგან დამოუკიდებლად ცდილობს შიდაპარტიული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც, როგორც ამბობენ, სააკაშვილს ძალიან აშფოთებს. - საინტერესო ამბავი მოხდა ფოთის მერობის კანდიდატის შერჩევის დროსაც. ცნობილი იყო, რომ კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პარტიის სახელით ფოთში გიგი უგულავა იბრძოლებს. - მართლაც მოულოდნელი იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნებისას უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში სასტიკად დამარცხდა - როგორც მახსოვს, მე-3 შედეგი აჩვენა.
ბოლო წლებია გიგი უგულავა პოლიტიკურად გაუგებარ ფიგურად იქცა - ხან რადიკალია, ხან ზომიერი, ხან აძაგებს სააკაშვილს, ხან უკრაინაში სტუმრობს. ძალიან მაინტერესებს, როდესაც დასხდნენ და განიხილეს ეს საკითხი, რა არგუმენტებით ამჯობინეს ბოკუჩავას უგულავა?
არ ვამბობ, რომ ბოკუჩავა აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ამ ორი პოლიტიკოსის შედარება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. უგულავა გაჭრილი პოლიტიკური კარტია. მისი კანდიდატურის წამოყენება ფოთში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კარტს მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს, გაუგებარია.
რაც შეეხება მელიას უკმაყოფილებას, გასაკვირი არაფერია. იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს. ვფიქრობ, სააკაშვილმა ის სპეციალურად დააყენა. მას "ნაციონალურ მოძრაობაში" გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება, მისთვის პოტენციური საფრთხეა.
თუ გსურს პარტია ძლიერი იყოს, რომელშიც ასევე ძლიერი ფიგურები გეყოლება, უნდა ეცადო ისინი წარმატებასთან ასოცირდებოდნენ, სააკაშვილი კი პირიქით აკეთებს.
რაც შეეხება მელიას ცდას, შეცვალოს პარტიაში ვითარება, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება. მარტო პარტიაში არსებულ ვითარებაზე არ არის ლაპარაკი. საგულისხმოა ელექტორალური მხარდაჭერაც - "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავაც მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია. თუმცა, თუ მელია წარმატებული ლიდერი იქნება, ნამდვილად გაუყოფს ელექტორატს სააკაშვილს. ამიტომაც ეშინია მიშას და სანამ მელია მოძლიერდება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება, ცდილობს მანამდე შეუყენოს წყალი...
- დღეს მეტ-ნაკლებად აქტიურობენ გიორგი გახარია და მისი პარტია. გახარიას თქმით, არჩევნებში ჯერ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დამარცხდეს და შემდეგ "ქართული ოცნება". მისივე მტკიცებით, არ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" იმხელა მხარდაჭერა ჰქონდეს, რომ მეორე ოპოზიციური პარტია იყოს. - ეს შეიძლება სწორი გეგმაა, მაგრამ გახარიას თვითმმართველობის არჩევნებზე მისი შესრულების რესურსი არ გააჩნია. თუმცა, თუ შეძლებს, რომ პროპორციულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდაჭერის ორნიშნა რიცხვი მიიღოს, მაშინ მართლა იქცევა ანგარიშგასაწევ ძალად და უკვე საპარლამენტო არჩევნებში მიეცემა შესაძლებლობა, რომ მესამე ძალის ცენტრად ჩამოყალიბდეს და "ნაციონალური მოძრაობა" უკან ჩამოიტოვოს.
თუმცა მანამდე სწორი პოლიტიკური ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. დღეს გახარია ახერხებს "ქართული ოცნებიდან" პარტიული და ბიუროკრატიული აპარატის ნაწილის თავის მხარეზე გადმოყვანას, მაგრამ ელექტორალური გაყოფისთვის რამდენად იქნება ეს საკმარისი, ძნელი სათქმელია. ამ ჩინოსნებს გავლენა აქვთ საზოგადოების განსაზღვრულ ჯგუფებზე, რეგიონებში, აქვთ ფინანსური გავლენაც. შესაბამისად, ალბათ, გახარია შეძლებს მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიული კუნძულების შექმნას, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ არ ჰყავს ძლიერი პოლიტიკური გუნდი. არის თვითონ გახარია და არიან ყოფილი ჩინოსნები. ესაა ამ ეტაპზე მთელი მისი პარტია. თვითონ კი აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ მისი პოლიტიკური გუნდი ამ თვალსაზრისით საშუალოზე უარესია. მას მოუწევს სწორი და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა, რათა მართლაც იქცეს მესამე ძალის ძლიერ ცენტრად. "ქართული ოცნება" კი კვლავაც მომგებიან პოზიციაში რჩება, რადგან ძველებურად უპირისპირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოდ სუსტი ოპოზიცია. უკვე მერამდენე წელია, ოპოზიციის სისუსტე მმართველი ძალის სიძლიერეა. საკმარისია ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდეს პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, მმართველი ძალისგან ბევრი აღარაფერი დარჩება.
"ქართული ოცნების" სუსტი წერტილების ძებნა არ არის საჭირო, ხელისუფლება მთლიანად სუსტია... მისი ელექტორალური მხარდაჭერის საფუძველი იმის შიშია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ არიოს ქვეყანა. გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსიც მის ყულაბაშია. ეს ყველაფერი აძლევს გამარჯვების შანსს. სხვა მხრივ ტყუილი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მას ახალი იდეოლოგია ან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. ხელისუფლება დინებას მიჰყვება, სიტუაციურად იქცევა.
ერთი ფაქტორია კიდევ - კახა კალაძე, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებაში" ყველაზე ძლიერია. თუმცა მანამდე, სანამ ივანიშვილს ენდომება. კალაძეს მაშინვე ჩაძირავს, როგორც კი დასჭირდება.
- ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა. სრულიად უკონტროლოა კორონავირუსის გავრცელება, ყოველდღიურად ვკარგავთ ათობით ადამიანს... პანდემიის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც სრული ლოკდაუნი გამოაცხადა, ამბობდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლის უფლება ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია, დღეს კი სრულიად სხვა ვითარებაა. სად დაუშვეს შეცდომები? - შარშან, ლოკდაუნის შემდგომ, შეზღუდვები მოიხსნა და ზაფხულში სრულიად თავისუფლად ვცხოვრობდით, თუმცა აგვისტოს ბოლოდან ვითარება გართულდა და მას შემდეგ ხელისუფლებას ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, შარშან ბათუმი რომ არ ჩაკეტეს. იქიდან გავრცელდა ვირუსი მთელ საქართველოში. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, თუ მესტია კარანტინში მოაქციეს, რატომ არ ჩაიკეტა ბათუმი? გარდა ამისა, შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო მაქსიმალური სიფრთხილით, ეტაპობრივად....
უდიდესი შეცდომა მგონია რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულებისთვის სრული ამნისტიის გამოცხადება. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, უპასუხისმგებლო და მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, თუ გამოაცხადეს, უნდა შეხებოდა ყველას - ვინც გადაიხადა ჯარიმა და ვინც არ გადაიხადა. რა გამოვიდა? ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ ემორჩილება, დააჯილდოეს და დააფასეს, კანონმორჩილი კი, რომელმაც ჯარიმა გადაიხადა, დასაჯეს. სად არის სამართლიანობა?!
ამ გადაწყვეტილებით ხალხს უთხრეს: ჩვენ შეიძლება დაგიწესოთ რეგულაციები, მაგრამ შეგიძლიათ არ შეასრულოთ, არც ჯარიმა გადაიხადოთ და ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვთო. ამიტომაც არის, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი აღარ ემორჩილება ახალ შეზღუდვებს.
შეცდომები დაუშვეს ვაქცინაციის პროცესშიც. არ წარიმართა სათანადო პროპაგანდა. არადა, ახლა უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას.
- ცხადია, ბევრი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მომავალი არჩევნების კონტექსტით მიიღო, თუნდაც ამნისტია... სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით მიზანმიმართულად თქვა აცრების პოპულარიზაციაზე უარი... - რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნები იკითხება ყველაფერში. ცხადია, სწორედ წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადეს სწრაფად ამნისტია, მისცეს გაუგებარი შეღავათები ბიზნესს და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა, შეიძლება გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური მიზნით, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა და ხალხი არ აზარალო. კარგად უნდა გაიაზრო, გათვალო, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ნაბიჯებს.
გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. გასცემენ უამრავ დაპირებას, რასაც დიდწილად არ შეასრულებენ, მაგრამ პანდემიის ამხელა მასშტაბსა და ასეთ სიკვდილიანობაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?!