"თუ "ოცნება" უარს იტყვის თავისი დათქმის შესრულებაზე, მიიღებს პასუხს"
"ლელო" დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას, სადაც ჩვენი მთავარი სამიზნე იქნება "ოცნება"
"ხელისუფლებამ პანდემია გამოიყენა როგორც შესაძლებლობა", - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე და დასძენს, რომ პანდემია უმძიმეს გამოწვევად იქცა... გართულებულ ეპიდვითარებაზე, საარჩევნო გარემოზე და ოპოზიციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საბა ბუაძე გვესაუბრება:
- დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პანდემია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც პანდემიასთან იყო დაკავშირებული, ჩავარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაცია და ამაშიც კრახი განვიცადეთ. რეგიონში კი არა, მსოფლიოში ვლიდერობთ "კოვიდით" დაღუპულებით.
- პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობა ოპოზიციასაც შეუძლია. თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? - გარდა იმისა, რომ აცრის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ვაწარმოებთ, ხელისუფლებას ჩვენი ოფისების აცრის ცენტრებად გამოყენებას ვთავაზობთ. ასევე შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასაწყისში და მას შემდეგაც ხელისუფლებას არაერთხელ მოვუწოდეთ ინტერპარტიული საბჭოს შექმნა, პანდემიის პარტიული ინტერესების მიღმა მართვა. უარი თქვეს. რომ არა პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილი, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამ ურთულეს ბრძოლაში მარტო ყოფნის მიზეზი?! დღესაც ყველაფერი მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება.
გასაგებია, რატომ დახურეს ბავშვთა გასართობი ცენტრები, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეზღუდეს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, რატომ არ ხურავენ კაზინოებს... პანდემიამ წარმოუდგენელი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას და ჩვენს ბიზნესებს, ხელისუფლებამ კი სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადასახადი მხოლოდ სათამაშო ბიზნესს გაუნახევრა. ეს დასტურია იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი "ქართული ოცნების" შავი ყულაბაა.
- ამბობთ, რომ დუნე საარჩევნო გარემო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული. ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არჩევნები კარს მოგვადგა, თქვენმა ამომრჩეველმა კი ისევ არ იცის, ვინ არიან თქვენი კანდიდატები მერის პოზიციაზე თუ საკრებულოებში. - ორშაბათიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, მერობის კანდიდატსაც დავასახელებთ და საარჩევნო კონფიგურაციის პრეზენტაციასაც გავმართავთ. ამ რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ყველას დავანახებთ, რომ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ხალხში ნიჰილიზმის გაღვივებას ცდილობს, ჩვენ მოვახერხებთ მათ დარწმუნებას, რომ ცვლილებებს დაუჭირონ მხარი.
- "ლელოს" პოლიტიკური ლიდერები ყოველი ახალი კვირიდან გვპირდებიან გუნდის პრეზენტაციას. რის გამო გიჭირთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რას ვერ ათანხმებთ გუნდში? - როგორც მოგახსენეთ, უკვე მზად გვაქვს კონფიგურაცია, რომლითაც "ლელო" საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.
- "ლელო" დამოუკიდებლად წარადგენს მერობის კანდიდატს? - დიახ, "ლელო" დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა და ასევე დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას, სადაც ჩვენი მთავარი სამიზნე იქნება "ქართული ოცნება", მისი ხელისუფლება და ამ გუნდის მიერ საზოგადოებაში დანერგილი ნიჰილიზმი თუ უიმედობა.
- რის შეთავაზებას აპირებთ საზოგადოებისთვის? - შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ეს თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად არის გადაქცეული. ეს იქნება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისა და ამ ქვეყნის ჩრდილოვან ვექტორზე გადაყვანის წინააღმდეგ. შესაბამისად, გვექნება ძალიან აქტიური პოლიტიკური კამპანია. იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის არჩევნებია, ურბანული საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება.
- შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნება" უკვე გამოვიდა. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება და სხვა დათქმებიც მხოლოდ მმართველი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. - მე ასე არ ვიტყოდი. შარლ მიშელის დოკუმენტი მუშაობს და იმუშავებს მანამდე, სანამ შეთანხმების ერთგულად დარჩებიან მისი ხელმომწერი მხარეები. "ოცნებას" ძალიან კი უნდა ამ დოკუმენტის ანულირება, მაგრამ არ გამოუვა, რადგან შეთანხმების ხელმომწერები არიან ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ქართული პოლიტიკური ოპოზიცია.
- რა იქნება, თუ "ქართული ოცნება" ვერ აიღებს 43%-ს და იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნება? დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებების იმედზე ხართ? - თუ "ქართული ოცნება" ასე მოიქცევა, მიიღებს კონკრეტულ პასუხს როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე საქართველოში. "ქართული ოცნება" უარს ვერ იტყვის თავისი დათქმის შესრულებაზე.
- როგორი იქნება კონკრეტული პასუხი? - უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციებზე ლაპარაკობენ. გარწმუნებთ, საქართველოშიც მწვავე პროტესტი იქნება. ეს იქნება საშუალება "ოცნების" უმსგავსობის გადასატეხად.
ხათუნა ბახტურიძე