"დააკვირდით, ვის აწყობს ანტივაქსერული კამპანია? მხოლოდ ხელისუფლებას!" - კვირის პალიტრა

"დააკვირდით, ვის აწყობს ანტივაქსერული კამპანია? მხოლოდ ხელისუფლებას!"

"ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილის პირისპირ დაუცველად დატოვა", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, თითოეული ჩვენი მოქალაქე "კოვიდ-19"-ით იმიტომ გარდაიცვალა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა. "ვინ არის პასუხისმგებელი, რომ დღეში უკვე 70-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ დაგვიანებული, არათანამიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ?! ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო. იღუპებიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მიატოვა, მიატოვა სწორედ მაშინ, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დახმარება იყო ვაქცინა, საინფორმაციო კამპანია და თითოეულისთვის ახსნა, რომ სიკვდილზე გამარჯვებისთვის იმუნიზაცია აუცილებელია! ეს დახმარება იყო 112-ის გამართული მუშაობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და სასწრაფო დახმარების სისტემების გამართვა, ექიმებისა და ექთანებისთვის ღირსეული ხელფასის მიცემა დაგვიანების გარეშე, სამედიცინო პერსონალის მობილიზება, მუდმივი გადამზადება", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

- მაშინ, როცა ხელისუფლება დუმდა, ოპოზიცია, მედია, უცხოეთში მყოფი ექიმები თუ ჯანდაცვის ექსპერტები იმუნიზაციის აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ. მეტიც, "კოვიდის" მართვის არაერთი გეგმა და ალგორითმი გავუგზავნეთ ხელისუფლებას, მაგრამ სანაცვლოდ ლანძღვა მივიღეთ. ჩვენ რომ გვლანძღავდნენ, ამაზე არ ვდარდობ, ანტივაქსერულ კამპანიასაც ეწეოდნენ.

- რაში აძლევს ხელს მმართველ გუნდს ანტივაქსერული კამპანია? - დააკვირდით, ვის აწყობს ანტივაქსერული კამპანია? მხოლოდ ხელისუფლებას! რატომ? იმიტომ, რომ ვაქცინა არ ჰქონდათ. სწორედაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს ფსევდოქრისტიანული ფარისევლობით შენიღბული კამპანია.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, ეპიდემიის პიკს დაღმასვლა მოჰყვება. - დიახ, დაღმასვლა იქნება, მაგრამ არაეფექტური მართვის გამო პიკური სიტუაცია გაჭიანურდება.

პანდემიის მეოთხე ტალღაზე წარმოუდგენელი რამ ხდება. ასეთი მოუმზადებელი მხოლოდ პირველ ტალღას შეიძლება შეხვდე. ჩვენი ხელისუფლება დღეს აკეთებს იმას, რასაც სხვა ქვეყნები პირველი ტალღის დროს აკეთებდნენ. მეოთხე ტალღაზე საველე ჰოსპიტლებს არავინ ხსნის. მთელმა მსოფლიომ ისწავლა "კოვიდის" მართვა, ჩვენ ახლა ვიწყებთ.

- არის კი გამოსავალი საველე ჰოსპიტლები? - საველე უფრო ომის დროს არის შედეგიანი. პანდემიის დროს საველე ჰოსპიტლებს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში ხსნიან, მაგრამ ალტერნატივა ნამდვილად არის. ვერ მივიღეთ პასუხი, როგორი პაციენტებისთვის არის გათვლილი ეს ჰოსპიტლები. როგორც ვატყობთ, რეანიმაციული პროცედურები იქ ვერ ჩატარდება.

- უკვე ითქვა, რომ საველე ჰოსპიტალში ნაკლებად მძიმე პაციენტებს მოათავსებენ. - ანუ ერთგვარი გამანაწილებელია. 17 თვის განმავლობაში ვლაპარაკობდით პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ვამბობდით, რომ საქმეში უნდა ჩართულიყვნენ სოფლის ექიმი, ჯანდაცვის ექიმი, 112-ის ექიმი... ვიღაცისთვის შინ უნდა ემკურნალათ, ვიღაცისთვის - კოვიდსასტუმროში, ვიღაცისთვის კლინიკაში, ვიღაცისთვის რეანიმაციაში. ეს რჩევა თავის დროზე რომ გაეთვალისწინებინათ, ახლა სტადიონიდან აღარ მოგვიწევდა ავადმყოფების გადანაწილება. ძალიან მალე დადგება ექთანების პრობლემაც. დღეს არსებული რესურსი უკვე მთლიანად გადანაწილებულია და ხშირად დანაკლისიც არის.

- გამოდის, ლოკდაუნი გარდაუვალია?

- ვერ გეტყვით, ამ ხელისუფლების ხელში ყველანაირი პროგნოზი შეუძლებელია. ლოკდაუნი საჭიროა დროის მოსაგებად და მთავარი საქმის სწრაფად გასაკეთებლად. ვგულისხმობ ექიმებისა და ექთანების მობილიზებას, საწოლფონდებს, ტესტირებას, ვაქცინაციას და ა.შ. უამისოდ აზრი არა აქვს ლოკდაუნს. როცა გახსნი, მაშინვე გაგექცევა სიტუაცია. როდემდე იქნები ჩაკეტილი? იმედი რომ მქონდეს, ხელისუფლება ამ ყველაფერს მოაგვარებდა, მეც გამოვიდოდი ლოკდაუნის ინიციატივით, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრი არა აქვს.

- ლოკდაუნის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის ჩატარება მაინც მოგიწევთ, როდის უნდა წარადგინოთ თქვენი მერობის კანდიდატი? - ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით, 30 აგვისტოდან უკვე "სტარტს ავიღებთ". გვირჩევნია მომზადებაში მეტი დრო დავხარჯოთ და შედეგი შესაბამისი მივიღოთ. თქვენ ნახეთ, რომ ზოგიერთმა პარტიამ წარადგინა მერობის კანდიდატი, გამართა კამპანიის პრეზენტაცია, მაგრამ რა? საარჩევნო პროგრამებიც ვერ წარმოადგინეს ამ დრომდე. ჩვენ გვირჩევნია ყველა დეტალი გავთვალოთ და მერე წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე.

- ძალიან ცოტა დრო ხომ არ გრჩებათ ამისთვის? - არა, ჩვენ ერთთვიან კამპანიაზე გავთვალეთ პროგრამა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის ერთი თვე საკმარისია. შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო მარათონში. თქვენ ნახავთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ყველაზე კარგად მომზადებული წარდგება ამომრჩევლის წინაშე. რთული პანდემიური ვითარების გამო საარჩევნო კამპანია სრულფასოვანი ვერ იქნება იმის გამო, რომ ხალხმრავალ შეხვედრებს ვერ გავმართავთ, მაგრამ სოციალურ მედიას აქტიურად გამოვიყენებთ. გვექნება რეგულაციების ფარგლებში დაშვებული ინდივიდუალური შეხვედრებიც.

- "ლელოც" ძალიან აყოვნებს საკუთარი კანდიდატის დასახელებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ "მესამე ძალა" დაირქვით. საერთო კანდიდატზე, საერთო სტრატეგიაზე ხომ არ თანხმდებით? - არა, ჩვენ დამოუკიდებლად ვიბრძოლებთ. ვინ იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი და რა კონფიგურაცია გვექნება, 30 აგვისტოს ვისაუბრებთ.

ხათუნა ბახტურიძე