"გაოგნებული ვარ გახარიას ფარისევლობით... ნამდვილად ვწუხვარ, რომ ის და მისი გუნდი დღეს ამ დღეში არიან, მაგრამ..."
"აბა, შემეჯიბროს რომელიმე! მიუხედავად იმისა, რომ სხვა კანდიდატები მამაკაცები არიან, მე ყველაზე მებრძოლი ვარ!"
"სიძულვილი და ზიზღი კიდევ უფრო ართულებს პოლიტიკურ კლიმატს, წამლავს საარჩევნო გარემოს. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შავი პიარი ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე, რომლის აზრითაც მისი პარტია ერთადერთია, რომელიც დღეს ქალაქის რეალურ პრობლემებზე საუბრობს. წინასაარჩევნო გარემოზე, შავ პიარზე, პარტიის ბრძოლის სტრატეგიასა და სხვა საინტერესო თემებზე ანა დოლიძე გვესაუბრება:
- როგორც ჩანს, "ოცნება" ცდილობს წინასაარჩევნო ფორმატი შეცვალოს და პოლიტიკური პარტიები თავდასხმებისა და თავდაცვის რეჟიმში გვამყოფოს, რომ პარტიებს არა აქვთ სლოგანები, ხედვები, თეზისები, ერთმანეთის ლანძღვასა და გაშავებაზე არიან გადართული. ჩვენი სლოგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არის ,,მერი ყველასთვის!". მე არ ვიცი, როგორია სხვა პარტიების საარჩევნო სლოგანი.
ვუყურებ "ოცნების" ბანერებს, რომლებსაც აწერია, "კალაძის გუნდი საკრებულოში". ეს არის საარჩევნო სლოგანი?! ამით რისი თქმა უნდათ, თბილისი უფრო ევროპული ქალაქი იქნება, უფრო კომფორტული თუ როგორი? ჩვენი მთავარი ხედვა არის "ქალაქი ყველასთვის", ჩვენი კამპანიის მთავარი თეზისია "გონივრული განვითარება". რასაც დღეს ვხედავთ თბილისში, არ არის გონივრული განვითარება.
- თქვენ რას გულისხმობთ გონივრულ განვითარებაში? - ყველა მოსახლეს საცხოვრებელი სახლიდან 10 წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს პარკი. ეს არის ევროპული სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ თუკი ვინმე მოინდომებს პარკში კორპუსის ჩადგმას, უარს მიიღებს. დღეს ეს ასე არ ხდება. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი "შანხაის" ტერიტორიაზე. მორიგი ბეტონის გეტო შენდება. ხალხი ყიდულობს ახალ ბინას იმისთვის, რომ თანამედროვე, ევროპული სტანდარტის გარემოში იცხოვროს, სინამდვილეში კი ბეტონის გეტოში ცხოვრება უწევს. როდესაც დასავლეთში მშენებლობას იწყებენ, დეველოპერები იქვე გეგმავენ მწვანე სივრცეს, მაღაზიას, ახალ უბანს აშენებენ. ქალაქი უნდა განვითარდეს, კორპუსებიც უნდა აშენდეს, მაგრამ იქ, სადაც სივრცეა.
თბილისს სჭირდება მერი, რომელიც თბილისს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად მწვანე ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს, ვინც იზრუნებს სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ ხალხს არ შეეშინდება ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით სახლი თავზე არ ჩამოენგრევა, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ. მერი, რომელიც შექმნის ეფექტურ ინფრასტრუქტურას. 21-ე საუკუნეში სირცხვილია საპირფარეშოებზე, კანალიზაციაზე, ტროტუარებზე, პარკინგსა და ბევრ სხვა პრობლემაზე ლაპარაკი.
ქალაქის ეკონომიკას სჭირდება ვაჭრობის კონცეფციიდან ამოყვანა - მერი უნდა ეხმარებოდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი წარმოების თუ ბიზნესის განვითარებას. მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის უფლება და მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე. თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას.
- შთამბეჭდავია თქვენი გეგმა, მაგრამ, ალბათ, მისი შესრულება ძნელი იქნება. ფიქრობთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ გეგმისთვის რესურსი გექნებათ? - გეთანხმებით, ამ გეგმის შესრულება ნამდვილად ძნელია, მაგრამ... რატომ ვამბობ, რომ მერად მე უნდა ამირჩიონ? იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები არიან, მე ყველაზე მებრძოლი ვარ. აბა, შემეჯიბროს რომელიმე. სააკაშვილის ხელისუფლებასაც დავუპირისპირდი, ამ ხელისუფლებასაც და აზარტული თამაშების ინდუსტრიასაც, სადაც მილიონები ტრიალებს. მერობის რომელი კანდიდატი გამოირჩევა მსგავსი მახასიათებლებით?
- მაშინ როცა მძიმე ეპიდსიტუაციის გამო შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორის გაჩერებულია საქალაქო ტრანსპორტი, რატომ არ იხურება ან არ იზღუდება მაინც კაზინოების მუშაობა, სადაც დახურულ სივრცეში ასეულობით კაცია თავშეყრილი? - ეს არის კატასტროფა, კორუფციის, უნიათობის ნიშანი. მართლაც წარმოუდგენელია ტრანსპორტი გააჩერო და კაზინოები ღია დატოვო. გამოდის, იერიში მიიტანეს მშრომელ ხალხზე, აზარტულ მოთამაშეებს კი ხელი შეუწყვეს. ამას პირადი ინტერესების გარდა, სხვა ვერაფრით ავხსნი.
- თქვენი საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ქალაქის სამეურნეო მოწყობაზე გადის და თქვენ ამას საკუთარ უპირატესობად მიიჩნევთ. თვითმმართველობის არჩევნებზე ასეც უნდა იყოს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა სხვა ტიპის თვითმმართველობის არჩევნებია და ბრძოლის ხაზი მაინც პოლიტიკაზე გადის? - გეთანხმებით, დღეს ქალაქის მერობა ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის თანამდებობაა ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, სად უნდა მიდიოდეს მილიონები ბიუჯეტიდან, ჩინოვნიკების ჯიბეში თუ ხალხში. ეს პოლიტიკური თემაა. გარდა ამისა, ჩვენი, პირადად ჩემი, არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი "ოცნების" დასუსტებაა. მე გამოვრიცხავ, "ოცნების" გამარჯვებას. მმართველი გუნდის ლიდერებმაც იციან, რომ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ამიტომ ველოდები, რომ ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ.
- მთავარ ოპონენტად "ოცნებას" მიიჩნევთ? - ჩვენი მთავარი პრობლემა ორპოლუსიანობა და სიძულვილია. შეხედეთ ღარიბაშვილის კამპანიას, რა დღეშია, რა სიძულვილი იფრქვევა მისი განცხადებებიდან.
- მე კონკურენტზე გკითხეთ. - დიახ, სწორედაც ორპოლუსიანობაა ჩემი მთავარი კონკურენტი.K კონკრეტულ მაგალითს გეტყვით:
პირველი ვიყავი, ვინც დასუფთავების სამსახურში არსებული პრობლემების გამო ხმა აიმაღლა - სამართლებრივადაც ვიბრძოლე და პოლიტიკურადაც. დღეს ეს პრობლემა მთავარ თემად აქვს აღებული "ნაცმოძრაობას" და ლანძღავს კალაძეს, "ოცნება" კი ყველაფერს "ნაციონალებს" აბრალებს და მელიას ლანძღავს. ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ პარტია "ხალხისთვის" არ ეხსენებინა. აი, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩვენ ვერ ვახერხებთ საზოგადოებამდე სათქმელის მიტანას. ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს მონოპოლიზებული აქვს მედიები და ჩვენი ხმა აღარსად ისმის.
- სხვა პატარა პოლიტიკური პარტიებიც ამბობენ, რომ ორპოლუსიანობას ებრძვიან. ფიქრობთ, რომ ორ პოლიტიკურ გიგანტთან ცალ-ცალკე ბრძოლა სწორი სტრატეგიაა? - ჩვენი პარტია ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ამომრჩეველი ჩვენს ხაზს დაუჭერს მხარს. ალიანსების შექმნას აქვს ასეთი პრობლემა - ხშირად ამომრჩეველი დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად აღარ აღგიქვამს. ამიტომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად ბრძოლა...
- შარშან, როცა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთეთ, თქვენი დაფინანსების შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდა... - დიახ, შარშან ამ დროს ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა მთლიანი სიუჟეტი მომიძღვნა. თქვეს, რომ მექნებოდა კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტია და აუცილებლად შევიდოდი პარლამენტში. მსგავსი არაფერი მომხდარა...
შემდეგ რუსული ძალის სასარგებლოდ მუშაობაც დამაბრალეს. ასეთი ცილისწამებები, დეზინფორმაცია, შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ ყოველთვის იყო და იქნება. ჩვენ გვყავს შემომწირველების ძალიან კარგი ერთობა. ყველაფერი გამჭვირვალეა და ყოველივე იცის აუდიტის სამსახურმა.
- ამბობთ, რომ ხელისუფლება გითვალთვალებთ, გდევნით, დეზინფორმაციას ავრცელებს. ამავეს ამბობს გიორგი გახარიაც, რომ მისი პრემიერობის დროს ამ ყველაფერს არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. თქვენ თუ ხედავთ განსხვავებას ხელწერაში? - გაოგნებული ვარ გახარიას ფარისევლობით. სწორედაც მისი პრემიერობის დროს, შარშან, არჩევნების პერიოდში, ოთხჯერ შევიტანე განცხადება შსს-ში თვალთვალზე, ადევნებასა და თავდასხმაზე. არც გახარია დაინტერესებულა ამ საქმით და არც საბანაძე. გახარიას ნიანგის ცრემლების არ მჯერა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ის და მისი გუნდი დღეს ამ დღეში არიან, მაგრამ ამ ყველაფერზე თავადაც არის პასუხისმგებელი. არაფერი გააკეთა ისეთი სასამართლოს შესაქმნელად, რომელიც თუნდაც მისივე უფლებებს დაიცავდა. ღვაროს ახლა ნიანგის ცრემლები!
ხათუნა ბახტურიძე