"უგულავამ რაც უნდა იყვიროს, ფაქტი ფაქტად რჩება - ის მხილებულია კორუფციაში და გასამართლებულია" - კვირის პალიტრა

"უგულავამ რაც უნდა იყვიროს, ფაქტი ფაქტად რჩება - ის მხილებულია კორუფციაში და გასამართლებულია"

"გთხოვთ, ამოიღეთ არქივიდან ოპოზიციონერების განცხადებები. ბევრ ასეთ ფრაზას ნახავთ: "გახსენით ქვეყანა, ნუ ჩაგვკეტეთ", "ხალხი შიმშილით იხოცება", "მიეცით ხალხს მუშაობის საშუალება"... ჩვენ ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ - ვხსნით ეკონომიკას და ვმართავთ პანდემიას..."

ოპოზიციონერებსა და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ლიდერები ნერვების დაწყნარებასა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებით მანიპულირებისგან თავშეკავებას ურჩევენ. მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ახლა ძალიან მძიმე ვითარებაში არიან, პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული აქვთ, არც კონკრეტული ხედვა-შეთავაზება გააჩნიათ და არც საკადრო რესურსი. "ოპოზიცია იძულებულია ადგილობრივ არჩევნებში პარლამენტის წევრები და ცნობილი პირები წარადგინოს, რათა ამ გზით ხმების რაღაც რაოდენობა მაინც აიღოს. ოპოზიციის მიზანი ადგილობრივ არჩევნებში არა ხმების მოპოვება, არამედ "ქართული ოცნების" დაზიანებაა, რაც მარცხით დასრულდება", - ამბობს ქადაგიშვილი და მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინიციატივებზე, ხედვებსა და რესურსებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება:

- ოპოზიცია რომ არჩევნების შედეგებით არ არის დაინტერესებული და მხოლოდ ჩვენს დაზიანებაზე ფიქრობს, ისიც მეტყველებს, რომ აბსურდულ თემებზე, მაგალითად, რეფერენდუმზე ლაპარაკობს. "ნაცმოძრაობამ" დიდ ქალაქებში მერობის კანდიდატებად პარლამენტის წევრები წარადგინა, რადგან სხვა რესურსი არა აქვს.

- "ნაციონალებმა" ფოთში გიგი უგულავა წარადგინეს. რამდენად ანგარიშგასაწევ კონკურენტად მიგაჩნიათ? - უგულავას შანსი მიზერულია. რაც უნდა იყვიროს, ფაქტი ფაქტად რჩება - ის მხილებულია კორუფციაში და გასამართლებულია. ეს არ არის ჭორები, სასამართლოს დადგენილებაა. კორუფცია დაკავშირებული იყო არა მარტო პირად ანგარებასთან, არამედ ქალაქის ბიუჯეტიდან მისი პარტიის დაფინანსებასთანაც. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მისი შანსი ძალიან დაბალ დონეზე შეფასდეს.

ახლა ცდილობენ ტყუილებითა და ცილისწამებით ჩვენს კანდიდატებს მიაყენონ ზიანი, მაგრამ ვერ შეძლებენ, ხალხს მათი არ სჯერა.

- ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, სადაც სოფლებში გზების გაყვანასა და სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს. ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ ასეთ ყოფით პრობლემებზე საუბარი დაგვიანებული ხომ არ არის? ახლა გურიის ერთ-ერთ სოფელში ვარ, სადაც არც წყალია, არც გზა. - სასმელი წყლისა და გზის პრობლემა საბჭოთა პერიოდიდან იყო თითქმის ყველა სოფელში. ჩვენ საქმეს გეგმაზომიერად მივყვებით. გზები თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად დიდ სოფელში დავაგეთ. შესაძლოა დარჩა რამდენიმე სოფელი, სადაც შიდა, საუბნო გზა არ არის შეყვანილი, ცენტრალური გზა კი ყველგან გაკეთებულია. წყლის პრობლემა არასდროს ყოფილა საქართველოს სოფლებში მოგვარებული. ჩვენ ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს დაწყებული, რაც 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ვინც ფერმერულ მეურნეობას მისდევს, ძალიან კარგად იცის, რა არის იაფი ფული. სახელმწიფომ არაერთი გრანტი და სესხი გასცა სოფლის დასახმარებლად. დღეს ყველა რეგიონში მიმდინარეობს ურბანული განახლება. გასაკეთებელი კიდევ არის და ჩვენ სამუშაოდ მზად ვართ.

- თქვენ თქვით, რომ ოპოზიცია პანდემიური პრობლემებით სპეკულირებს, თუმცა ბოლო დროს ეპიდსიტუაცია მართლაც ძალიან დამძიმდა, კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? - გთხოვთ, ამოიღეთ არქივიდან ოპოზიციონერების განცხადებები. ბევრ ასეთ ფრაზას ნახავთ: "გახსენით ქვეყანა, ნუ ჩაგვკეტეთ", "ხალხი შიმშილით იხოცება", "მიეცით ხალხს მუშაობის საშუალება"... ჩვენ ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ - ვხსნით ეკონომიკას და ვმართავთ პანდემიას.

დღეს ყველანაირი საშუალებაა, ხალხი მასობრივად აიცრას და რეგულაციებიც დაიცვას. ამიტომ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას ნუ დავაკისრებთ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა აიცრას, პირბადე ატაროს, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

სახელმწიფო საშუალებას იძლევა, რომ დღეში 30 000 აცრა გაკეთდეს. ჩემს 6-კაციან ოჯახში ყველა აცრილი ვართ, მოზარდიც კი ავცერით. სამეზობლოში, სანათესაოში ყველგან ვეწევი პროპაგანდას. ზოგს შიში აქვს, ზოგს უცნაური მოსაზრებები, მაგრამ პანდემიის შეჩერების სხვა გზა კაცობრიობის ისტორიამ არ იცის და ჩვენ რა გავაკეთოთ?! ლოკდაუნის დაწესება ეკონომიკას საბოლოოდ გაწყვეტს წელში, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ.

საჭიროა ერისა და ბერის ერთსულოვნება. აღარ იქნება ლოკდაუნი, ამ პრაქტიკას აღარავინ მიმართავს მსოფლიოში, მთელი აქცენტი ვაქცინაციაზეა გადასული. დღეის მდგომარეობით 900 000-ზე მეტი ვაქცინირებული გვყავს. თუ ამ ტემპს კიდევ გავზრდით, მალე 2 მილიონი კაცი გვეყოლება აცრილი. მეორე მხრივ, ბევრს უკვე გადატანილი აქვს "კოვიდი", რაც კოლექტიურ იმუნიზაციას შეუწყობს ხელს.

ყველას ვთხოვ, ხელისუფლების მხარდამჭერია თუ ოპოზიციის, ავიცრათ და თავი დავანებოთ სპეკულაციებს. სავალდებულო აცრაზეც დაიწყო საუბარი, მაგრამ ამ ინიციატივას საფრანგეთში, ბალტიისპირეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზაა აგიტაცია-პროპაგანდა და ხალხის დარწმუნება ვაქცინაციის სიკეთეში.

- პანდემიური ვითარება არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას ხელს არ შეუშლის? - რა თქმა უნდა, შეუშლის, მაგრამ რა ვქნათ, საარჩევნო პროცესს ხომ ვერ შევაჩერებთ?! საარჩევნო კომისიის წევრებში სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს. თავად კანდიდატებიც აცრილი არიან. სხვა გამოსავალი არა გვაქვს, ექსტრემალურ ვითარებაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.

ხათუნა ბახტურიძე