"ვფიქრობ, მართლაც გაჩნდება მესამე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ მაშინ, როდესაც გამოჩნდება, ვინ ვისთანაა..." - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, მართლაც გაჩნდება მესამე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ მაშინ, როდესაც გამოჩნდება, ვინ ვისთანაა..."

"ისევ უჩვეულო სიჩუმეა, მხოლოდ მმართველი გუნდი აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ, "მოქალაქეები", ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შეზღუდული რესურსებით, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სათქმელი ამომრჩეველთან მივიტანოთ", - ამბობს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ დედაქალაქში ორიგინალური საარჩევნო ბანერები გაჩნდა წარწერებით: "ნიკანორ, ფიროსმანის ქუჩა აღსადგენია", "კახა, რაო ბიძინამ ლაგუნაზე?", "ნიკანორ, კახას იპოდრომი შენც მოგწონს?"... რა ტიპის სტრატეგია აირჩიეს "მოქალაქეებმა" და ვის შეიძლება დაუჭირონ მხარი, ამ საკითხებზე ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- როგორც ვატყობ, ჩვენ გარდა, ოპოზიციიდან საარჩევნო კამპანია არავის აქვს. საარჩევნო ბილბორდებიც არავის გამოუკრავს. 2020 წლის არჩევნებზე სხვა მუხტი იყო. რით ავხსნი ამ უჩვეულო სიჩუმეს? ბევრი მიზეზი აქვს. ჩემი აზრით, თუ გამარჯვებისთვის იბრძვი, სულ მცირე, საარჩევნო კამპანია მაინც უნდა აწარმოო. უპირველესად "ნაცმოძრაობისგან" არის გასაკვირი სიჩუმე. რადგან საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებენ, გამოდის, გარანტირებულად იციან, რომ მეორე ადგილზე გავლენ. როგორც ჩანს, მათთვის მეორე ადგილიც მისაღებია.

ყველა განვლილმა არჩევნებმა ცხადყო, რომ მარტო "ნაციონალები" "ოცნებას" ვერ დაამარცხებენ. 15 არჩევნები უკვე წააგეს, იციან, რომ მე-16 არჩევნებსაც წააგებენ, რადგან მათ გარშემო არ შეიკრიბა ოპოზიციური სპექტრი. ფაქტობრივად, მარტო არიან, თუ ყოფილი "ნაციონალებით" დაკომპლექტებულ პარტიებს არ ჩავთვლით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც "ნაციონალებთან" ერთად საერთო ფრონტის გახსნაზე უარი თქვა? - არა, ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც კი ოპოზიციამ რაღაც დონეზე მაინც შეძლო გაერთიანება, ამ გაერთიანების სათავისოდ პოლიტიკურად კონვერტაცია გადაწყვიტა მხოლოდ ერთმა პარტიამ.

დიახ, "ნაციონალები" როგორც კი მომენტს იხელთებენ, ცდილობენ თავიანთი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს და ვინც შეეწინააღმდეგება, საშინელ სამსჯავროს უწყობენ. არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მიღება. ვინც კი მათ მოსაზრებას არ გაიზიარებს, თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ყველას თავზე გადაუვლიან, ღირსებას შეულახავენ. რეპუტაცია უკვე ძალიან შეელახათ, შესაბამისად, სხვა ოპოზიციური პარტიები მათთან საქმეს აღარ დაიჭერენ.

"ნაციონალებთან" ურთიერთობამ ყველას ერთი რამ გვასწავლა - ამ ხალხთან შეთანხმებას, პირობას, სიტყვას ფასი არა აქვს. როგორც კი მათი პოლიტიკური ამოცანისთვის საჭირო გახდება, მზად არიან გაგწირონ, ისე მოგექცნენ, როგორც მტერს და გაკადრონ ის, რაც "ოცნებასაც" არ უკადრებია. ასე მოგვექცნენ "მოქალაქეებს", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს"... ჩვენ განსაკუთრებით ცუდ დღეში ჩაგვაგდეს, იმიტომ, რომ პირველები ვიყავით, ვინც დავუპირისპირდით.

- სად გადის მთავარი ბრძოლის ხაზი? - ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობაში. დიახ, დისკრედიტაციაა ის, რითაც "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს აცოცხლებენ. 2012 წლიდან დღემდე, ყველა არჩევნებზე, "ნაცმოძრაობა" "საუკეთესო საფრთხეა" იმისთვის, რომ "ოცნებამ" ამომრჩევლის მობილიზება მოახერხოს. მას არაფერი აქვს საზოგადოებისთვის შესათავაზებელი, გარდა იმისა, რომ "ნაციონალებს" არ მოუშვებს ხელისუფლებაში. საარჩევნო გზავნილი კი ისევ ეს არის - "თუ ჩვენ არ ვიქნებით, ისევ "ნაციონალები" დაბრუნდებიან". მაგრამ ამან უკვე მოჭამა თავისი დრო, ხალხს სხვა რამის გაგება სურს.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმანეთის დისკრედიტაცია ახალ შესაძლებლობად იქცეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის - პოლიტიკური ველი თავისთავად მოსუფთავდეს. - არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. ვფიქრობ, მართლაც გაჩნდება მესამე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ არა მგონია, არჩევნებამდე მოხდეს. ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც დაიწმინდება სიტუაცია და გამოჩნდება, ვინ ვისთანაა და ვის რა ელექტორალური პოტენციალი აქვს.

- მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებელი", ალტერნატიულ ძალაზე - "ლელო". ამ პოლიტიკურ ძალებს თუ მოიაზრებთ მესამე ან ალტერნატიული ცენტრის შემქმნელებად და საკუთარ პარტიასაც თუ განიხილავთ მათთან ერთად? - თქვენ მიერ ნახსენები პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთმა პირდაპირ "მესამე ძალა" დაირქვა. მხოლოდ სახელის შეცვლა არ არის საკმარისი, რომ ეს პოლიტიკური ფუნქცია შეასრულო. "ნაციონალების" გარდა, დანარჩენი ოპოზიციიდან ვინ შეძლებს ალტერნატიული თუ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას, ამას არჩევნები გამოავლენს. არ ვიცი, რა იქნება. მე "ნაცმოძრაობის" გარდა, ყველა პროდასავლურ პარტიას წარმატებას ვუსურვებ. ახლა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პარტია გავაძლიეროთ, საარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ და ა.შ.

- ამბობთ, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ბილბორდებიც არ გამოუტანიათ. თქვენს ორიგინალურ ბილბორდებზე რას იტყვით? - ამ ბილბორდებზე გადმოცემულია ჩვენი საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი. დადგა დრო, რომ ვილაპარაკოთ თბილისელების რეალურ საჭიროებებზე და თავი დავანებოთ პოლიტიკურ კინკლაობას. ჩვენ მივმართავთ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს: ვიმსჯელოთ თბილისის პრობლემებზე და არა რეფერენდუმზე. რეფერენდუმი ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო. ეს არ არის საინტერესო მოსახლეობისთვის, მით უფრო, რომ "ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარც დგას.

- თქვენი ბილბორდებით მერობის მხოლოდ ორ კანდიდატს მიმართავთ, მელიას და კალაძეს. რა გამოდის, "ოცნებისა" და "ნაციონალების" გარდა თქვენც არავის აღიარებთ? - დღეს ასეთია რეალობა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ ორს შორის იქნება ნამდვილი ბრძოლა. სხვა არ ჩანს. თუ გამოჩნდება, მისთვისაც გავამზადებთ ბილბორდს.

ხათუნა ბახტურიძე