"კომპანიაში დასაქმებულთა პოლიტიკური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ პროტესტი ინსპირირებული იყო" - კვირის პალიტრა

"კომპანიაში დასაქმებულთა პოლიტიკური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ პროტესტი ინსპირირებული იყო"

გასულ კვირას "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს ხელფასების 50%-ით გაზრდისა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. დასაქმებულების განცხადებით, გაუმართავი ტექნიკა და არასათანადო ეკიპირება არაერთხელ გამხდარა საგანგაშო ინციდენტების მიზეზი, თუმცა კომპანია რესურსების გამოყოფაზე წლებია უარს აცხადებს. შპს "თბილსერვისჯგუფის" 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. კომპანიას თბილისის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების მართვა, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ. ევალება. კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულიას განცხადებით, პანდემიის პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან, დასაქმებულებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ, ხოლო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა თანამშრომელს "უფასო დაზღვევა ექნება".

"ეს კაცი ჩვენი საქმის მოღალატეა..."

"თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლების გაღიზიანება დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მედიაში გაჟღერებულ ბრალდებებსა და პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა. კოლეგები მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჩვენი მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, ამბობს საინიციატივო ჯგუფის სახელით "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომელი პავლე ბედოიძე. მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის განცხადებები შეურაცხმყოფელია და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ:

"ირაკლი ბაღდავაძემ ნიკა გვარამიას ტელევიზიაში ისეთი განცხადებები გააკეთა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელია. თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან... ჩვენთან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს. ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ეს კაცი ჩვენი საქმის მოღალატეა. პირადი არჩია საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენს ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებსა და "ნაციონალებთან" დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი აღარ აინტერესებს. ჩვენ საქმის კეთებასა და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ".

"პრობლემების მოგვარება თუ გვინდა, პოლიტიკური განცხადებები საჭირო არ არის. ისე, 20 წელია ამ სამსახურში ვარ და წინა ხელისუფლების დროს ვინმეს მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, სამსახური კი არა, ცხოვრება მორჩებოდა უკან", - გვითხრა "თბილსერვისჯგუფის" ერთ-ერთმა სტაჟიანმა თანამშრომელმა.

"ციყვებს ნუ გვეძახიან"

ირაკლი ბაღდავაძეს აზრი არ შეუცვლია, ის კვლავ სამსახურის ხელმძღვანელობის თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს: "რომ მიჭირს, იმიტომ ვმუშაობ აქ, მილიონერი ნაგავში არ იმუშავებს. დაგვაფასონ და ციყვებს ნუ გვეძახიან იმიტომ, რომ ნაგვის მანქანებზე უკან ვართ ჩამოკიდებული... არასდროს გვინახავს კონტრაქტები, შვებულებით ვერასდროს ვსარგებლობთ, თან უნდა გვეშინოდეს, რომ პროტესტის გამოხატვის შემდეგ გაგვათავისუფლებენ".

"ეს უნიჭო პიარაქცია იყო"

ვატო შაქარაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი: - კომპანიის თანამშრომლების პროტესტი არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა და აშკარაა, რომ ამაში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. "ნაცმოძრაობა" მავნებლური ორგანიზაციაა და სრულიად შესაძლებელია როგორც სხვა სფეროში, აქაც რაღაცებს ხლართავდეს. ცუდია, რომ ხელისუფლებამაც წაახალისა ამ პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებად გადაქცევა. ასეთ დროს, როგორც წესი, ის იჭყლიტება, ვინც გულწრფელად აპროტესტებს პრობლემებს.

დიდი ხნის წინ მეც ვითხოვდი ამ ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდასა და პირობების გაუმჯობესებას. უსამართლობა იქნებოდა, ყველაფერი ახლანდელი მერიისთვის დაგვებრალებინა, რადგან იმ ორგანიზაციაში წლების წინანდელი პრობლემებია. დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ბიუჯეტიდან საკუთარ პიარზე 5 მილიონს რომ ხარჯავს, კარგი იქნებოდა, ეს თანხა მეეზოვეების, დასუფთავების ეკოსერვისსა და ქალაქის სხვა სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარებოდა.

- "არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები გადაიღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია", - განაცხადა კალაძემ. - ეს უნიჭო პიარაქცია იყო. ახლა გაიგო, რომ იმ ხალხს, "თბილისის ჯარისკაცებს", მიზერულ თანხად, ფაქტობრივად, ენთუზიაზმით, უწევთ მძიმე და მნიშვნელოვანი საქმის კეთება? თუ ახლა გაიგო, მით უარესი მისთვის, ამდენი წელია ქალაქის მერია. რა გააკეთა მათი კეთილდღეობისთვის? ახლა ცდილობს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, ისევე როგორც "ნაცმოძრაობა". კომპანიაში დასაქმებულთა პოლიტიკური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ პროტესტი ინსპირირებული იყო. იმიტომ კი არა, რომ ამ სამსახურში პრობლემები არ არსებობს, ამ ფორმით მისი გამოხატვა არ იყო გამართლებული, რადგან მაშინვე პოლიტიკურმა ძალებმა დაუჭირეს მხარი. მავნებელი ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ჩასაფრებულია და სიტუაციის არევას ცდილობს. გიგი უგულავას მეეზოვეებად ჰყავდა გაფორმებულიM მომღერლები, შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები და ქალაქის ბიუჯეტიდან უხდიდა ხელფასებს, რადგან ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდნენ "ნაცმოძრაობას". ახლა კი ისე გამოდიან, თითქოს ძალიან შესტკივათ გული მათზე. არადა, მორალური უფლება არა აქვთ მათ ანაზღაურებასა და პირობებზე ისაუბრონ. თუმცა "თბილსერვისში" მართლაც უამრავი პრობლემაა და ამის დამალვა შეუძლებელია.

კალაძე სოცქსელის თავისი გვერდის ადმინისტრატორს, ალბათ, 5-ათასლარიან ხელფასს უხდის. ალბათ, აწი მაინც გაახსენდება, რომ ამ პანდემიის დროს ეს ხალხი სამსახურში ფეხით დადის, რადგან ტრანსპორტი გაჩერებულია, ტაქსის ფული კი არა აქვთ.

მე ვიცნობ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და იმედია, არ დაუშვებენ, რომ "თბილსერვისჯგუფი" ვინმემ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვიღაცების ინტერესების გატარებაზე კი არა, თანამშრომლების კეთილდღეობაზე უნდა იფიქრონ.