რჩევები ქალებს ლეგენდარული ვიზაჟისტისგან - კვირის პალიტრა

რჩევები ქალებს ლეგენდარული ვიზაჟისტისგან

"ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ მიყვარს, არის სახის ასაჭიმი, რომელიც სპეციალური თმის სამაგრებით სახეზე მაგრდება. მე ბუნებრივად, საღებავების მეშვეობით სახის აჭიმვას ვამჯობინებ... რამდენიმე კლიენტი დავკარგე იმის გამო, რომ თმის სამაგრებით სახის საჭიმი არ გავუკეთე. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სახის ასაჭიმი ფირფიტების, რომლებიც დროებითია და მხოლოდ იმ მომენტში გამოიყენება..."

სენდი ლინტერი, ამერიკელი ვიზაჟისტი, უკვე მეხუთე ათეული წელია, ჰოლივუდელების რჩეულია. ბრუკ შილდსი, ელიზაბეტ ჰარლი, დაიანა როსი, ჟაკლინ კენედი - ეს მისი კლიენტების არასრული ჩამონათვალია. 73 წლის სილამაზის ექსპერტი თავად საოცრად გამოიყურება და ყოველდღიურად ძალებს არ იშურებს ქალებისთვის. მის ინსტაგრამგვერდზე შეგვიძლია ვისწავლოთ ვიზაჟი, მანამდე კი ლეგენდარული სენდი ლინტერი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" კითხვებს პასუხობს.

- ჩემი კარიერა 1969 წელს დაიწყო, როდესაც მაღაზიათა ქსელ "ბლუმინგდეილში" კოსმეტიკის დახლთან დავიწყე მუშაობა. ამ დახლის მფლობელი იყო სახელგანთქმული დალაქი მისტერ კენეთი. მასვე ეკუთვნოდა სალონი მედისონ ავენიუზე. მისტერ კენეთთან თმას იჭრიდნენ ვარსკვლავები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები. ერთ დღეს კენეთმა "ბლუმინგდეილში" შემოიარა. ვთხოვე, შენთან სალონში დამაწყებინე მუშაობა-მეთქი. გასაუბრება გავიარე და ასე აღმოვჩნდი მის გუნდში. ჩემი ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო ჟაკლინ კენედი, 1972 წელს. ამ ქალთან მუშაობა ყველა ვიზაჟისტის ოცნება იყო. პირველ კლიენტებს შორის იყო ამერიკული "ვოგის" რედაქტორი შირლი ლორდიც. მან სტატია მომიძღვნა "ვოგში", ამის შემდეგ კი ჩემი, როგორც ვიზაჟისტის, კარიერა დაიწყო.

- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თქვენთვის?

- ყველაზე დიდი სირთულეები ჩემს პირად ურთიერთობებს უკავშირდება. ჯია კარანჯის შიდსით გარდაცვალება იყო ტრაგედია. მაშინ არ მქონდა ძალა, თავს მოვრეოდი და სამუშაოს დავბრუნებოდი. ჯია იყო ერთ-ერთ პირველი სუპერმოდელი. მან დიდი წვლილი შეიტანა მაღალი მოდის განვითარებაში. წლები დამჭირდება იმ ხალისის დასაბრუნებლად, რაც მანამდე მქონდა. როდესაც დეპრესიიდან გამოვედი და სამუშაოს დავუბრუნდი, ჩემს სფეროში უკვე ახალი სახეები იყვნენ და ჩემი ცხოვრება სრულიად სხვანაირად წარიმართა. ასეთ დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელია საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

- 27 წლისა თქვენ უკვე იყავით ყველაზე პოპულარული ვიზაჟისტი ნიუ-იორკში. ჟაკლინ კენედი თუ იჯერებდა თქვენს რჩევებს?

- არასდროს მიკითხავს ჯეკი კენედისთვის, როგორი მაკიაჟი სურდა. მე მას იმ მაკიჟს ვუკეთებდი, რომელიც ლამაზად და ახალგაზრდულად მიმაჩნდა. ერთხელ, თვალების შეღებვის დროს, როგორც კი ფანქარი შევახე, დაიყვირა. თურმე გაუთლელი ფანქარი შევახე და ეტკინა, მაგრამ მერე, მიდი, განაგრძეო, მითხრა. მოსწონდა, როდესაც მის ყველა ნაკვთს ვკვეთდი. ერთხელ ყველა იმ პროდუქციის სია მისცა თავის ასისტენტს, რასაც მე ვიყენებდი, გაგზავნა "ბლუმინგდეილში" და აყიდვინა.

წლების შემდეგ ცნობილმა ტელეწამყვანმა ბარბარა უოლტერსმა დამიქირავა ვიზაჟისთვის რობერტ მიტჩემთან ინტერვიუს წინ. ყველანი კუნძულ სენ მარტენზე გავემგზავრეთ. გაზონზე პატარა კარავი იყო ერთნათურიანი განათებით, სადაც ბარბარასთვის ვიზაჟი უნდა გამეკეთებინა. გამთენიისას ბარბარა უკვე მზად იყო. შემოქმედებითმა ჯგუფმა აღტაცება ვერ დამალა, როდესაც ის დაინახეს. ინტერვიუს შემდეგ ლანჩზე მან ქათინაურებით ამავსო. ძალიან ბევრ რაღაცას მეკითხებოდა, როდესაც ვღებავდი. განსაკუთრებით აინტერესებდა, რატომ ვიყენებდი "შანელის" პროდუქციას და არა - ჩვეულებრივი სატელევიზიო ვიზაჟის ბრენდებიდან რომელიმეს. ჩემი შეხედულებით და გემოვნებით ვარჩევ-მეთქი, ვუპასუხე. მას შემდეგ აღარაფერი უკითხავს, გადაღებებმა კი წარმატებით ჩაიარა.

- არის ისეთი პროდუქცია, რომელსაც არასდროს იყენებთ? - ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ მიყვარს, არის სახის ასაჭიმი, რომელიც სპეციალური თმის სამაგრებით სახეზე მაგრდება. მე ბუნებრივად, საღებავების მეშვეობით სახის აჭიმვას ვამჯობინებ. რამდენიმე კლიენტი დავკარგე იმის გამო, რომ თმის სამაგრებით სახის საჭიმი არ გავუკეთე. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სახის ასაჭიმი ფირფიტების, რომლებიც დროებითია და მხოლოდ იმ მომენტში გამოიყენება.

- გასულ საუკუნეში თუ იყო ვინმე ვიზაჟისტების შთაგონების წყარო? - მოდა და ესთეტიკა იყო და არის ჩემი შთაგონება. 1970-იან წლებში ევროპული გამოცემები და ევროპელი ვიზაჟისტები იყვნენ ჩემი შთაგონება. ყველაზე ლამაზი ვიზაჟი ჩემთვის გარემოებიდან გამომდინარეობს. როდესაც ქალს ვღებავ, იმაზე ვფიქრობ, მას მოეწონება თუ არა, მაგრამ როდესაც მოდელთან ვმუშაობ, მე ვიცი, რომ ის სამუშაოს ასრულებს და არ არის აუცილებელი, მოსწონდეს ჩემი ნახელავი, მთავარია, ფოტოგრაფი და გამომცემელი იყვნენ კმაყოფილი. ყველაფერი იდეალურად გამოდის, როდესაც ქალს უყვარს შეღებვა. მთავარია, უყვარდეს ვიზაჟი და სახის გალამაზება.

- რას ურჩევდით ქალებს იმისთვის, რომ მოვლილი სახის კანი ჰქონდეთ? - ქალებს ვურჩევდი, მოუარონ სახის კანს, რომ ჰქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი კანი მთელი ცხოვრება; მოუსმინონ დერმატოლოგებს. იცოდეთ, რომ მზე ყველაზე დიდ ზიანს აყენებს კანს. კანის კიბო, მელანომა, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ. გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები და აუცილებლად დაიცავით რეჟიმი მზის აბაზანების დროს - ეს არის ჩემი სილამაზის ფორმულა. ტონალური საცხის გამოყენებასაც გირჩევთ. სწორად შერჩეულ ტონალურს არასდროს მიუყენებია ზიანი კანისთვის. ტონალურს ვიყენებ თინეიჯერობის ასაკიდან, პლაჟზეც და არასდროს მიმიღია სახის დამწვრობა. მოგვიანებით რატომღაც ტონალური საცხის დაუმსახურებელი კრიტიკა დაიწყეს, რასაც არ ვეთანხმები. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ტონალური და გამოიყენეთ. დამიჯერეთ, არ ინანებთ. მე ასე ვიქცევი. აგერ, უკვე 73 წლის ვარ და თავის მოვლის განსაკუთრებული საიდუმლო არ მაქვს. მხოლოდ ორი ლიფტინგი მაქვს გაკეთებული.

- რომელი პროდუქციის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ვიზაჟი?

- თვალის ლაინერის! ჩემი თვალის ფერი ქრება, თუ ლაინერი არ გამოვიყენე. ასევე მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი!

- არის უნივერსალური ვიზაჟი, რომელიც ყველა ქალს უხდება? - არის! თვალის ტუში უნივერსალური პროდუქციაა ყველა ქალისთვის.