"ათენში ნარკოდანაშაულს შევესწარი, ამის გამო ერთ-ერთმა დანა გახსნა და გამომეკიდა"
28 წლის თათუკა დალაქიშვილი პროფესიით დიპლომატია, ლაპარაკობს იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად და რუსულად. ამჟამად დისტანციურად თანამშრომლობს ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან. საზოგადოება იცნობს, როგორც სამოგზაურო ბლოგ "პიკოპედიის" ავტორს. ამ ბლოგის საშუალებით უამრავ სწორ და კარგ რჩევას აძლევს მოგზაურობის მოყვარულებს, როგორ იმოგზაურონ ხელმისაწვდომ ფასად და რა ღირსშესანიშნაობები ნახონ ამა თუ იმ ქვეყანაში. რჩევებს არც ჩვენი მკითხველისთვის იშურებს და თავს გადამხდარ საინტერესო ამბებსაც გვიყვება.
- მოგზაურობა ბავშვობიდან ჩემი ინტერესის სფერო იყო - ბებია ზღაპრების ნაცვლად თავის მოგზაურობებზე მიყვებოდა. მან მასწავლა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ სასიამოვნო მოგონებების დაგროვებაა. ფანჯარასთან ვიდექი და ველოდებოდი, როდის გადაუფრენდა თვითმფრინავი ჩვენს სახლს და საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ მოვიდოდა დრო და მეც გავფრინდებოდი. ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობის ისტორია ბავშვობის ოცნებებიდან დღევანდელობამდე. პირველად ჩემი ოცნებებისთვის ფრთების შესხმა 17 წლისამ ვცადე, როდესაც მუშაობა დავიწყე... გადავწყვიტე, ჩემთვის საინტერესო ქვეყნებზე მეტი ინფორმაცია მომეძებნა და მიახლოებითი ხარჯი დამეთვალა. დავიწყე ფულის დაგროვებაც, მაგრამ სამოგზაუროდ პირველად 21 წლის ასაკში წავედი... უკვე 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თითოეულში რამდენჯერმეც კი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში შვიდი მოგზაურობა ჩამეშალა, მაგრამ გულს არ ვიტეხ, ვიცი, დრო მოვა და თითოეულს ვესტუმრები.
- რას სწავლობთ ამ მოგზაურობებიდან? - თავდაპირველად ვეცნობი კულტურას, იქაურთა ქცევას, კულინარიას. მოგზაურობა მეხმარება პიროვნულ ზრდაში, ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებასა და ზღვა ემოციების დაგროვებაში. ამ დროს კარგად გაიცნობ საკუთარ თავს, ხვდები შენს შესაძლებლობებს და ხედავ, როგორ ვითარდები ყოველი ახალი ქვეყნის ნახვის შემდეგ. გავმხდარიყავი მოგზაური, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა... უცხოეთში მოგზაურობამდე გადავწყვიტე, ჯერ საქართველო დამელაშქრა. სიმართლე გითხრათ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ლაშქრობის შემდეგ ემოციისგან ლამის დავმუნჯდი. მაშინ გავიგე, როგორი ძლიერი შეიძლება იყოს უწყინარი ბალახი და როგორ შეიძლება დაკარგული, მთის კიდეს გამოკიდებული მოლაშქრეები სწორედ ბალახის სიძლიერემ გადაარჩინოს. ხადას ხეობაში გზა აგვერია და, ჩვენდა გასაკვირად, მთის კიდეზე აღმოვჩნდით. უკანაც ვერ ვბრუნდებოდით, რადგან გვიღამდებოდა და ერთადერთი გზა მთის კიდის გადავლა იყო. ერთადერთი იმედი ბალახის სიძლიერე იყო. მას ვეჭიდებოდით და, როგორც იქნა, უსაფრთხო ადგილას გადავხოხდით. ყოველი ახალი რეგიონის სტუმრობის შემდეგ ვრწმუნდებოდი, რომ უნიკალური ქვეყანა გვაქვს. სულ ცოტა ხელის მიხმარება უნდა და ნამდვილად პირველი ქვეყანა ვიქნებით ტურიზმის კუთხით...
საქართველოს დათვალიერების შემდეგ პირველი ქვეყანა, რომელსაც ვესტუმრე, იტალია და მისი სამხრეთის ქალაქები იყო. კულტურული შოკი მივიღე. დროდადრო ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რომი მთლიანად მუზეუმია. საითაც უნდა გაიხედო, ისტორიის ნაწილს დაინახავ - ტაძრებში დიდი მხატვრების ნახატებს, მუზეუმებში კი წარმოუდგენელ სიმდიდრესა და უნიკალურ ექსპონატებს. ზღვისპირა ქალაქებმაც არ დამტოვა გულგრილი, მაგრამ იტალიაში მე ჩრდილო-დასავლეთის სანაპირო ზოლი უფრო მომწონს. არაჩვეულებრივია ჩინკვე ტერე თავისი ხუთი ზღვისპირა სოფლით. თავი ზღაპარში გეგონებათ. წარმოიდგინეთ სანახაობა, სადაც კამკამა ზღვაში თევზები უდარდელად დაცურავენ, შეჭრილია უსწორმასწორო კლდეები, რომლებზეც წამოსკუპებულია პატარა ფერადი სახლები ყვავილებითა და ლიმონის ხეებით. განსაკუთრებულად მომწონს პორტუგალიაც. ერთ ამბავს გავიხსენებ... სევილიიდან ლისაბონში ღამის ავტობუსით წავედით, რომელმაც დანიშნულების ადგილას ორი საათით ადრე მიგვიყვანა და ღამის 4 საათზე ჩამოგვსხა სადგურზე, სადაც არც ტრანსპორტი იყო და არც - კაფე. თავი შევაფარეთ სადგურის შენობას, სადაც ბევრი უსახლკარო, ლტოლვილი და, ცოტა არ იყოს, საშიში ადამიანიც იყო. მოგზაურობისას ასე ძალიან პირველად მაშინ შემეშინდა. ვცადე, სიბნელეში რაც შეიძლება მალე გავცლოდი იმ ადგილს. რაღაც სასწაულით მივაგენი საცხოვრებელს, რომელიც დაქირავებული მქონდა და, ჩემდა საბედნიეროდ, მასპინძელსაც ეღვიძა, მაგრამ სახლში შეპატიჟების შემდეგ ბარგი ჩამომართვა, მითხრა, რომ შუადღეს დავბრუნებულიყავი და დილის 6 საათზე კვლავ ქუჩაში გამომისტუმრა. მზის ამოსვლასთან ერთად ჩემი შიში აღფრთოვანებამ შეცვალა. ლისაბონი ნამდვილად ლამაზი ქალაქია, მაგრამ ქუჩაში სიარულისას ფრთხილად უნდა იყოთ...
ერთ სახალისო ისტორიასაც გავიხსენებ, როგორ ველოდებოდით მე და კიდევ ათასობით ესპანელი მზისგულზე ბარაკ ობამას, რომელიც სევილიაში იყო. ორი საათის შემდეგ გავიგეთ, რომ დიდი ხნის წინ გასულიყო სასტუმროს უკანა კარიდან. გაბრაზებულმა ესპანელებმა გული არ გაიტეხეს და სიმღერა და ცეკვა გამართეს...
სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან ბევრი გეგმა ჩამიშალა, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. ვაგროვებ ინფორმაციას და ვეძებ საინტერესო ადგილებს, რათა მკითხველს გავუზიარო. ჩემს მკითხველთა შორის არიან ქართველი ემიგრანტებიც. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ და ვცდილობ, გზამკვლევები მათთვისაც საინტერესოდ დავწერო.
- ყველაზე ხშირად რა აინტერესებთ ახალბედა მოგზაურებს, რას კითხულობენ? - ყველა წვრილმანი, მაგალითად, ხშირად მეკითხებიან, ამა თუ იმ ქვეყანაში სად არის ადგილები, სადაც გემრიელად შეძლებენ დანაყრებას. საერთოდ, ქვეყნის კარგად გაცნობა თუ გვსურს, აუცილებლად უნდა გავეცნოთ იქაურ სამზარეულოს. ყველაზე გემრიელ კერძებს გასინჯავთ სტამბოლში, სადაც ფეხის დადგმისთანავე გაგაბრუებთ სიმითების, დონერებისა და თევზის სურნელი. ამ მშვენიერ ქალაქში ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ თამამად შეხვიდეთ და გემრიელად მიირთვათ. აქ ზუსტად იციან, როგორ მოამზადონ კერძი ისე, რომ მისი გემო არასდროს დაგავიწყდეს. პრაღაშიც კერძების მრავალფეროვნება დაგხვდებათ. არომატული "სვიჩკოვა", შემწვარი იხვი, "გულიაში". კერძები ამოუწურავია და გემო - დაუვიწყარი. ბოლონიაში - იტალიის ამ მშვენიერ ქალაქში, თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში. ხალხი თბილი, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარეა. ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში ისე მიგიღებენ, როგორც დიდი ხნის ნაცნობს და ისეთ გემრიელ კერძებს მოგართმევენ, იფიქრებთ, ასე გულიანად ბებიამ მომიმზადაო. ღვინო, პარმეჯანო რეჯიანო, ტალიატელი რაგუს სოუსით და ნამდვილი იტალიური ნაყინი დაუვიწყარია.
- საქართველოში ბოლო დროს მომხდარ შემთხვევებზეც მინდა გკითხოთ - 31 წლის ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იყო თავდასხმის სხვა ფაქტებიც, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვა საზოგადოების მწვავე რეაქცია, შიში... ტუროპერატორები ამბობენ, რომ ტურისტებმა ძალადობის შიშით ჯავშნები გააუქმეს... - შემაშფოთებელია საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ეს ამბავი. სახელმწიფომ ტურისტულ მარშრუტებზე (და არამარტო) საზოგადოების უკეთ დაცვა უნდა შეძლოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება. ზოგ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაცილებით მაღალია და პოლიციას არ ძალუძს მდგომარეობის გამოსწორება. მაგალითად, პარიზში ყოფნისას გამაფრთხილეს, რომ კონკრეტულ რაიონებში არ მოვხვედრილიყავი, რადგან იქაურობას კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ და პოლიცია ვერ დამეხმარებოდა.
ათენში, ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი - საღამოს ქალაქის ცენტრში ვსეირნობდი და მოულოდნელად ნარკოდანაშაულს შევესწარი. ამის გამო ერთ-ერთმა დანა გახსნა და ჩემკენ გამოიქცა. ჩემმა სპორტულმა მონაცემებმა (ერთხანს აქტიურად ვვარჯიშობდი) გადამარჩინა და ისე სწრაფად გავიქეცი, უკან არ მომიხედავს. არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო... საღამო ხანს იტალიის ქუჩებშიც შეხვდებით ბევრ არაფხიზელ ადამიანს, რომლებიც სახიფათო არიან საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, კრიმინალს როდესმე ეშველება და მსოფლიოს ყველა კუთხეში მშვიდობა დაისადგურებს, მანამდე კი მსგავსმა ფაქტებმა არ უნდა დაგაბრკოლოთ. სწორედ იმისთვის ვწერ გზამკვლევებს, რომ ჩემმა მკითხველმა შეძლოს უსაფრთხოდ მოგზაურობა. ამ დროს დაგროვებული ემოციები ხომ ფასდაუდებელია!..
ნინო ჯავახიშვილი