"ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამავდროულად, დგანან ისეთ გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსიურობით გამოირჩევა. მისი შეფასებით, ეს ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გახშირებული კონტაქტების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების შედეგია.

"უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვლადიმრ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა.

საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"