"ის­ტე­რიკა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, უსუ­სუ­რო­ბა და ყვე­ლა სხვა გან­ცდა, რო­მე­ლიც გე­უფ­ლე­ბა მა­შინ, როცა არ იცი, შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს რა ელის ხვალ" - კვირის პალიტრა

"ის­ტე­რიკა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, უსუ­სუ­რო­ბა და ყვე­ლა სხვა გან­ცდა, რო­მე­ლიც გე­უფ­ლე­ბა მა­შინ, როცა არ იცი, შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს რა ელის ხვალ"

ჟურნალის "გზა" რედაქტორი და ჟურნალისტი ლიკა ქაჯაია "ფეიბუქის" პირად გვერდზე ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!!! არ ვიცი, რა ხდება სხვაგან, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ბოლო დღეებში აქ მივიღე, იმედს გიკარგავს ადამიანს, რომ ახლო მომავალში რამე გვეშველება... აქ არ არის ლაპარაკი პროფესიონალიზმზე, აქ ლაპარაკია თუნდაც იმაზე, რომ ადამიანს ტკბილი სიტყვაც წამლად ერგება და შველის...

ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ შევეცდები სათქმელი მოკლედ ვთქვა: ისტერიკა, დაბნეულობა, უსუსურობა და ყველა სხვა განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როცა არ იცი შენს საყვარელ ადამიანს რა ელის ხვალ, აქ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ზევიდან გიყურონ, გზააბნეული გიწოდონ და კიდევ უარესები, მერე დაგცინონ...

ადამიანს, რომელსაც მიმართვა მიაქვს სხვა საავადმყოფოში, რადგან საიდანაც გამოგზავნეს, იქ პისიარ ტესტი არ აქვთ, ეუბნებიან: ეს მიმართვა შენი დაწერილიაო, ხევენ ფურცელს და ფეხებთან უყრიან! პაციენტის დაბნეული შვილი რაიმეს თქმასაც ვერ ახერხებს, რადგან ცრემლი ახრჩობს, თავს ვერ იკავებს და ტირილით გარბის იმ საავადმყოფოში, საიდანაც მიმართვა გამოატანეს, რომ დაამტკიცოს, მას არაფერი დაუწერია... ამასობაში დრო გადის, რომელსაც სამწუხაროდ, პატივს არ ვცემთ...

როცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ საავადმყოფოში "გზააბნეულთან" ერთად მივდივარ, მას ცნობს მიმღებში მჯდარი ქალბატონი და ეზოში მდგარისკენ შიგნიდან იშვერს ხელს, უი, ეს კიდევ მოვიდა, ეს გზააბნეულიო.

ამის გაგონებაზე გონება მებინდება და ვყვირი, რას გულისხმობ ან რატომ დაუხიე და მიაყარე ფეხებში ექიმის მიმართვა პაციენტს-მეთქი? ისიც ომახიანია და მეკითხება, ვინ ვარ, რას ვერევი სხვის საქმეში ან თუ ასეთი მაგარი ვარ, რატომ არ ვახლდი იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მოხდა მეუბნება, რომ ამ გზააბნეულებს თურმე, ასე ეკუთვნოდათ, რადგან ვერ გაეგოთ, სად უნდა მისულიყვნენ და ათას კითხვას სვამდნენ; რომ მიმართვაში იყო რაღაც დეტალი ხარვეზით, რომელსაც ექიმი არ დაუშვებდა! ჰოდა, მსგავსი ეჭვის საფუძველზე, იმის ნაცვლად, რომ მშვიდად აეხსნა, რომ რაღაც არასწორადაა და ფურცელი უკან დაებრუნებინა, თავს უფლება მისცა, მიმართვის გაყალბებაში დაედანაშაულებინა ადამიანი, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა, დაუხია ფურცელი, ნაფლეთები შეაყარა და სხვა პაციენტების თვალწინ დაამცირა...

მართლა არაფერს ვამბობ ამ ადამიანის პროფესიონალიზმზე, რომელთანაც შეკამათება მომივიდა. შეიძლება თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ ადამიანობა? ადამიანობიდან არ იწყება ჩვენი სხვა უნარების პატივისცემა? განა ისეთი რა განათლება უნდა გვქონდეს, რომ ეს გვაძლევდეს უფლებას სხვების დამცირების, შეურაცხყოფის?

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა არ მაძლევს უფლებას ამაზე საჯაროდ ვწერო, მაგრამ დავინახე გრძელ რიგში ჩამდგარი ადამიანები, ფეხზე რომ ძლივს იდგნენ და ყველას ზუსტად ისე ექცეოდა ეს ქალბატონი, თითქოს მასთან ვინმე რაიმე მატერიალურის სათხოვრად მისულიყო...

აღარ დავდებ ჩვენი შეკამათების ვიდეოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამასაც გავასაჯაროებ! რიგში მდგარი გოგონა, დედაზე ჩამოკიდებული ფეხზე ძლივს იდგა (საათი და 20 წუთი ვდგავართ, ექიმი საჭმელად არის გასულიო, შემომჩივლა დედამისმა. გასაგებია, ექიმებიც იღლებიან, ჭამაც სჭირდებათ და სხვა დანარჩენიც, მაგრამ!..) და სანამ ექიმი მოვა, სკამი მიაწოდოთ იქნებ-მეთქი, რომ ვთქვი, ამაზეც ჰქონდა "ლამაზი" პასუხი, სკამი სახლიდან მოგეტანა, თუ გული შეგტკივაო...

დაბოლოს, მე იქ საქმის გასარჩევად არ მივსულვარ, უბრალოდ მივედი რომ ტესტის პასუხი გამეგო, რომელიც წესით, წინა დღეებში ტელეფონით უნდა მიეღო პაციენტს. არ მაძლევდნენ, ტელეფონზე მიუვიდოდაო პასუხიო. არ მისვლია-მეთქი, რომ ვთქვი, ე.ი. უარყოფითიაო. მაინც მოვითხოვე და რომ ვერ მომიშორეს, მომაჩეჩეს ფურცელი ექიმის დაბრუნების შემდეგ და დადებითი აღმოჩნდა! ამასობაში, სანამ პაციენტს არწმუნებენ, რომ არაფერი სჭირს, არის შანსი, რომ დაავადებულმა მთელ სოფელს თუ არა, უბანს მოსდოს ვირუსი..., არადა 2-ჯერ გაკეთებული სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, პისიარის პასუხი კი, როგორც მოგახსენეთ, არ მოსვლია... და ჰო, ამ ლოდინის დროს, მივიწყებული სწრაფი ტესტის პასუხი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ "უარყოფითია" და რადგან თავს ცუდად გრძნობდა, იფიქრეს, იქნებ რაიმე სხვა აწუხებს და ეს კოვიდი ავიჩემეთო, ამიტომ მეორე დღეს საავადმყოფოში გამოსაკვლევად წაიიყვანა შვილმა, სადაც ისევ კოვიდზე მიიტანეს ეჭვი და დანარჩენი უკვე ზევით მოგახსენეთ, როგორ მოვიპოვეთ პასუხი...

ჰოდა, კოვიდიანი რომ უნდა ეცადოს და ოპტიმისტურ განწყობაზე იყოს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია... დანარჩენი თქვენ განსაჯეთ...

მაგრამ საბედნიეროდ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ გვყავს ბევრი ასეთი "განათლებული" და " საქმის პროფესიონალი"... ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად! და მათ ხშირ შემთხვევაში, ტკბილი სიტყვითაც კურნავენ...

ამბავი #2-იც მაქვს მოსაყოლი და #3-იც, სხვა საავადმყოფოსა და "სასწრაფოზე", ამასაც ვიზამ. მაგრამ ჯერ მინდა სასწრაფოს "ძალიან საყვარელ" ერთ-ერთ თანამშრომელს გავესაუბრო, ამისი სურვილი მკლავს დიდი ხანია.

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გააფრთხილეთ თანამშრომლები, მოექცნენ ხალხს ადამიანურად და ნუ შეურაცხყოფენ მათ იმისთვის, რომ დაბნეულები მოდიან, ზედმეტ კითხვას სვამენ, ან რა ვიცი, კიდევ რა მიზეზით! ყურადღებით ვიქნები იმ ქალბატონის მიმართ, რომელიც ასე "კარგად" ექცევა ხალხს და სხვა დროს აუცილებლად შევიტან საჩივარს... გასაგებია ემოციებიც, ბევრი პაციენტებიც, დაღლილობაც, ნერვებიც, მაგრამ როცა რაღაც არ შეგიძლია, ამის წამალი დასვენებაა..."