კრასნოდარში ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

კრასნოდარში ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

კრასნოდარში ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ კუბლაშვილი-ბოიცოვი გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 41 წლის კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული. მისი ცხედარი ნაქირავებ ბინაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ემჩნევა.

რუსული მედიის ცნობით, კუბლაშვილი 2011 წელს გაასამართლეს და სხვადასხვა დანაშაულის გამო 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2018 წელს, ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების გამო, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ადმინისტრაციული ზედამხედველობა დაუწესეს. იმავე წელს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის თავიდან აცილების გამო, კუბლაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარში 1980 წელს დაიბადა. ის ე.წ. "კანონიერი ქურდი" 2013 წელს გახდა. მათივე ცნობით, ოთარ კუბლაშვილისა და მისი თანამზრახველის, არმენ ვარდანიანის დაჯგუფება კრასნოდარის ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ძარცვავდა. მათ მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა.