"თავიდანვე ბოლოკად განვიხილებოდი... "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი" - მსახიობი გოჩა ლომია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"თავიდანვე ბოლოკად განვიხილებოდი... "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი" - მსახიობი გოჩა ლომია გარდაიცვალა

"სენაკის ქრონიკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 67 წლის ასაკაში გარდაიცვალა რეზო ჩხეიძის ფილმ "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთი მთავარი გმირის "ბოლოკას" როლის შემსრულებელი გოჩა ლომია.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ექიმი თენგიზ ვერულავა.

"თუ ჩემი ცრემლიანი ბავშვობიდან რამე მაინც გამახსენდება თბილი, ეს გოჩას ღიმილიანი ოჯახიდან. ეს ღიმილი შემდგომ ყველგან მამხნევებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ძალიან გამიჭირდება ამ ღიმილის გარეშე", - წერს ის.

"ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის... თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა "ბოლოკას" დაძახებას. "აბაროტს" შეჩვენებულოთი მიღებდა. ძალიან მეტკინა... ბოლოს მითხრა, შენ იშვითად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო... დაბერდითქო... მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო... ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას... მაინც მას ვათქმევინე, რომ არ ხარ.... ჰა, იძაზე ახლა გიტლერ კაპუტ... ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც - გუტენ მორგენ პარმენა... როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ.... ძალიან..." - წერს ანალიტკოსი გოჩა ტყებუჩავა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ გოჩა ლომიასთან:

- 15 წლის ვიყავი, "ღიმილის ბიჭებს" შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს... 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. "გარადოკის" სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც მე დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპინებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება

სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო - გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი.

ფბ

მიმიყვანეს პიონერთა სახლში, თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. - კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. - ეგ ვის არ უნდა მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ლექსი წაგვიკითხეო. - ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...

ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, - როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი.

- თავიდანვე ბოლოკას როლზე მოიაზრებოდით?

- თავიდანვე ბოლოკად განვიხილებოდი. ამ გადაწყვეტილებაში ჩემმა ყველა მონაცემმა ითამაშა თავისი როლი: ხასიათმა, პლასტიკამ, განსაკუთრებით - ცხვირმა. კი მიმიგავს მართლა ბოლოკს (იღიმის). "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. ჩემ გარდა, ყველა სტუდენტი იყო. ბიჭებმა თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს, დღემდე ვკონტაქტობთ და აწი რაღა დაგვაშორებს?

...

პრემიერის შემდეგ ჩვენზე პოპულარული ბიჭები ქვეყანაზე არ დადიოდნენ. ბოლოკას რომ მეძახდნენ, ვერ ვიტანდი მე სულელი, ახლა სულ სხვა რეაქცია მაქვს. დღესაც ბევრი მცნობს ქუჩაში და ბოლოკაო, რომ წამოიძახებენ ჩემს დანახვაზე, მახარებს ეს ამბავი. მე კი არა, ჩემს შვილებსაც უხარიათ, რომ ამბობენ, - ეს ბოლოკას შვილიაო. ჩემს ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩსაც" ეძახიან.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.