"მე გელოდები, დედა... 10 წუთით მაინც მნახე, რომ გული დაწყნარდეს"
"შეიძლება ვიღაც შინაურის შვილი ვარ და უჭირთ გამხელა"
"37 წელი უშენოდ. არ ვიცი რომელ რიცხვში გამაჩინე, მაგრამ დაბადების დღეს 14 ივლისს აღვნიშნავდი ხოლმე და აწი აღარ ვიზეიმებ, რადგან თურმე არ არსებობს ეს რიცხვი... მინდა გიპოვო. სად ხარ? ნუთუ შენამდე არ მოდის ამდენი წერილი. გთხოვ, გამოჩნდი. მხოლოდ ერთხელ შეხვედრაც საკმარისი იქნება; მხოლოდ გნახო, სხვას არაფერს ვითხოვ. გული მკვდარია, რომ ვერ გპოულობ. შეიძლება შენც მეძებ ან მგლოვობ? რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. შენი ნახვის იმედი მეწურება. იქნებ სჯობს, გავჩერდე და აღარ გეძებო? იქნებ საკუთარი სურვილით გამაშვილე და ახლა გამოჩენის გრცხვენია? მე საყვედურს არ გეტყვი, რადგან საუკეთესო ოჯახში გავიზარდე, კარგი მშობლები, სანათესავო მყავს. 22 წელია, რაც მამა დავკარგე და ეს მტკივა... მაგრამ გვერდით მყავს დედა, რომელმაც არაფერი იცის ამ ამბის შესახებ და ისიც შენ გელოდება. ჩემსავით განიცდის და როცა ვტირი, ისიც ტირის ხოლმე... გთხოვ, გამოჩნდი, 10 წუთით მაინც მნახე, რომ სული და გული დაწყნარდეს. და თუ მიმიღებ, ხომ კარგი, თუ არა და, შენც კარგად იყავი. ჩვენ გელოდებით "დედა", - ამ წერილის ავტორი თეა საგინაძეა, ორი შვილის დედა. მისი ამბავი ბურუსით მოცულია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელჩასაჭიდი რამ არსებობს სიმართლის გასაგებად. ადამიანები, რომლებმაც თეას წარმოშობის ისტორია იციან, დუმილით იცავენ თავს, მაგრამ რისგან ან ვისგან, ჯერჯერობით გაურკვეველია...
- 1984 წელი, 14 მაისი (ან ივნისი) - სავარაუდოდ ეს არის ჩემი დაბადების დღის თარიღი, მოწმობაში კი მიწერია 14 ივლისი... როგორც მითხრეს, გურჯაანში დავიბადე, მაგრამ დაზუსტებით ესეც არ ვიცი, რადგან მშობლებს სამშობიაროდან არ წამოვუყვანივარ. არსებობს შუამავალი, რომელმაც გადასცა ჩემი თავი აღმზრდელ დედ-მამას.
- როგორ გაიგეთ, რომ აყვანილი ხართ? - სიმართლე გავიგე იმ დროს, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. ამ ადამიანსაც ახალი გაგებული ჰქონდა ეს ამბავი და თავი ვერ შეიკავა. არ დავიჯერე, მაგრამ ჩემები მაინც დავიბარე, - გადაუდებელი საქმე მაქვს, მოდით-მეთქი. დედა და მამიდა მოვიდნენ (მამა უკვე გარდაცვლილი იყო). როცა დავსვი კითხვა, "ვინ ვარ?" დედამ დამიდასტურა, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ მითხრეს, - მამის შვილი ნამდვილად ხარ, სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და მან გაგაჩინაო, მაგრამ ესეც არ ყოფილა სიმართლე.
- ცოტა არ იყოს, დავიბენი... - მოკლედ, გათხოვებიდან რამდენიმე წელი დედას შვილი რომ არ ეყოლა, ქმრისთვის უთქვამს: მე წავალ, შენ სხვა მოიყვანე, რადგან შვილები გჭირდება და როგორც ჩანს, მე არ გამიჩნდებაო, მაგრამ მამას ისე უყვარდა ცოლი, რომ თურმე არ გაუშვა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბავშვი ან სხვა ქალისგან უნდა გაეჩინა, ან აეყვანათ... ერთ დღესაც თურმე, დედა გურჯაანში წაიყვანა მამამ, სადაც ჩემი თავი გადასცეს და უთხრეს: აი, რა კარგი ბავშვია. გაზარდე და მასზე არაფერი იკითხოო. დედამაც არაფერი იკითხა, ისე ჩამიხუტა თურმე. მან არ იცის, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური დედა და ახლა ძალიან ნანობს, რომ თავის დროზე არაფრის გარკვევა არ სცადა. მეცოდება. როცა ტირილს ვიწყებ, ისიც ტირის. განიცდის ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ... დედა იუსტიციის სახლშიც გამომყვა, რომ გაგვეგო, რა სახელი და გვარი მომენიჭა დაბადების შემდეგ, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ. პასუხად მომივიდა, ამას ვერ გაიგებთო. ალბათ, ისეთი ხელწერილი ან მსგავსი რაღაც აქვს ვიღაცას დაწერილი, რომ არც მე და არც დედას არ გვაქვს უფლება გავიგოთ, ვინ ვარ ან ვინ არიან ბიოლოგიური მშობლები.
- შენ თქვი, დედამ იცოდა, რომ აღმზრდელმა მამამ სხვა ქალისგან გამაჩინაო, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა... რა იგულისხმე? - მითხრეს შუამავლი მამაკაცის სახელი და მას დავუკავშირდი. მითხრა, - მამაშენმა მთხოვა, ბავშვის აყვანაში დავხმარებოდი. მისი ბიოლოგიური შვილი ნამდვილად არ ხარ, აგიყვანეს და ამაში ფული გადავუხადეთ იმ ქალს, ვინც შენი თავი გადმომცაო...
თუმცა, ამ კაცმა ხან ვის გვარზე "გამიყვანა", ხან - ვისაზე, ბოლოს ყველაფერი უარყო. ვფიქრობ ან ვიღაც აჩერებს, ან არ უნდა თქვას სიმართლე, რაღაც მიზეზით.
მხოლოდ იმას ამბობს დამაჯერებლად, რომ ჩემი თავი გადასცა გურჯაანის სამშობიაროს თანამშრომელმა, რომელიც უკვე გარდაცვლილია.
- გურჯაანის სამშობიაროში არ მისულხარ? - არა, გურჯაანში არ ჩავსულვარ, მაგრამ დავუკავშირდი სამშობიაროს თანამშრომლებს, რომლებმაც მითხრეს, რომ 1984 წლის საბუთები ფაქტობრივად არ არსებობს.
ექიმიც და ექთანიც, ვის კვალზეც გავედი, ამას ამბობენ. ჯგუფში "ვეძებ" პოსტის დადების შემდეგ თავადაც დამიკავშირდნენ გურჯაანიდან კონკრეტული ადამიანები და მითხრეს, რომ სამწუხაროდ, ძველი საბუთები განადგურებულია. არქივშიც მოვიძიე ინფორმაცია და, - ჩვენთან არ ინახება, მგონი "თელავს გადასცეს" და იქ იქნებაო. იქაური არქივის დირექტორსაც გავესაუბრე და 1975 წლამდე გაცემული საბუთები მაქვს მხოლოდო.
ერთი დეტალი კიდევ: 16 წლის ასაკში მამიდამ გურჯაანში, გასვენებაში წამიყვანა. მას მერე წლები გავიდა, მე სიმართლე გავიგე და ამის შემდეგ ახლობელმა გამანდო: აი, როცა გურჯაანში იყავი, მახსოვს ამბობდნენ, ეს ქალი რამ გადარია (მამიდაზეა ლაპარაკი), თეა რატომ ჩამოიყვანა, აქ ხალხმა იცნოო. ვინ იცის, შეიძლება ვიღაც შინაურის შვილი ვარ და უჭირთ გამხელა.
- ამ ოჯახთან დაკავშირება და მათთან საუბარი არ გიცდია? იქნებ შეძლონ რაიმეს მოყოლა...
- როგორ არ მიცდია. ბევრჯერ დავურეკე ოჯახის დიასახლისის შვილებს, დედას დაელაპარაკეთ, რომ სიმართლე მითხრას-მეთქი. დედამ არაფერი იცისო და დამბლოკეს სოციალურ ქსელში...
- მიამბე ოჯახზე, სადაც გაიზარდე. - ბუთქუნა და შავგვრემანი ჩვილი ქობულეთში, ციხისძირში ჩამომიყვანეს. საოცრად კარგი, თბილი, ტკბილი, მოსაყვარულე და სტუმართმოყვარე ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. არასდროს არაფერი მაკლდა. სადაც მინდოდა, იქ მივდიოდი, რასაც ვისურვებდი, მქონდა. ერთი ისაა, რომ 15 წლის ასაკში დავკარგე საუკეთესო მამა, გულმა უმტყუნა და ამით დიდი დარტყმა მივიღე, ძალიან მაკლია დღემდე.
საოცრად კარგი სანათესავო გვყავს. მათგან უცნაური არასდროს არაფერი მიგრძნია და სიტყვაც არ გამიგია უხეშად ნათქვამი. სკოლა, უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, ეჭვი არაფერში შემპარვია... მადლობელი ვარ ამ ადამიანების, მაგრამ ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა მამის სიცოცხლეში გამეგო სიმართლე, იქნებ დღეს ყველაფერი მცოდნოდა ჩემს წამომავლობაზე...
- ერთ-ერთ პოსტში აღნიშნე, რომ შესაძლოა შენი ბიოლოგიური მამა კარდენახელი, დედა კი ჭანდარელი იყოს... - ესეც შუამავალმა მითხრა, გვარებიც დამისახელა და დავიწყე ძებნა, მაგრამ მერე რატომღაც, ყველაფერი უარყო. ახლახან გავიკეთე დნმ ტესტი და პასუხს ველოდები. ამ კარდენახელი კაცის ახლობელს აქვს გაკეთებული ეს ტესტი და გავიგებ, მათთან ნათესაური კავშირი მაქვს თუ არა. თავად ამ კაცს ვერ დავუკავშირდი, რადგან უკრაინაშია, მის შვილებთან კი მაქვს კონტაქტი.
- და შვილები რას ამბობენ? - შესაძლებელია ყველაფერი, მაგრამ რამდენად მართალია, საიდან გავიგებთო? შეიძლება ის ქალიც ცოცხალია, ვისზეც მითხრეს, მაგრამ კვალზე ჯერჯერობით ვერ გავედი. იცით, ამდენი პოსტი დავწერე, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, გავაგებინე, რომ ვეძებ, მაგრამ ბიოლოგიურ მშობლებს ვერ მივაკვლიე. ან სოციალური ქსელით არ სარგებლობენ, ან ოჯახი ჰყავთ და გამოჩენა არ უნდათ, მაგრამ მე ხომ მათგან არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ერთხელ დამენახვონ და მითხრან, ვინ ვარ. და ან ძმა თუ მყავს, ჩემზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ იქნება და მხოლოდ ამის გაგებითაც დავკმაყოფილდები... თუ მიმიღებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე უკვე მყავს ოჯახი, კარგი დედა, საოცარი სანათესავო... უბრალოდ, თავადაც ორი შვილის დედა ვარ და არ მინდა, ჩემი შვილები სისხლით ნათესავებს არ იცნობდნენ... ახლა ტესტის პასუხს ველოდები და მერე იქნებ ჩავიდე კიდეც გურჯაანში, რომ სიმართლე ადგილზე გავარკვიო.
და აქვე მინდა მივმართო ჩემს აღმზრდელ დედას, რომელიც ძალიან განიცდის ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია სიმართლე ვიცი და არსად გავქცეულვარ, მაინც სულ იმის შიში აქვს, რომ ერთ დღეს ვაითუ მივატოვო. დედა, შენ ისეთი დედობა გამიწიე, ამას არასდროს გავაკეთებ, გპირდები!
პ.ს. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ თეას ბიოლოგიური მშობლების შესახებ, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ ნომერზე: 5(58) 25.60.81. საჭიროების შემთხვევაში ანონიმურობა გარანტირებულია.
ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"