ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ზვიადაურს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, იმ ადამიანების რიცხვი კი, ვინც მას თავდებში უდგება, გაიზარდა
სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სააპელაციო სასამართლოში საქმე ჯერჯეობით არ შესულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, თუ დღეს სააპელაციოში შევიდა საქმე, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ დღესვე იმჯელოს.
მისივე თქმით, ზვიადაურს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძოდ კი მას ხერხემალი აწუხებს.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ზვიადაურის პოზიცია ბრალეულობასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია, თავდებობის წრე კი გაიზარდა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია და იცის, რომ უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული. თავდებობის წრე საკმაოდ გაიზარდა. ესენი არიან სახელოვანი და ღირსეული ადამიანიები, რომლებსაც სასამართლო არ უნდა გაექცეს", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.