"ყოველი 1000 ადამიანიდან 10-13 დაიღუპება, ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე"
ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-დან 13-მდე დაიღუპება. ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.
"მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.
პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე", - განაცხადა იმნაძემ.