"თალიბანი": თუ საერთაშორისო ძალები ავღანეთში ყოფნას 31 აგვისტოს შემდეგაც გააგრძელებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპაციას" - კვირის პალიტრა

"თალიბანი": თუ საერთაშორისო ძალები ავღანეთში ყოფნას 31 აგვისტოს შემდეგაც გააგრძელებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპაციას"

"თალიბანი" აცხადებს, რომ საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან 31 აგვისტომდე გაყვანა მათთვის "წითელი ხაზია" და თუ ისინი ქვეყანას დათქმულ დროს არ დატოვებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპაციას გაახანგრძლივებენ.

"ეს წითელი ხაზია. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 31 აგვისტოს ისინი გაიყვანენ თავიანთ სამხედრო ძალებს. ასე რომ, თუ ისინი გააგრძელებენ ყოფნას, ეს ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპაციას", - განაცხადა "თალიბანის" პრესსპიკერმა სუჰალ შაჰინმა.

მისივე თქმით, თუკი გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები ევაკუაციისთვის დამატებით დროს მოითხოვენ, "თალიბანი" ამაზე არ დასთანხმდება.

"თუ აშშ ან გაერთიანებული სამეფო ევაკუაციისთვის დამატებით დროს მოითხოვენ, ჩვენი პასუხი იქნება "არა". ან ამას შედეგები ექნება", - აღნიშნა "თალიბანის" პრესსპიკერმა.