როგორ გამოისყიდეს რუსეთის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ავღანელების ტყვეობიდან?
აშშ მესამე დიდი სახელმწიფოა, რომელმაც ოცწლიანი ბრძოლების შემდეგ დამარცხებულმა დატოვა ავღანეთი და მთავარი მიზანი: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" განეიტრალება მიუღწეველი დარჩა.
ავღანეთში ისეთი რელიეფური და კლიმატური სიძნელეებია, მიუდგომელი მთებისა და უღელტეხილების სახით, რომ თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გამოყენება ძალზე შეზღუდულია. ამავე დროს, ეს ქვეყანა მრავალი ეროვნების, განსხვავებული მენტალობისა და რელიგიის ხალხითაა დასახლებული. ამიტომაც ავღანეთის ერთიანი, ცენტრალიზებული ხელისუფლების (მით უფრო - დემოკრატიული პრინციპებით არჩეულის) წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, ძნელია...
XX საუკუნის ბოლოს ავღანეთში საბჭოთა კავშირმა "წაიტეხა კისერი" (თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, აშშ-ის ხელისუფლებამ ეს გაკვეთილი ვერ გაითვალისწინა და XXI სუკუნის დასაწყისიდან, ოცი წლით, თავად "ჩაეფლო" "ავღანურ ჭაობში"). საბჭოთა კავშირის "პროპაგანდისტულმა მანქანამ" ყველაფერი იღონა, რომ ავღანეთში განცდილი მარცხი... გამარჯვებად გაესაღებინა. დღეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გავიხსენოთ.
რუსეთის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, საბჭოთა კავშირის გმირი ალექსანდრე რუცკოი შეიძლება ბევრს აღარც გახსოვთ, თუმცა ერთობ მხიარული და "საზრიანი" ადამიანი იყო. განსაკუთრებით, არყის დალევის შემდეგ "ეხსნებოდა" გონება. საბჭოთა კავშირის არმიის ისტორიაში რუცკოი ერთადერთი ოფიცერი იყო, რომელიც ავღანეთში ორჯერ ჩავარდა ტყვედ და ორჯერვე გამოისყიდეს. ავღანეთის ომის დროს რუცკოის თვითმფრინავი "სუ-25" ორჯერ ჩამოაგდეს და მფრინავი ტყვედ აიყვანეს. ჯერ, 1986 წელს საბჭოთა კავშირმა გადაუხადა ფული მოჯახედებს და იგი გამოისყიდა, მეორედ კი, 1988 წლის 20 აგვისტოს, პოლკოვნიკი რუცკოი უკვე ამერიკელებმა, ათი "ტოიოტას" მარკის პიკაპისა და რამდენიმე სარაკეტო დანადგარი "ბმ-12"-ის საფასურად გამოიხსნეს ავღანელი "მოჯახედების" ერთ-ერთი ბელადის, ჰექმათიარის მებრძოლების ტყვეობიდან და საბჭოთა კავშირს გადასცეს. სანაცვლოდ კი, ავღანელმა მებრძოლებმა ამერიკელებს ახალთახალი, თითქმის დაუზიანებელი საბჭოთა "სუ-25" გადასცეს. ამ ფაქტს მალავდა, როგორც ადრე საბჭოთა, ასევე დღეს - რუსეთის ხელისუფლება. მაშინაც და ახლაც კა-გე-ბეს მიერ შექმნილი ამგვარი ოფიციალური ლეგენდაა "ცოცხალი": "დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა საბჭოთა მფრინავისა და პაკისტანელი მზვერავის გაცვლა". სინამდვილეში კი არავითარი "პაკისტანელი მზვერავი" არ არსებობდა...
მოსკოვში დაბრუნებულ რუცკოის "ავღანეთში გამოჩენილი გმირობისათვის" 1988 წლის 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის გმირისა და გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. პარალელურად, დაიწყო მისი "გმირობის" "გაპიარება" და რუცკოი ჯერ ბ. ელცინის "გუნდში", ხოლო 1991 წლის 12 ივნისს - უკვე რუსეთის ვიცეპრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდა.
ალბათ, ტყვეობაში მიღებულმა მორალურმა და ფიზიკურმა ტრამვებმაც იმოქმედა რუცკოის "გონებაგახსნილობაზე". ერთი პერიოდი, ერთდროულად კომუნისტიც იყო და "დემოკრატიც". საქართველო რომ ძალზე "უყვარდა" ეს რამდენჯერმე დაამტკიცა.
1992 წლის ივნისის ბოლოს გალეშილი მთვრალი ვიცეპრეზიდენტი რუცკოი რუსული ბომბდამშენების ესკადრილიის გამოგზავნას აპირებდა თბილისის დასაბომბად. მაგრამ მისი ბედისწერა მაინც ავღანეთი იყო. 1992 წლის ნოემბერში ის ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პაკისტანსა და ავღანეთში. ვიზიტის მიზანი ძალზე კეთილშობილური იყო: რუცკოის ტყვეობაში მყოფი საბჭოთა მეომრები უნდა გამოეხსნა, დიდი ზარზეიმით მოსკოვში ჩაეყვანა და აცრემლებული მშობლებისათვის ჩაებარებინა. მის დელეგაციაში მრავლად იყვნენ რუსეთის სამხედრო და საგარეო დაზვერვების მაღალჩინოსნები, რომელთაც ტყვეების სიები ჰქონდათ. ჯერ პაკისტანში ჩაფრინდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ტყვეებს უკვე ისლამიც მიეღოთ და ცოლების მოყვანაც მოესწროთ. რუცკოი ხელცარიელი ბრუნდებოდა.
თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას თვალწინ რუსეთის ალკოჰოლის მოყვარულთა "უგვირგვინო მეფის", პრეზიდენტ ელცინის დამცინავი ღიმილი წარმოუდგა და უმალ ცუდ ხასიათზე დადგა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რუცკოის ალაჰი სწყალობდა. კარგად გამომთვრალ რუცკოის ბოლო წუთებში ერთი მომცრო ტანის ახალგაზრდა მიუყვანეს, ეროვნებით თურქმენი, სახელად ხაბიბულა. გახარებულმა ვიცეპრეზიდენტმა ისლამაბადის აეროპორტშივე ჩაატარა პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის, ხაბიბულა გულში ჩაიკრა და რუსული წესით სამჯერ გადაკოცნა. გაოგნებულ და ატირებულ "განთავისუფლებულ ტყვეს", რომელსაც რუსული ენა ისედაც ცუდად ესმოდა, სიტყვის თქმაც არ აცალეს, ისე შეაგდეს თვითმფრინავში. აფრენისთანავე სალონში რუცკოიმ გრანდიოზული სმა გააჩაღა. ეს ისტორია აქვე დამთავრდებოდა, რომ არა ერთი "პატარა" ნიუანსი.
რუსმა მზვერავებმა მხოლოდ ქაბულში გაარკვიეს, რომ "განთავისუფლებული საბჭოთა მეომარი" ხაბიბულა ავღანელი თურქმენი ყოფილა, რომელიც ბავშვობიდან "კალაშნიკოვით" ხელში საბჭოთა ჯარებს და მათ ავღანელ "ძმას" - ნაჯიბულას ებრძოდა, რომლის ტყვეობიდანაც სულ ახლახან გაქცეულა და პაკისტანისთვის შეუფარებია თავი. ასე რომ, ქაბულში კვლავ დაბრუნებულს, უეჭველი სიკვდილი ელოდა. ამიტომაც საცოდავი ხაბიბულა თვითმფრინავიდან არ გადმოდიოდა, სანამ საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები არ მოვიდნენ. გამოფხიზლებულმა რუცკოიმ და მისმა თანამგზავრებმა რამდენიმე ათასი დოლარი გადაუხადეს "წითელ ჯვარს", რათა ხაბიბულა როგორმე კვლავ პაკისტანში დაებრუნებინათ. თუმცა ამით არ მთავრდება ა. რუცკოის "გმირული ეპოპეა". 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, მოსკოვში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების დროს ის ღიად გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის წინააღმდეგ და... მალევე ციხეში ამოყო თავი. 1994 წლის 26 თებერვალს რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული "ამნისტიის კანონის" საფუძველზე რუცკოიც გაათავისუფლეს. აი, ასეთი გზა გაიარა ავღანელი მოჯახედების ტყვეობიდან ელცინის ტყვეობამდე საქართველოს "დიდმა მეგობარმა" ალექსანდრე რუცკოიმ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს