"როგორ დაიწყო ზელენსკიმ კიევიდან ყირიმის დაბრუნება" - როგორ ეხმაურება რუსული მედია კიევში გამართულ ყირიმის "პლატფორმის სამიტს" - კვირის პალიტრა

"როგორ დაიწყო ზელენსკიმ კიევიდან ყირიმის დაბრუნება" - როგორ ეხმაურება რუსული მედია კიევში გამართულ ყირიმის "პლატფორმის სამიტს"

23 აგვისტოს კიევში ყირიმის "პლატფორმის სამიტი" გაიმართა, სადაც მონაწილეობას 46 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებდა. სამიტის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შენარჩუნება აუცილებელია.

აღნიშნულ მოვლენას აქტიურად გამოეხმაურა რუსული მედია და კრიტიკული პუბლიკაციებიც ფართოდ გაშუქდა.

რუსულ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" (Комсомольская правда) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადიმერ ზელენსკის "ყირიმულ პლატფორმაზე" ფეხი დაუცურდა: ანტირუსულმა სამიტმა გაისროლა და მიყუჩდა" (ავტორი - ვალენტინ ალფიმოვი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"ვლადიმერ ზელენსკი ძალიან ცდილობდა, რომ "ყირიმის პლატფორმის" სამიტისათვის რაღაც განსაკუთრებული, VIP-ღონისძიების სტატუსი მიეცა, მაგრამ არ გამოუვიდა. ზელენსკის იმის განცხადების გაკეთებაც კი მოუხდა, რომ ბევრ ლიდერს რუსეთის განრისხების შეეშინდა და კიევში ამიტომ არ ჩამოვიდაო. საინტერესოა, მან ჯო ბაიდენიც იგულისხმა?

მაგრამ "ყირიმის პლატფორმის" საერთო შემადგენლობა საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა: მთავარი ანტირუსული პრეზიდენტები (პოლონეთის, მოლდოვისა და ბალტიის ქვეყნების), რიგი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები... სულ 46 ქვეყნიდან, მათ შორის - თურქეთიდან, საქართველოდან...

უკრაინელებმა ყველაფერი უფროსი ამხანაგების - "დიდი შვიდეულის" წევრების ტრადიციის მიხედვით ჩაატარეს - სამიტის მასპინძლის შეხვედრა სტუმრებთან, ჯგუფური ფოტოსურათის გადაღება, პოლიტიკური განცხადება... ბევრმა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ხელით "დამსახურებული" ორდენებიც კი მიიღეს. კონცერტზე სტუმრებისთვის სიამოვნების მისანიჭებლად უკრაინის მთავარმა მომღერალმა, ყირიმელი თათრების შთამომავალმა ჯამალამაც იმღერა.

მაგრამ "მრგვალ მაგიდაზე" კურიოზებიც მოხდა: უნგრელმა ლიდერმა ანდერ იანოშმა მასპინძლები დაამუნათა, - უკრაინამ დისკრიმინაციული კანონი მიიღო ენის საკითხში და ამით თქვენთან მცხოვრები უნგრელების უფლებები ირღვევა, ეს არ შეგეფერებათო. მან, ასევე, მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, დონბასელებთან ლოიალობა გამოიჩინეთ, იმათი უფლებებიც დაიცავით და პრობლემა მშვიდობიანად მოაგვარეთო. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა კი უკრაინელებს ცივი წყალი გადაასხა: - მე ასე ვფიქრობ, რომ თქვენი ევროკავშირში გაწევრება უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოაო.

კიევში შეკრებილებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია:

დაგმობილია ყირიმის მიერთება რუსეთთან;

სამიტის მონაწილეები მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ - "თუ საჭირო გახდება";

განმარტებულია, თუ რატომ გაჩნდა "ყირიმის პლატფორმა" - რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციის მშვიდობიანი შეწყვეტის მიზნით;

რუსეთს მოუწოდეს, რომ... პლატფორმას შეუერთდეს.

ეს ბოლო პუნქტი, ვლადიმერ ზელენსკის სცენარის მიხედვით, კიევური ტორტის მთავარი "ამონაქარგი" უნდა გამხდარიყო - იგი ხომ რუსეთს იმიტომ იწვევს პლატფორმაში, რომ კრემლმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას უკრაინისათვის ყირიმის დაბრუნების თაობაზე.

და თვითონ რუსეთი რას ამბობს?

ჩვენ უკვე ვიცით ოფიციალური პირების - სერგეი ლავროვისა და დიმიტრი პესკოვის უკიდურესად უარყოფითი თვალსაზრისები, ახლა კი პოლიტოლოგებსაც ვკითხოთ:

"ძალიან საჭიროა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი რეაგირება განახორციელოს ამ პლატფორმის მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნეს კიევში", - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ყირიმელი პოლიტოლოგი ვლადიმერ ჯარალა, - საკითხი ხომ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას ეხება".

"რუსეთს რესურსები არ ეყო, რომ ეს ფორუმი ან ჩაეშალა, ან მისი მნიშვნელობა ნულამდე დაეყვანა", - განაცხადა პუბლიცისტმა სერგეი მარდანმა რადიო "კომსომოლსაკაია პრავდას" ეთერში, - უფრო მეტიც - რუსეთმა ვერ შეძლო ყირიმის საკითხის ამოშლა საერთაშორისო დღის წესრიგიდან 7 წლის განმავლობაში.

"ბევრმა არ იცის, რომ ვლადიმერ ზელენსკის იალტაში თავისი აპარტამენტები აქვს. როგორც ყირიმის ხელისუფლება ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი კომუნალურ გადასახადებს რეგულარულად იხდის", - ამბობს პოლიტოლოგი ნიკოლაი სტარიკოვი, - "ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მას თანაგრძნობა გამოვუცხადოთ - ვლადიმერ ზელენსკი ისეთ თამაშს თამაშობს, რომ იგი ყირიმში თავის აპარტემენტებს უახლოეს ათი ათასი წლის განმავლობაში ნამდვილად ვერ ნახავს". (წყარო)

--------------------

რუსულ გაზეთ "კომერსანტში" (Коммерсанть) "ყირიმის პლატფორმასთან" დაკავშირებით დაბეჭდილია სტატია სათაურით - "მთავარი თავრიდა კი არ არის, არამედ - მონაწილეობა: როგორ დაიწყო ვლადიმერ ზელენსკიმ კიევიდან ყირიმის დაბრუნება" (ავტორი - ვლადიმერ სოლოვიოვი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, კიევში რიგი ქვეყნებიდან უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებს ელოდნენ, მაგრამ  საბოლოოდ ვინც ჩავიდა, მასპინძლები მათი ჩასვლითაც კმაყოფილები დარჩნენ და ხელოვნური სიამაყით სავსე განცხადებები გააკეთეს. "როცა ვლადიმერ ზელენსკიმ დარბაზს თვალი მოავლო, მღელვარებისა თუ ბედნიერების გამო, ენის ბორძიკით აღიარა, რომ ასეთ გრანდიოზულ სამიტს არავინ არ ელოდა: "აი, ახლა ჩვენი მინისტრი დიმიტრი კულება მეუბნებოდა - თვალებს არ ვუჯერებ, რომ ეს უკრაინაში ხდება, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელია შეკრებილიო".

ვლადიმერ ზელენსკი ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეჭვი არ ეპარებოდა იმ "ნათელი დღის" დადგომაში, როცა ყირიმი ისევ უკრაინის გახდება: "დღეიდან ჩვენ ვიწყებთ დროის ათვლას ჩვენი მიწის გათავისუფლების მიზნით. სრულიად შესაძლებელია, რომ 23 აგვისტო ისტორიაში ყირიმის დეოკუპაციის დასაწყისის დღედ შევიდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთლიანობაში კი, ვლადიმერ ზელენსკის ახალი არაფერი უთქვამს. იგი ხშირად ბევრს ლაპარაკობს უკრაინის ლამაზ პერსპექტივაზე, მაგრამ მისი რეიტინგი მაინც შეუჩერებლივ ეცემა. სამიტზე გაკეთებული განცხადების კვალობაზე გამოიკვეთა, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი - ვერხოვნა რადას სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი. იგი თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის გუნდში იყო, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოდის პრეზიდენტის პოზიციისაგან განსხვავებული განცხადებებით", - ნათქვამია სტატიაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ