"გაინტერესებთ, "ბოლოკა" რატომ მერქვა? მეც მაინტერესებს! რამდენჯერ დავინტერესდი და ვიკითხე, მაგრამ ვინ მითხრა?!"
მახსოვს, პირველად ბევრი წლის წინ მოვძებნე სენაკში, მასთან ინტერვიუ მინდოდა და ტელეფონით დავურეკე. - რამ გაგახსენათ ჩემი თავიო, - თითქოს შეიოცა, არადა, ვიგრძენი, გაუხარდა. დამპირდა, თბილისში როგორც კი მოვხვდები, აუცილებლად დაგიკავშირდებითო და... სიტყვა შეასრულა. შეხვდრისას კინაღამ მივმართე, "ბატონო ბოლოკა-მეთქი"... მე კი მოვასწარი და დავაჭირე ენას კბილი, მაგრამ, ალბათ, მაინც ამოიცნო, რადგან თავად განაგრძო, დღემდე ყველა "ბოლოკას" მეძახის - ასეთი ბედი მქონიაო. მას შემდეგ ბევრჯერ გვისაუბრია ტელეფონით - პატარ-პატარა ინტერვიუებისთვის ვაწუხებდი - ხან "ბოლოკას" საახალწლო მოლოცვა მინდოდა, ხან სახალისო ამბების გახსენება და ა.შ. რაც მთავარია, მასთან პირველივე საუბრისას გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ამ ხალისიან, ნიჭიერ შემოქმედს, თურმე, ჩემთვის ძალიან პროზაული პროფესია ჰქონია - იურისტი, ადვოკატი გახლდათ. მაგრამ ყველასთვის მაინც კეთილი და მხირული "ბოლოკა" იყო და ასეთად დარჩება საქართველოს ისტორიაში - გუშინ 67 წლის ასაკში მსახიობი და ადვოკატი ბატონი გოჩა ლომია გარდაიცვალა, ბიჭი, რომელიც მართლაც ლამაზად დააკაცა "ღიმილის ბიჭებმა"...
მახსოვს, ყოველი საუბრისას ძალიან ბევრს მაცინებდა და, როგორც კი თაზო თოლორაიას ახსენებდა, მაშინვე ცრემლი ადგებოდა ან ხმა ებზარებოდა. მერე კი აუცილებლად თავისი და "ღიმილის ბიჭების" ამბებს მოაყოლებდა. ამბობდა, ყველაზე გამოუცდელი "მსახიობი" მე ვიყავი, რადგან თაზო (ცხვირა) იმჟამინდელი თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო და უკვე გადაღებული ჰყავდათ "ცისკრის ზარებში", ნუგზარ ბაგრატიონი (ჭკუისკოლოფა) თეატრალურში, მგონი, მეორე კურსზე სწავლობდა, ლეილა ყიფიანს (ნათელა) ხატიას როლი ჰქონდა ნათამაშები, მიხო ბორაშვილიც (ბაადური) საკმაოდ "გამოცდილი" იყოო.
ჰოდა, ახლა, ამ მწუხარების ჟამს მინდა, მისი მოყოლილი ამბებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ძვირფასი ადამიანი და კვალი, რომელიც მან ქართულ კინოში დატოვა.
როგორ მოვხვდი კინოში
- მახსოვს, 1967 წლის ივნისის ერთ დღეს სენაკელი ბავშვები გაგვაფრთხილეს (მაშინ მეცხრე კლასში გადავდიოდი), ხვალ ყველანი პიონერთა სახლში მოდითო, არადა, სწორედ იმ დღეს "სერიოზული" საკალათბურთო შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, კალათბურთის თამაში ვარჩიე. შუა თამაშში მსაჯმა დამაჯარიმა და გაგდება დამიპირა. მე ვჩხუბობ, თან ვხედავ, იქვე ვიღაც კაცი მიყურებს და იცინის. ახლა იმ კაცს დავუწყე ჩხუბი, არადა, რეჟისორ რეზო ჩხეიძის ასისტენტი არ აღმოჩნდა?! თურმე, ბავშვების შესათვალიერებლად მოსულა თამაშზე. წამოგვიყვანეს პიონერთა სახლში და მომთხოვეს ლექსის წაკითხვა. მეხსიერებას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ მომკალით და, ლექსს ვერ ვიმახსოვრებ. შევთავაზე, ლექსის სანაცვლოდ ანეკდოტებს მოგიყვებით-მეთქი. დამთანხმდნენ და მოვხსენი გუდას პირი. დაიხოცნენ სიცილით. ბატონმა რეზომ ძლივს გამაჩერა. მერე, ვინმეს მიბაძეო, მთხოვეს. ესეც შევასრულე და რეზო ჩხეიძემ მკითხა, - კინოში გადაღება გინდაო? - ახლა, ოტელოსნაირ როლს ვერ შევასრულებ, თორემ რატომაც არ მინდა-მეთქი, - სერიოზულად ვუპასუხე. იმ დღემ ჩაიარა და ეს ამბავიც მიმავიწყდა. მოგვიანებით სენაკში დეპეშა მივიღეთ - თბილისში, კინოსტუდიაში ფილმ "ღიმილის ბიჭების" სასინჯ გადაღებაზე მიბარებდნენ. ჩამოვედით სენაკიდან მთელი დელეგაცია - მე, ბაბუაჩემი, დედაჩემი და ჩემი უმცროსი და. სხვათა შორის, მე და თაზო თოლორაია ყველა სასინჯ ეპიზოდში გადაგვიღეს, დანარჩენ კანდიდატებს კი სულ ცვლიდნენ. ჩანს, ჩვენ ძალიან მოვეწონეთ და სამხატვრო საბჭომაც დაგვამტკიცა. გაინტერესებთ, "ბოლოკა" რატომ მერქვა? მეც მაინტერესებს! ისე, ეგ, მგონი, მარტო სცენარის ავტორმა - სულიკო ჟღენტმა იცოდა. მე რამდენჯერ დავინტერესდი და ვიკითხე, მაგრამ ვინ მითხრა?!
ფილმის გადაღების თავგადასავლები
- ჯერ ერთი, ყველა ლეილა ყიფიანზე იყო შეყვარებული... ჩემ გარდა - მე ძალიან პატარა ვიყავი. მერე, ბატონმა რეზომ არაჩვეულებრივი ჯგუფი შეკრიბა ფილმის დირექტორის, შოთა ლაფერაძის მეთაურობით და იყო სიცილი, ხარხარი, იუმორი, შაყირი...
კარგა ხანს კრასნოდარში ვიყავით გადაღებაზე, ბატალურ ეპიზოდებს იქ იღებდნენ. "ნადზორად" ბებიაჩემი გალინა გამაყოლეს. კრასნოდარში კარგ სასტუმროში დავბინავდით, მაგრამ რად გინდა? - ბებო კუდში დაგვდევდა. გალინა დაწყებით კლასებში ასწავლიდა და მისთვის მიუღებელი იყო ჩემი და თაზოს ასაკის ახალგაზრდების რესტორანში ყოფნა, ვიღაც-ვიღაცებთან ცეკვა და ა.შ. მაგრამ მაინც ვერ მოგვერია, ასე რომ, მაგრად გავაწვალეთ...
ერთხელაც, მასობრივი ეპიზოდის გადაღებისას, მე და თაზო ტანკით "ვსეირნობდით", ომი იყო, და... ბებოს, თურმე, თვალში მოვაკლდი და ყველა ფეხზე დააყენა, აქვს ერთი ვაი-ვიში. რაციით გადმოგვცეს, ბებო ცუდად არის და აქეთ წამოდითო. მივატრიალებინეთ ტანკი და მისკენ გავქანდით. ამასობაში ქალი მოასულიერეს, თავი წამოსწია და... მისკენ დიდი სიჩქარით მიმავალი, ლულაშემართული ტანკი რომ დაინახა, ისევ მიესვენა...
როგორ ჩავაღწიე მხოლოდ მე "გერმანიამდე"
- მოკლედ, რა გერმანია, რის გერმანია? ძველ კინოსტუდიაში, პირველ პავილიონში პენოპლასტისგან იყო აშენებული ის რაიხსტაგი: დავაწვებოდი კარგად ცარცით დასაწერად და ოპერატორი, ცხონებული ფილიპაშვილი დაიძახებდა: "სცენა შატაეტსა!" არ დავაწვებოდი და - არ იწერებოდა. ბოლოს "კედელს" მეორე მხრიდან ხალხი მხრებით აწვებოდა და მე ვწერდი ჩვენს სახელებს: თემური, ლევანი, ჭკუისკოლოფა, ბაადური... ბოლოს, ჩემი გმირის ნამდვილი სახელი - გიორგი დავწერე და მერე ხომ გახსოვთ, ხაზი გადავუსვი და მივაწერე - "ბოლოკა"...
ისე, დღემდე ვერ გავარკვიე, იმ პერიოდში სენაკში ვინ გაავრცელა ჭორი, თითქოს, ფილმის ბოლოს, სცენარის მიხედვით, მხოლოდ თემური უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, მაგრამ ბაბუაჩემი ძღვენით ეახლა რეზო ჩხეიძეს და განუცხადა, - ჩემი შვილიშვილის სიკვდილს ვერც სცენარში და ვერც ეკრანზე ვერ ავიტან, ამიტომ როგორმე გადააკეთე და ეს ბიჭი გადამირჩინეო.
ფაქტია, "ბოლოკა" გადარჩა და, ალბათ, ბატონი გოჩა ლომიას ბაბუაც დამშვიდებული წავიდა ამ ქვეყნიდან. ახლა კი, იმ ქვეყნად შეეგებება თავის 67 წლის შვილიშვილს. რაც მთავარია, ამ უკანასკნელმა კაცურად იცხოვრა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი თავის მშობლიურ სენაკში და თავის ძვირფას ოჯახთან გაატარა. ბევრს შეაყვარა თავი და ბევრმა არ დაივიწყა არც მისი ეკრანული გმირი და არც იგი - ნამდვილი. ამიტომაც არის, რომ მისმა გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ნათელში იყოს ეს თბილი, იუმორით სავსე და ნიჭიერი ადამიანი.
ჩვენი რედაქციის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი გოჩა ლომიას ოჯახს, სენაკს და სრულიად საქართველოს!
(სპეციალურად საიტისთვის)