"თუ იბრძვი იმისთვის, რომ 43% ვერ აიღოს "ოცნებამ", მიაბა მელია თბილისზე და დააკავო თბილისში, არასწორია, მას უნდა ემუშავა მთელი საქართველოს მასშტაბით"
თბილისის მერობის კანდიდატურა უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით არის დასახელებული "ლელოს" მხრიდან - ჯაფარიძის წამოყენება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ცოტა კომიკურია,- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ინტერპრესნიუსთან" პარტია "ლელოს" მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ურბანისტისა და არქიტექტორის ანა ბიბილაშვილის, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის დასახელებას.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი კანდიდატების დასახელებით "ლელო" "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას და ამ მხრივ უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა როგორც აღნიშნავს, ბადრი ჯაფარიძის დასახელება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორი სვლა არ არის, რადგან მისი მარცხი პარტიის მარცხად აღიქმება. ძაბირაძის განცხადებით, "ლელოს" ეს არჩევნები პარტიული სტრუქტურის დახვეწისთვის უნდა გამოეყენებინა და ასპარეზზე ახალი სახეები წარმოედგინა.
"ლელომ" ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ საკმაოდ მძიმე შეცდომები დაუშვა, როცა იმ გაერთიანებაში მიიღო მონაწილეობა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ შეკრებილთა წრეს წარმოადგენდა და ვერ შეძლო, რომ დისტანცირება მოეხდინა "ნაციონალური მოძრაობიდან", ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვა საზოგადოებამ. ამან საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღო პარტიისთვის - ჩემი აზრით, მათ დაკარგეს ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა და ახლა "ლელო" გარკვეულწილად საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობს. ამიტომაც არ შეუერთდა იმ ჯგუფს, რომელიც დღეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ. რაც შეეხება კანდიდატებს, რომელიც დაასახელა პარტიამ - ბიბილაშვილს რაიმე წარმატების იმედი რომ ჰქონდეს თბილისში, გამორიცხულია, უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით არის მისი კანდიდატურა დასახელებული და ამასთან, "ლელო" ცდილობს, თავისი ჯგუფიდან გარკვეულწილად ახალი კადრები წარმოაჩინოს, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარული გახდება. ასევე, ცოტა კომიკურია, ჯაფარიძის წამოყენება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. შანსი, რომ "ლელომ" გაიყვანოს საკრებულოს თავმჯდომარე ან იყოს ისეთი პარტია, რომელსაც შეუძლია დანარჩენებს უკარნახოს, ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ძნელი წარმოსადგენია, ალბათ, შეუძლებელიც კი. ამიტომ თუ ბიბილაშვილის კანდიდატურის დასახელება შეიძლება მეტ-ნაკლებად გამართლებული იყოს "ლელოს" მხრიდან, სრულიად გაუგებარია ჯაფარიძის წარმოჩენა როგორც საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის. ჯაფარიძე მეტ-ნაკლებად საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკოსია, მისი კანდიდატურის წამოყენება, რომელიც რთული წარმოსადგენია, რომ რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, მის რეიტინგზეც ცუდად იმოქმედებს და საბოლოო ჯამში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მარცხი საბოლოოდ პარტიის მარცხთან ასოცირდება, ამას სჯობდა ვინმე სხვა გამოეყვანათ ასპარეზზე და თავად ლიდერები ჩართულიყვნენ საარჩევნო კამპანიაში. სჯობდა, ნაკლებად ცნობილ კანდიდატზე გაეკეთებინათ ამ შემთხვევაშიც აქცენტი, ისევე როგორც ეს მოხდა ბიბილაშვილის წარდგენის შემთხვევაში, რადგან პარტიის ლიდერის მარცხი პარტიის მარცხად აღიქმება ყოველთვის. "ლელო" ვერ იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა ვერც თბილისში და ვერც საქართველოში, ასეთი გარემო შეიქმნა, ამიტომ ეს საშუალებას მისცემდა მათ ახალი კადრები გამოეყვანათ ასპარეზზე და გარკვეულწილად დისტანცირება მოეხდინათ "ნაციონალური მოძრაობიდან". ეს მიზნები უნდა ჰქონოდათ არჩევნებში. დღეს ჯაფარიძე-ბიბილაშვილის წარდგება ვალის მოხდას ჰგავს - "რა ვქნათ, ხომ უნდა დავასახელოთ", - ასე გამოდის, ასეთ აღქმას ტოვებს,"- განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე დაასახელონ საკუთარი კანდიდატები სწორია, თუმცა, ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად წარმოდგენა შეცდომაა და ამით მელია მარცხისთვის გაწირეს, რაც პარტიაზეც ცუდად აისახება.
"თუ ოპოზიციის ამოცანაა, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ვერ აიღოს ხმების 43 პროცენტი, მაშინ გადაწყვეტილება, რომ ცალ-ცალკე გამოდიან პარტიები სწორია, რადგან ერთად გამოსვლის შემთხვევაში ოპოზიციურ ხმებს დაკარგავდნენ. გაშლილი ოპოზიცია ოპოზიციური ამომრჩევლის მეტ ხმას წაიღებს, რაც იმუშავებს იმაზე, რომ "ოცნებამ" 43 პროცენტი ვერ მიიღოს, თუმცა მეორე მხარეა, როცა პერსონებზე ვსაუბრობთ, მელიას მიბმა თბილისზე იყო არასწორი თუ ამოცანა ის იყო, რომ "ოცნებამ" 43 პროცენტი ვერ მიიღოს. ობიექტურად თუ შეაფასებ, ოპოზიციურ ფლანგზე ის ყველაზე რეიტინგული ლიდერია და თუ იბრძვი იმისთვის, რომ 43 პროცენტი ვერ აიღოს "ოცნებამ", მიაბა მელია თბილისზე და დააკავო თბილისში, არასწორია, მას უნდა ემუშავა მთელი საქართველოს მასშტაბით და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე, არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე. უკეთეს შემთხვევაში იქნება მეორე ტური, სადაც გამარჯვების 99 პროცენტი შანსი აქვს კალაძეს. არ შეიძლება პარტიის ლიდერი გაწირო მარცხისთვის, ეს პარტიაზეც და ლიდერზეც ცუდად მოქმედებს, ეს ვერ გაანალიზა ოპოზიციამ,"- განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისათვის, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.
"ინტერპრესნიუსი"