"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს - ტერორისტი არც ერთი არ არის" - კვირის პალიტრა

"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს - ტერორისტი არც ერთი არ არის"

პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული ჰამზატ ბაღაკაშვილის დედა აცხადებს, დაკავებულ სამ პირს შორის ერთი თვის წინ დაპირისპირება მოხდა.

როგორც ბაღაკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი შვილის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, თუმცა აღნიშნული დაპირისპირებისას მხარეებს იარაღი არ გამოუყენებიათ.

მისივე თქმით, სუს-ის შვიდი მანქანა მათ სოფელში დილის 07:00 საათზე მივიდა, რის შემდეგაც სამივე პირი თბილისში წაიყვანეს.

"მიზეზი არ უთქვამთ, დილის 7 საათი იყო, შემოვიდნენ მძინარე ბავშვები წამოაყენეს და წაიყვანეს. ერთი თვის წინ ეს ბავშვები ერთმანეთს შეეკამათნენ, მას შემდეგ არაფერი არ მომხდარა, არც ჩხუბი და არაფერი. ახლა რატომ წაიყვანეს არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მეზობლის ბავშვებს შორის მოხდა კამათი. ჩვენ ამას ვუკავშირებთ ამ ყველაფერს, სხვა არაფერი ჩვენს ბავშვებს არ დაუშავებიათ. მხოლოდ ჩხუბი იყო, იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, ტერორისტი არც ერთი არ არის. ასჯერ ვკითხეთ და თითოეულთან მივედით რატომ დააკავეს, არც ერთს პასუხი არ გაუცია. შვიდი მანქანა იქნებოდა, სუს-ის ფორმა ეცვათ. გაუფრთხილებლად წაიყვანეს პირდაპირ თბილისში, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება და არაფერი. ამჟამად სხვა ვერსია არ მაქვს თუ რას დავაბრალო, მეჩეთში მიდიოდნენ ლოცულობდნენ და მოდიოდნენ, განა ეს მიზეზია? ჩემი შვილი ჰამზატ ბაღაკაშვილია 19 წლისაა, თუ რამე სამუშაო გამოჩნდა დღიურად მუშაობს ხოლმე", - აღნიშნა დაკავებულის დედამ ლია ციხესაშვილმა.

სოფელ დუისში დაკავებული უსუფ ცათიაშვილის მამის განცხადებით კი, სუს-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მის შვილს დაკითხვაზე წაიყვანდნენ, რის შემდეგაც გამოუშვებდნენ. მისივე ინფორმაციით, სახლის ჩხრეკისას დაკავებულის მობილური ტელეფონი და მისი შვილების კუთვნილი კომპიუტერები წაიღეს.

,,შემოვიდნენ, გამთენიისას წაიყვანეს, ვითომ დავკითხავთო და გამოვუშვებთო. ბრალდება ცნობილი არ არის. სახლი გაჩხრიკეს, ბავშვების კომპიუტერები და უსუფის ტელეფონი წაიღეს, ჩემმა შვილმა კომპიუტერის არაფერი არ იცის. ჩემი შვილი მშენებლობაზე მუშაობს, არანაირი ტერორიზმის საფუძველი არ არის, რაც გაიზარდა მას შემდეგ იარაღი არ მინახავს, მსგავსი რამ არ ყოფილა ამ სახლში", - აღნიშნა უსუფ ცათიაშვილის მამამ.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) მუხლით მიმდინარეობს.