"ხელისუფლება აგრძელებს საარჩევნო კომისიაში მისთვის სასურველი ადამიანების დანიშვნას"
"ხელისუფლება აგრძელებს საარჩევნო კომისიაში მისთვის სასურველი ადამიანების დანიშვნას", - ამის შესახებ პოლიტიკურიგაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, თამარ კორძაიამ პრესკონფერენციისას განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ხელისუფლება უკანონო და თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს. კორძაიამ აღნიშნა, რომ მმართველი ძალა პანდემიით სარგებლობს, რადგან ადამიანები პროცესებში აქტიურად მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
"მოგეხსენებათ, გუშინ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადა ამოიწურა. ხელისუფლება, სასამართლო სისტემის მსგავსად, საარჩევნო ადმინისტრაციებშიც კლანურ მმართველობას აყალიბებს. მაგალითად, გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნებაყოფლობით გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მის ადგილას აღმოჩნდა მისი ცოლი. როგორც ვხედავთ, კომისიის წევრობაც კი მემკვიდრეობით ხდება. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საბურთალოს რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შვილი, ქალბატონი ლაფაჩიშვილი დანიშნეს, რომელიც ბესიკ ლაფაჩიშვილის შვილიშვილი გახლავთ", - განაცხადა კორძაიამ.
როგორც მან აღნიშნა, მისმა პარტიამ საარჩევნო სუბიექტებში თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი დეტალურად შეისწავლა.
"კანონდარღვევის არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ. ხელმძღვანელ პირებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები თანამდებობებზე 8 შემთხვევაში დაინიშნენ. საჯარო სამსახურში მომუშავე და ხელმძღვანელ პირებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები 13 შემთხვევაში დაინიშნენ. გასულ წლებში "ქართული ოცნების" მხრიდან დანიშნული წევრები დღეს დამოუკიდებელ წარმომადგენლებად 4 შემთხვევაში დაინიშნენ. ასევე საყურადღებოა, რომ მოქმედი საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად 65 შემთხვევაში დაინიშნენ, რაც ადმინისტრაციული რესურსის ცალსახა გამოყენებაა.
ყველა შემთხვევა ჩვენს მიერ გასაჩივრებულ იქნა ცესკოში და სასამართლოში, მაგრამ ორივე უწყება იმ ხაზს აგრძელებს, რომელსაც 2020 წელს მიჰყვებოდა. ისინი ამ სარჩელებს არ იხილავენ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. სამწუხაროდ, რეალობა არის სხვაგვარი - ყველა ეს ადამიანი იმიტომ დაინიშნა, რომ ასეთი იყო "ქართული ოცნების" სურვილი", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.