"ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებს"

"თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

დეკანოიძის შეფასებით, შარლ მიშელი თავის განცხადებაში წინა განცხადებისგან განსხვავებით, ძალიან ხისტი იყო.

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ იქნება რეალურად იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია საქართველოს პროდასავლური კურსი და შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების განხორციელება, საქართველო, როგორც ქვეყანა ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას. ეს არის უმძიმესი განაჩენი ხელისუფლებისთვის. შარლ მიშელი წინა განცხადებისგან განსხვავებით იყო ძალიან ხისტი და უხეში თავის განცხადებაში, რომელიც მან "ტვიტერში" გამოაქვეყნა" , - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არის უპასუხისმგებლო ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

ცნობისთვის, შარლ მიშელის განცხადებით, მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტვიტერში" დაწერა, რითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მიშელის თქმით, მან ხაზი რეფორმების საჭიროებას გაუსვა.

"ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ", - ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია მზად არის ყველა ვარიანტისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა მათ ინტერესში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

"ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვარებულიყო უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, ახლა ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, ამაშიც, ისინი არიან ძალიან "ღია და გამჭვირვალე", რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, მართებულად მიიჩნევს, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყოს.