როგორია სისხლძარღვების ათეროსკლეროზის მკურნალობის მეთოდი? - ინტერვიუ ანგიოქირურგ გაგა კეშელავასთან
სისხლძარღვების დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა და ასაკის მატებასთან ერთად, რისკები სულ უფრო იზრდება. ათერსკლეროზი - ეს არის სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანი ებრძვის, სწორი და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით კი ის იმართება და ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელების საშუალებასაც იძლევა.
სამედიცინო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორის“ სისხლძარღვთა ქირურგი გაგა კეშელავა განმარტავს, რომ ათეროსკლეროზის დადასტურებისთანავე მნიშვნელოვანია, პაციენტმა დროულად დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და ექიმმა მუდმივად მონიტორინგი გაუწიოს მის მდგომარეობას. ექიმი კლინიკა "ჰელსიკორის“ გუნდს სულ რაღაც ერთი წლის წინ შეუერთდა და განმარტავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პაციენტი იხსნეს გართულებებისგან. რა არის სისხლძარღვების ათეროსლეროზის გამომწვევი მიზეზები, რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 მასზე და როგორია მკურნალობის მეთოდები, ამის შესახებ დეტალურად გაგა კეშელავას ვესაუბრეთ.
- როგორც წესი, რა იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას და რა არის მისი რისკ-ფაქტორი?
- ყველაზე ხშირად სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დარღვევის შედეგია. უფრო კონკრეტულად, სისხლში ხდება ქოლესტერინის კონცენტრაციის მატება, შედეგად, დროთა განმავლობაში სისხლძარღვის კედლებზე ყალიბდება ფოლაქი, რომელიც თავის მხრივ, არტერიის სანათურის შევიწროებას იწვევს.
თუ ხდება ქვემო კიდურების არტერიების შევიწროება ანუ ოკლუზია, ამ შემთხვევაში, პაციენტს პრობლემა აქვს ქვემო კიდურებზე; თუ ეს ვრცელდება თირკმლის არტერიებზე, მაშინ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს თირკმელების უკმარისობა; ხოლო თუ საძილე არტერიებზეა პრობლემა, მაშინ პაციენტს აქვს თავის ტვინის იშემიური ინსულტის რისკი და ა.შ.
არსებობს სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის რამდენიმე რისკ-ფაქტორი. მინდა აღვნიშნო, რომ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი: ასაკი, სქესი (უმეტეს შემთხვევაში ეს ვითარდება მამაკაცებში), გენეტიკური განწყობა, თამბაქოს მოხმარება და ხანგრძლივი ჰიპერტენზიული დაავადება.
სისხლძარღვების მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის დროულად აღმოსაჩენად, 50-55 წლის შემდეგ ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა იტარებდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას. დაზიანების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა მკურნალობის პროცესს უფრო მეტად ამარტივებს.
- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს? არსებობს თუ არა პირველი რთულად შესამჩნევი ნიშნები იმისა, რომ დაავადება იწყებს განვითარებას?
- სამწუხაროდ, კონკრეტულ სიმპტომებზე საუბარი ძნელია, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ათეროსკლეროზი შეიძლება ნებისმიერ არტერიულ აუზში განვითარდეს. შესაბამისად, სიმპტომატიკა არის მრავალფეროვანი. მაგალითისთვის, სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის საწყისი სიმპტომი, არის გარდამავალი კოჭლობა, როდესაც პაციენტი სწორ ზედაპირზე საშუალო ტემპით გადის გარკვეულ მანძილს მას ეწყება ტკივილი კუნთებში, რაც რამდენიმე წუთით შეჩერებას და დასვენებას აიძულებს. აქ მნიშვნელოვანია, თუ რა მანძილის გავლის შემდეგ იწყება კუნთებში ტკივილი. რაც უფრო ნაკლებია მანძილი, მით უფრო პროგრესირებადია დაავადება და ამის მიხედვით იყოფა ის სტადიებად. ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი გამოირჩევა 4 სტადიით. მაგალითისთვის, თუ პაციენტი გადის კილომეტრამდე მანძილს ან მეტს, ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ის არ არის საოპერაციო მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას დაზიანებები ქვემო კიდურების არტერიებში; თუ პაციენტს ტკივილი ეწყება 500 მეტრის ან ნაკლების გავლისას, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ოპერაციაზე ვფიქრობთ.
თუ ადამიანი შეამჩნევს, 100-დან 400 მეტრამდე მანძილის გავლის შემდეგ მას აჩერებს ტკივილი ქვემო კიდურების კუნთებში, რაც შეჩერებას და შესვენებას აიძულებს ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს სისხლძარღვთა ქირურგს და შესაბამისად, დაინიშნება გამოკვლევები.
- როგორ ხდება სისხლძარღვების დაავადებების დიაგნოსტირება კლინიკა “ჰელსიკორში“? რა მეთოდებს იყენებთ ამისათვის?
- პაციენტის გამოკითხვის შემდეგ, მომდევნო ეტაპი არის სისხლძარღვების ულტრასონოგრაფია. მისი მეშვეობით ჩვენ ვადგენთ, არის თუ არა ათეროსკლეროზული დაზიანება სისხლძარღვებში. თუ აღმოჩნდა, რომ არის შევიწროვება ან რომელიმე არტერიული სეგმენტის დაკვეტვა, რასაც ჩვენ ოკლუზიას ვეძახით, ამ შემთხვევაში უკვე ინიშნება შემდეგი ნაბიჯის გამოკვლევა - სისხლძარღვების ტომოგრაფია კონტრასტულ რეჟიმში ან ციფრული ანგიოგრაფია და უკვე საბოლოოდ დგინდება დიაგნოზი, დაზიანების ხარისხი და გავრცელების მასშტაბი. სისხლძარღვთა ქირურგი კი იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა ტაქტიკით უნდა განახორციელოს მკურნალობა.
ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია გულსისხლძარღვთა ქირურგიაზე, შესაბამისად, სრულად არის აღჭურვილი იმ დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გასაწევად არის საჭირო. საბედნიეროდ, საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგია სულ უფრო მეტად ვითარდება და ექიმების მონდომებითა და კლინიკის ხელშეწყობით იმედი მაქვს, ეს პროგრესი გაგრძელდება.
- რამდენად განკურნებადია სისხლძარღვების დაავადებები?
- სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო პრეპარატი სამწუხაროდ, დღეს მედიცინაში არ არსებობს. მეთოდები, რომელსაც ჩვენ მივმართავთ, წარმოადგენს ათეროსკლეროზის გართულებების მკურნალობას და არა თვითონ დაავადების, ამიტომ პაციენტს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ შესაძლოა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მივიღეთ კარგი შედეგი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფალია ამ დაავადებისგან. მის ორგანიზმში ათეროსკლეროზი რჩება და თუ არ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, რამდენიმე წელიწადში შეიძლება გამოუვლინდეს განმეორებითი დაზიანება იმ ადგილას სადაც ოპერაციაა გაკეთებული ან სულ სხვა არტერიულ აუზში.
ჩვენი რეკომენდაციით, არის ოპერაციის შემდგომ პერიოდში მათ უნდა მიიღონ ის პრეპარატები, რომელიც სისხლს ათხელებს, უნდა გამორცხონ თამბაქოს მოხმარება და დაარეგულირონ წონა.
სისხლძარღვების მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის დროულად აღმოსაჩენად, 50-55 წლის ასაკის შემდეგ ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა იტარებდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას. თუნდაც ლიპიდური ცვლის ანალიზი სისხლში გვაძლევს სურათს, როგორია ცხიმოვანი ნივთიერებების კონცენტრაცია და ვადგენთ რამდენად აქვს წინასწარი განწყობა ამ ადამიანს.
გქონიათ თუ არა სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განსაკუთრებით რთული ფორმის მკურნალობის გამოცდილება? გვიამბეთ, როგორ დასრულდა ის...
მინდა, გავისხენო ერთი შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებული სირთულით ხასიათდებოდა. 2021 წლის მარტში ჩავატარეთ თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმის რეკონსტრუქცია. ეს არის აორტის, გულმკერდისა და მუცლის სეგმენტის დონეზე არსებული ანევრიზმის რეკონსტრუქციული ოპერაცია, რაც გულისხმობს არამარტო აორტის შეცვლას ხელოვნური სისხლძარღვით, არამედ აორტიდან გამომავალი ვისერული ტოტების იმპლანტაციას ამ პროთეზში. ოპერაცია საკმაოდ მასშტაბურია და მის მაღალ დონეზე შესასრულებლად საჭიროა არამარტო ქირურგის, არამედ მთელი მედპერსონალის კვალიფიკაცია, რადგან პაციენტს სჭირდება კარგი პოსტოპერაციული მკურნალობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდმა უმაღლეს დონეზე შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს შემთხვევა წარმატებით დასრულდა. პაციენტი ამჟამადაც მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- COVID-19 და სისხლძარღვთა პრობლემები - კოვიდგადატანილი ადამიანები ხშირად საუბრობენ მათ კავშირზე. მართლაც, რამდენად უარყოფითად მოქმედებს ვირუსი სისხლძარღვებზე?
- სამწუხაროდ, COVID-19 იწვევს ანგიოლოგიურ პრობლემებს. ეს ვირუსი ზოგიერთ პაციენტში იწვევს კოაგულოპათიას და შესაბამისად ეს ვლინდება სისხლძარღვების თრომბოზით.
ჩვენ პაციენტებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ სისხლის გამათხელებლები მიიღონ, როგორც ინფიცირების პერიოდში და ისე შემდეგ, რომ შემცირდეს თრომბოზის რისკი.
- ამცირებს თუ არა ვაქცინაცია თრომბოზის რისკებს?
- ვაქცინაცია ამცირებს ვირუსის აგრესიულობას და შესაბამისად, პაციენტი თუ დაინფიცირდა აცრილ პაციენტს არ დასჭირდება ინტენსიურ თერაპიაში წოლა, ინტუბაცია, სუნთქვის აპარატი და შესაბამისად, შემცირებულია თრომბოზებისა და გართულებების რისკი. ზუსტად ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არის ვაქცინაცია საჭირო.
დაბოლოს, თქვენ ისაუბრეთ იმ სიახლეებზე და განვითარების პროცესებზე, რაც "ჰელსიკორში“ ხდება. უფრო მეტი გვითხარით ამის შესახებ...
უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მზადაა, მიიღოს გადაუდებელი პაციენტები და ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია, ადამიანებს დროის უმოკლეს ვადაში აღმოვუჩინოთ სამედიცინო დახმარება და გართულებების გარეშე დავუბრუნოთ ოჯახებს და ჩვეულ ცხოვრებას.
განვითარებას ვაგრძელებთ და ვცდილობთ, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მკურნალობის მეთოდები დავნერგოთ, რაც დადებითად აისახება პირველ რიგში პაციენტებზე და ასევე ჩვენზეც.