რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე - დამატებითი რეგულაციები ცნობილია - კვირის პალიტრა

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე - დამატებითი რეგულაციები ცნობილია

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

მისივე განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება სხვა სპორტულ ღონისძიებებზე. მისივე თქმით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ ისე გარე სივრცეში.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაფერი დაგეგმილი იქნება ისე, რომ მომავალმა არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.

,,მომავალში რა მსჯელობა იქნება ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ, თუმცა აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განხილულა. ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება დაგეგმილი ისე, რომ მომავალმა არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს", - აღნიშნა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

იხილეთ ვიდეო