"სახალხო დამცველი სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით, დავუშვათ 10 წელი ამ სიტუაციაში ვართ, 10 წელი “ქოცებს” ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ?" - კვირის პალიტრა

"სახალხო დამცველი სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით, დავუშვათ 10 წელი ამ სიტუაციაში ვართ, 10 წელი “ქოცებს” ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ?"

სახალხო დამცველი სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით - დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი "ქოცებს" ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ?- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის ადგილზე ჯერ გამოიკვლევდა რამდენად მოახდინა გავლენა არჩევნებმა შემთხვევების მატებაზე. რაც შეეხება საფრთხეებს, მისი თქმით, თავად "გირჩმა" კარდაკარის ნაცვლად გააკეთა "ზუმდაზუმ" კამპანია, სადაც ელექტრონულად ესაუბრებიან მოსახლეობას და მოუწოდებენ, რომ "კარდაკარზე მისულ პოლიტიკოსებს კარი არ გაუღონ, რადგან ისინი არიან მთავარ რისკჯგუფში, უბნები აქვთ მოვლილი, ამიტომ მიუხურონ კარი და გამოაგდონ". მისივე შეფასებით, არასწორია შეფასება, რომ სახალხო დამცველი სინამდვილეში ოპოზიციის სპიკერია.

"სხვადასხვა დაავადებები სულ იარსებებს, პანდემია იარსებებს, ამას არც აქამდე უნდა შეეშალა ხელი დემოკრატიული პროცესისთვის და არც მომავალში უნდა შეუშალოს. მე თუ სწორად მახსოვს სახალხო დამცველი ხელისუფლების დანიშნულია და მათ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული ამაზე. ჩემი აზრით, მათ საკმაოდ კომფორტული სახალხო დამცველი დანიშნეს თავის დროზე და ახლა ოპოზიციას გადმოუგდო ეს თავის მოედანზე, ეს არ იქნება სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვთ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერების ნაწილს, რომ სახალხო დამცველი მათ გუნდში აღმოჩნდეს. მე მირჩევნია, ის იმ გუნდში იყოს თავისი მიდგომებით, რომელმაც წარადგინა,"- განაცხადა ხვიჩიამ.