"არ გამოვრიცხავ ხელისუფლება წავიდეს არჩევნების გადადებაზე, რადგან ეპიდვითარების დამძიმება ხელისუფლებისადმი არახელსაყრელ განწყობებს შექმნის"
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, ეპიდვითარების გამო საუბრები 2 ოქტომბრის გადადების შესახებ გახშირდა. ამის შესახებ ჯერ ომბუცმენმა განაცხადა, შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ თუ ამგვარი დისკუსია დაიწყო, ისინი მზად არიან ჩაერთონ მასში.
რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ მძიმე ეპიდვითარების გამო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს?
- პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს არის ის, რომ არჩევნების გადადებას აქვს კონსტიტუციით და კანონით მკაფიოდ განსაზღვრული საფუძველი. არჩევნები არ ტარდება მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასე რომ არჩევნები გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ერთად შეთანხმდებიან რომ საქართველოში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.
თუ გავისხენებთ გასულ წელს და მაშინდელ კოვიდსტატისტიკას და მდგომარეობას, ანუ, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ბუნებრივია, ახლა მასზე გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს. თუმცა, მაშინ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა და არჩევნები ჩატარდა. რა იქნებოდა უმჯობესი, სხვა საკითხია.
საგანგებო მდგომარეობა როცა გამოცხადდა, თუ იმ მდგომარეობას შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ბუნებრივია, რომ დღეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს. თუნდაც სიკვდილიანობის და ყოველდღიური დასნეულების თვალსაზრისით. მაშინ ასეთი სტატისტიკა არ იყო, მაგრამ მაშინ საქართველოში ორი თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
კოვიდვითარებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, თავისი დასაბუთებით, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ოღონდ, ეს არ შეიძლება იყოს შეუზღუდავ ვადაში და კომპეტენციის თვალსაზრისით. ეს არის ის ჩარჩო, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ და არა სუბიექტური შეხედულებებისამებრ. იმიტომ რომ ასე ამბობს კონსტიტუცია.
- რადგან არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღონ, თქვენ აზრით ამგვარი გადაწყვეტილების ალბათობა რამდენად მაღალია?
- ჯერჯერობით, როცა ეპიდვითარება მძიმეა, მაგრამ ლუფტი ხელისუფლებას რჩება, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არჩევნების გადადებისგან თავს შეიკავებს, თუმცა, ოქტობრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, გამიხარდება თუკი ეპიდვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.
მაგრამ, თუ ეპიდვითარება გაუარესდა, არ გამოვრიცხავ ხელისუფლება წავიდეს არჩევნების გადადებაზე, მითუმეტეს, რომ ეპიდვითარების დამძიმება ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ განწყობებს შექმნის, რაც მისთვის არჩევნების ჩასატარებლად არახელსაყრელი გარემო იქნება.
ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება მისთვის ორმაგად არახელსაყრელ გარემოში არ წავიდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და არჩევნების გადადებაზე.
- არ ჩანს, რომ ხელისუფლებას დიდი ინტერესი აქვს ამ არჩევნებზე ამომრჩევლების დიდი აქტიურობა იყოს. ბევრი თვლის, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდი სწორედ იმის გამოც გამოვიდა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლების აქტიურობა მაღალი არ ყოფილიყო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მძიმე ეპიდვითარების პირობებშიც არ ჩათვალოს აუცილებლად არჩევნების გადადება...
- სწორედ ამიტომ ვთქვი, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, მაგრამ ოქტომბრამდე დიდი დროა. ვიმეორებ, გამიხარდება, თუკი ეპიდვითარება გაუმჯობესდება, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების კვალობაზე მთავრობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იქნება მაღალი.
მათ შორის იმ ტაქტიკისადმი, რასაც მმართველი პარტია მიმართავს. მხედველობაში მაქვს ის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე იყოს დაბალი აქტიურობა. ვითარების გაუარესების შემთხვევაშიც კი ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი განწყობა იქნება ხალხში. ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც დღეს აქტიური არიან, ხვალ გადაიქცევიან მის მოწინააღმდეგეებად, ან პასიურობას არჩევენ და არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ.
- თუ არჩევნების გადადების შესახებ გადაწყეტილების მიღება გახდა აუცილებელი, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში თუ რატომ მივედით ასეთ მდგომარეობამდე, რაზეც პასუხისმგებელი მთავრობაა.
ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადების შესახებ ოპოზიციასთან დისკუსიის გამართვა წარმოუდგენელიც კი ჩანს...
- დღეს ასე ჩანს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ვითარება იქნება ვთქვათ 15 სექტემბრისთვის, როცა სკოლებში სწავლა უნდა დაიწყოს, მაგრამ მგონი ისეთი ვითარებაა, მხოლოდ მთავრობის დონეზე აკლია გადაწყვეტილების მიღება სწავლის გადადების შესახებ.
თუ სწავლა მაინც დაიწყო, ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, ეპიდსიტუაცია დამძიმდება თუ არა. თუ ვითარება ისევ დამძიმდა, წარმოდგენაც კი მიჭირს თუ როგორ ფონზე უნდა ჩატარდეს არჩევნები.
დღევანდელი მოცემულობით მსჯელობა იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება სწავლის დაწყების შემდგომ, ან უფრო მოგვიანებით, განწყობები ხალხში იქნება მთავრობის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, ჩემთვის ახლა საკმაოდ რთულია.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება თუ რა ტაქტიკას აირჩევს მთავრობა არჩევნების გადადება-არგადადებასთან დაკავშირებით.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია.
თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები?
- ამას წინათ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - 2 ოქტომბრის არჩევნები ადგილობრივი არჩევნებია. თავის დროზე ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი გაცვალა ადგილობრივ არჩევნებში და ახლა ცდილობს რომ ადგილობრივი არჩევნები წარმოაჩინოს როგორც რეფერენდუმი. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. გააგრძელეთ კითხვა