“თალიბანი“ ავღანელებს ქაბულის აეროპორტში მისვლის საშუალებას აღარ აძლევს
შექმნილი ქაოტური მდგომარეობის გამო “თალიბანი“ ავღანელებს ქაბულის აეროპორტში მისვლის საშუალებას აღარ აძლევს, - ამის შესახებ "თალიბების“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აეროპორტში თავმოყრილი მოქალაქეები სახლებში უნდა დაბრუნდნენ და მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
"თალიბანის“ წარმომადგენელმა ავღანეთიდან მისი მოქალაქეების გაქცევაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
"მივმართავთ ამერიკელებს, ნუ მოუწოდებთ ავღანელებს, რომ წავიდნენ. ჩვენ გვჭირდება მათი ნიჭი", - აღნიშნა თალიბანის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ავღანეთში კვლავ მუშაობს მედია, საავადმყოფოები, სკოლები, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მთავრობა.
ამასთან, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ხაზი გაუსვა, რომ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესის დასასრულებლად დათქმული ვადის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
მისივე თქმით, 31 აგვისტომდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ქვეყანა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა დატოვონ.
"ინტერპრესნიუსი"