"ბუსტერ" დოზა ნიშნავს, რომ დამატებით სამაშველო ჟილეტებს ვაძლევთ მათ, ვისაც ისინი უკვე აქვთ, სხვა ადამიანებს კი ამ ჟილეტის გარეშე დასახრჩობად ვტოვებთ" - კვირის პალიტრა

"ბუსტერ" დოზა ნიშნავს, რომ დამატებით სამაშველო ჟილეტებს ვაძლევთ მათ, ვისაც ისინი უკვე აქვთ, სხვა ადამიანებს კი ამ ჟილეტის გარეშე დასახრჩობად ვტოვებთ"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კორონავირუსის ე.წ. "ბუსტერ" დოზებზე დროებითი მორატორიუმის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დამატებით დოზით ადამიანების აცრაზე ბევრად მნიშვნელოვანი იმ ადამიანების ვაქცინაციაა, რომლებიც ჯერ კიდევ არავაქცინირებულები არიან.

"ანალოგიებით რომ ვისაუბროთ, ეს ნიშნავს, რომ დამატებით სამაშველო ჟილეტებს ვაძლევთ მათ, ვისაც ეს ჟილეტები უკვე აქვთ. სხვა ადამიანებს კი სამაშველო ჟილეტის გარეშე დასახრჩობად ვტოვებთ. ეს არის რეალობა,"- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორმა მაიკ რაიანმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის მთავარმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმაც.

"ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანის გაკეთება. საერთაშორისო საზოგადოება კარგავს ერთად მუშაობის სოლიდარობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასასრულებლად.

ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, იძლევა თუ არა "ბუსტერ" დოზები დიდ განსხვავებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რაც შეიძლება მეტი არავაქცინირებული ადამიანის ვაქცინირება სიცოცხლეებს გადაარჩენს,"- აღნიშნა ეილვარდმა.

შეგახსენებთ, ე.წ. "ბუსტერ" დოზებით მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის ვაქცინაციის გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო, მათ შორის აშშ-მა, ისრაელმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.